cv-ს შედგენის წესები ქართველი ბიჭისგან რომელსაც 4 მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს
…ბევრი ადამიანისგან მოისმენთ, რომ აგზავნიან რეზიუმეებს/აპლიკაციებს კომპანიებში, მაგრამ არავინ უკავშირდება, ამ ფაქტს კი – უმეტესწილად ნეპოტიზმს, უსამართლობას და ა.შ. მიაწერენ.
რეალურად, მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, HR მენეჯერების გადმოსახედიდან, ბევრი, იმდენად სუსტად შედგენილი რეზიუმე შემოდის, რომ ეს ავტომატურად ანულებს მათი დაქირავების შანსებს.
პირადად მეც, ბოლო 5 წლის მანძილზე, სხვადასხვა კერძო კომპანიაში, მიწევს ჩემი დეპარტამენტისთვის კადრების შერჩევაში მონაწილეობა, ყოფილ სამსახურებში მქონია შემთხვევებიც, როცა თვეში 4 ან 5 კადრის შერჩევა გვიწევდა, შესაბამისად, ვხვდებოდი დღეში უამრავ კანდიდატს, რასზეც წინასწარ შთაბეჭდილებას, სწორედ მათი რეზიუმე მიქმნიდა.
ცვ3
პირველი რჩევა, სამუშაოს მაძიებლებს: ნუ დააბრალებთ თქვენს წარუმატებლობას სხვას, პრობლემების საკუთარ თავში ძიებას, განვითარების პერსპექტივისკენ მივყავართ და ამის ჩემი მაგალითიც შემიძლია გითხრათ: 18 წლის ასაკში დაახლ. 4 წარუმატებელ ი გასაუბრება მქონდა, მათ შორის:
ჯგუფური გასაუბრებისას, ველოდებოდი, როდის ჩაცხრებოდა ყაყანი, მოვიდოდა ჩემი საუბრის დრო, ამასობაში დასრულდა გასაუბრება და მეც კარს მიღმა აღმოვჩნდი;
დავასახელე გულახდილად, რომ რაკი პატარა ვიყავი, მინდოდა სადმე დავსაქმებულიყავი და სტაჟი მქონოდა და კომპანიას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა;
იმდენად შეშინებული და მოუმზადებელი ვიყავი (შეიძლება წინა ორმა გასაუბრებამაც დამაკომპლექსა), ხმა მიკანკალებდა, აზრებს ვერ ვალაგებდი, შედეგიც ლოგიკური იყო;
ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ბოლოს, როცა ტექნიკურ ანალიტიკოსის პოზიციაზე მისულმა, სამომავლო პროფესიად მარკეტინგი დავასახელე და „გავიფაქტე“, რომ შემოთავაზებული სამსახურით, მხოლოდ დროებით ნავსაყუდელს ვეძებდი – მომენტალურად გადამესვა ხაზი.
ამის შემდეგ, დავაკვირდი და შევაფასე, როგორი ხალხი გადადიოდა შემდგომ ეტაპზე, ჯგუფური გასაუბრებიდან, დავძებნე გასაუბრებაზე თავის წარმოჩენის წესები, ვიკითხე რჩევებიც კომპეტენტურ ადამიანებთან და ამის შედეგად, 18 წლის ასაკში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში ვმუშაობდი, 19 წლის ასაკში კი – უკვე საქართველოს ბანკმა დამასაქმა.
მოკლედ ჩამოვწერ, რეზუმეს შედგენისას გასათვალისწინებელ დეტალებს:
ნუ დაასათაურებთ შემდეგნაირად: CV, Curriculum Vitae, სივი, ა.შ. დააწერეთ უბრალოდ სახელი და გვარი: გურამ შეროზია
ნუ გადატვირთავთ არასაჭირო ინფოთი, მაგალითად: სქესი (თუ ქართულ კომპანიაში აგზავნით), მამის სახელი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, სარწმუნოება (ასეთებიც მინახავს), ა.შ.
ნუ ჩამოთვლით ოჯახის წევრებს, თუ ეს დამატებით დაგვაინტერესებს, აუცილებლად მიგითითებთ ვაკანსიის აღწერაში
გასაგებია, რომ მეილების დიდი ნაწილი, თინეიჯერობის ასაკშია გახსნილი, თუმცა მსგავსი სახელით: [email protected]; [email protected]; [email protected] და ა.შ. მეილების მითითებისგან, თავი შეიკავეთ და გახსენით სახელით და გგვარით, ან სახელის პირველი ასოთი და გვარით, ა.შ. სერიოზული მისამართებით;
ფოტო!!! მესმის, რომ ყველას გვაქვს სურვილი, საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ ფოტოზე და შეიძლება ყველაზე მეტად ჩვენი თავი ზღვაზე, რაღაც გლამურული ივენთის ბანერთან აწეული ფეხით, კიკინებით, პროფილში, ა.შ. მოგვწონდეს, ან ვქროფავდეთ ფოტოს და უკან ჩანდეს ადამიანები, ყანწით ხელში, ან ჩვენივე მხარზე იდოს ვინმეს ჩამოჭრილი ხელი… ფოტოს მიუდექით სერიოზულად, ასევე ეცადეთ მიიღოთ სახის პოზიტიური გამომეტყველება;
დაიცავით თანმიმდევრობა: პირველ რიგში დამსაქმებელს აინტერესებს ბოლო სამსახურის შესახებ ინფორმაცია, შედარებით 5 წლის წინანდელთან, შესაბამისად, ვიწყებთ ბოლო სამსახურით და მივყვებით ახლიდან ძველისკენ
სასურველია მივუთითოთ სამ ან ოთხ „ბულეთ ფოინთად“ მოკლე აღწერილობა სამუშაოს, რაკი, მაგ: გაყიდვების მენეჯერი, შეიძლება იყოს, როგორც მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანი, ასევე გაყიდვების აგენტი, ამით გავუმარტივებთ დამსაქმებელს, ჩვენზე სწორი წარმოდგენის შექმნას;
სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ისაუბრეთ განათლებაზე, სკოლა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ დაიწყოთ უნივერსიტეტიდან;
ტრენინგები/კურსები/კონფერენციები – შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყოს თქვენს მომავალ სამუშაო პოზიციასთან, თუმცა ფაქტი, რომ აქტიურად ზრუნავთ განათლების დონის ამაღლებაზე, თუ პროფესიულ განვითარებაზე, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ;
ამოიღეთ კომპიუტერული ცოდნიდან: Internet explorer – ამის ცოდნით არავის აოცებთ, პირიქით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმდენად მწყრალად ხართ საოფისე პროგრამებთან, რომ ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გგონიათ;
არსად გამოიყენოთ ზმნები! არასწორია: ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წლიდან 2014 წლამდე, ბიზნესის ფაკულტეტზე. სწორია: 2012-2014 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი.
გამოიყენეთ ერთი შრიფტი, ზომა, დაშორება, ა.შ. მნიშვნელოვანი ადგილები გამოყავით, მაგ: ბოლდით
არსად ახსენოთ „წითელი დიპლომი“, ხუთოსნობა, ა.შ.
სასურველია გქონდეთ Gmail, ხოლო რეზიუმე შეინახეთ PDF ფორმატში, პირველი ამარტივებს კომუნიკაციას და ru, porta.ge და ა.შ. მეილებისგან განსხვავებით, უფრო სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ფორმატი – წარმოაჩენს ფორმას უფრო დალაგებულად და ორგანიზებულად.
დაასათაურეთ ფაილი, შესაბამისი სახელწოდებით, ანუ ნუ დაარქმევთ CV1111, დაარქვით მაგ: Guram_Sherozia_CV, etc.
წერილის body-ში ჩაწერეთ შესაბამისი ტექსტი, მიესალმეთ პოტენციურ დამსაქმებელს, უთხარით, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პოზიციით და უგზავნით რეზიუმეს და მდუმარე ეთეჩმენთით ნუ მიუგდებთ თქვენს CV-ს/აპლიკაციას.
ნუ გადატვირთავთ არასაჭირო მასალით, მაგ: თუ აგზავნით ბუღალტრის პოზიციაზე, არ არის საჭირო მიუთითოთ, რომ პარალელურად ფოტოგრაფადაც მუშაობდით, ასევე პრომო გოგონას პოზიციაზეც და ა.შ. თუ ბევრ კომპანიაში გიმუშავიათ. თუ თქვენი სამუშაო გამოცდილება ბევრ კომპანიას არ მოიცავს, მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ არათემატური სამსახურებიც.
იმედი მაქვს, გამოგადგებათ, გასაუბრებაზე თავის წარმოჩენის გზებზე – მოგაწვდით დამატებით, ცალკე ბლოგ პოსტს, შესაბამისად, ვისაც გაინტერესებთ, იყავით ყურადღებით.
სწორი და არასწორი ფოტოების ნიმუში, იხილეთ პოსტში.
გისურვებთ წარმატებას!
კომენტარი