სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის ტაქტიკით იმედგაცრუებულია

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკით იმედგაცრუებულია და თვლის, რომ ხელისუფლების რეალურად დასამარცხებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი უნდა შექმნილიყო.

"ხელისუფლების რეალურად დასამარცხებლად ერთიანი ოპოზიციური ფრონტი უნდა შექმნილიყო, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექვს თვეში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებდა, ხოლო ამ ექვს თვეში რეალურად თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას უზრუნვეყოფდა. ეს არის რეალური გამარჯვების საუკეთესო ფორმულა!” - განაცხადა ბურჯანაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, მას "ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის ტაქტიკა განსხვავებული იქნებოდა".

"მეგონა, რომ იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ხელისუფლების სატელიტი პარტიებისა, ერთად შეკრებდა. ვიმეორებ: ეს უნდა ყოფილიყო სრულიად ოპოზიციური ერთიანი ფრონტი, გაერთიანებული ერთადერთი ნიშნით, სადაც იქნებოდა ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა იმ პარტიებისა, რომლებიც ღიად თანამშრომლობენ სააკაშვილის რეჟიმთან და შეკრულები არიან ხელისუფლებასთან!

აქ არც ვინმეს პრორუსობაზე ან პროამერიკელობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ იარლიყების მიწებებასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. დიახ, მთავარი კრიტერიუმი არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ მუშტად ბრძოლა უნდა ყოფილიყო! ეს ნამდვილად იქნებოდა უზარმაზარი სინერგიის მატარებელი ერთობა, რომელიც საქართველოში თავისუფალი არჩევნების მოპოვებისთვის მშვიდობიან ბრძოლას გაშლიდა როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და წავიდოდა ამ ხელისუფლების დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზეც კი, ამ შემთხვევაში კი უკვე გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ ამ ერთიან ფრონტს უნდა აეღო ვალდებულება და ექვსი თვის ვადაში დაენიშნა რეალურად თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი გარემოს მქონე ვადამდელი არჩევნები, რათა ამ ხელოვნური ერთობის ნაცვლად, ექვსი თვის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგად ადამიანებმა არჩევანი უკვე იდეოლოგიურ საფუძვლებზე გააკეთონ.

ამ ექვს თვეში თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი იმ ხუთი უმთავრესი პუნქტის რეალიზება, რომელზეც "სახალხო კრება" ჯერ კიდევ 2010 წლის 29 სექტემბერს საუბრობდა და რაც აუცილებელია ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად: 1. თავისუფალი მედია; 2. თავისუფალი ბიზნესი; 3. თავისუფალი სასამართლო; 4. არაპოლიტიკური პოლიცია; 5. თავისუფალი და დამოუკიდებელი ცენტრალური საარჩევნო კომისია. სწორედ ამის შემდეგ უნდა დანიშნულიყო არჩევნები და ამის მერე უნდა დაეყოთ ოპოზიცია პრორუსულებად, პროამერიკელებად, პროავსტრალიელებად, არაქართულებად და ასე შემდეგ..."- აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100