სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება“ ფოთში: „ვინ მისცემს ალასანიას ხმას? რუსეთში წავიდეს ეგ!..“ (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ მიერ სამეგრელოს რეგიონში „მძიმე არტილერიის“ მისიით გადასროლილ ირაკლი ალასანიას, როგორც ჩანს, მისი გაუაზრებელი განცხადება არაერთხელ დახვდება წინ. ჯერ იყო და ზუგდიდში ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, როცა იქ ჩასულსა და სიტყვით გამოსვლისთვის მზადმყოფს, დარბაზში მხოლოდ 50 კაცი დახვდა, ხოლო ამის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი შეხვედრაზე საერთოდ არ მისულა.

9 მაისს კი ალასანიას მორიგი იმედგაცრუება ფოთში ელოდა.

მართალია, შეხვედრა დევნილებთან არ ჩაშლილა და მათი ნაწილი ალასანიას აპლოდისმენტებითაც დახვდა, მაგრამ უმრავლესობამ მის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების გამოხატვა არ დაიზარა. ალასანიასადმი კეთილგანწყობილ დევნილებს, რომლებიც „მეოცნებეს“ ხელის ფშვნეტით (აქაოდა, რამეს გამოვრჩებითო) ელოდნენ, ალასანიას მოწინააღმდეგე დევნილები უტევდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაბადაში დევნილები ფოთის სხვა უბნებიდან არ მისულან - შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს მხოლოდ ადგილზე ჩასახლებული დევნილები დაუპირისპირდნენ:

„შენი ამბავი მე არ ვიცი? ჯერ იყო და, მიშა რომ ჩამოდიოდა, მაგას ელაქუცებოდი, მერე ნოღაიდელის პარტიაში ამოყავი თავი, ახლა ალასანიას ელოდები, ხომ?“ - უტევდა ერთი აქტიური ქალბატონი ეზოში მდგარ მამაკაცს, რომელსაც, სხვათა შორის, თავი ჰქონდა ჩაქინდრული და მას ვერ თუ არ პასუხობდა.

„ეს ის ალასანია არაა, მამის სახელს რომ არცხვენს და აფხაზეთში მის განცხადებებს პიარისთვის იყენებენ?“, - ამუნათებდა ალასანიას მომლოდინეებს სხვა ქალბატონი, ხოლო ერთი დევნილი უფრო შორს წავიდა:

„ალასანია რისი გამკეთებელია? რაიმეს გაკეთება როცა შეეძლო ქვეყნისთვის, მაშინ გამოიქცა გაეროდან და ახლა ისეთ განცხადებებს აკეთებს, საქართველოს მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. არ დაეკარგოს არსად ივანიშვილი და ჩვენ თავი გაგვანებოს“.

„ახლა რომ გავახსენდით, წინასაარჩევნოდ, მანამდე სად იყვნენ? საერთოდ არაა ნამყოფი სამეგრელოში და ახლა იძახის, ჩემი კუთხეაო. ჩუმად თუ ჩამოდიოდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აქამდე არ შეგვხვედრია, არც უკითხავს, რა გვიჭირს, რა გვილხინს. ალასანიას ვინ მისცემს ხმას? მოსკოვში წავიდეს, ბორიასთან ერთად“, - ცხარობდა ხანშიშესული ქალბატონი.

ვიდეოში კი, რომელიც "თავისუფალმა სიტყვამ" გამოაქვეყნა ინტერნეტში და ამ მასალას თან ვურთავთ, 2:42-ზე საშუალო ასაკის ქალი ამბობს:

"რუსეთში წავიდეს ეგ, რუსები მისცემენ ხმას. ჩვენ არა ვართ რუსები!", ხოლო მანამდე მამაკაცი ირაკლი ალასანიას პირისპირ ეუბნება: "მე სამშობლოს ფულზე არ ვყიდი, ძმაო!"

მათი პროტესტის მიუხედავად, ალასანია მის მიმართ ლოიალურად განწყობილ დევნილებს მაინც შეხვდა, ხოლო დევნილთა ნაწილმა, მათივე თანამოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მას ტაშიც დაუკრა.

პროტესტის გამოთქმა დევნილებს შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც არ შეუწყვეტიათ:

„შენ აქ რა გინდა? შენი ლიდერი როა, ზამთარში ერთი „კარმას“ საყიდი ფული გადმოურიცხა დევნილებს ან შეშა გამოაგზავნა? ახლა გაგახსენდა, ხომ, წარმოშობით სამეგრელოდან რომ ხარ?“, - ალასანიას გასაგონად ყვიროდა ერთი მამაკაცი.

თავად ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რაც ფოთში მოხდა, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. „სულაც არ მაქვს ილუზია, რომ 100% ჩვენ გვიჭერს მხარს“, - თქვა მან. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა ალასანიასადმი კრიტიკულად განწყობილ დევნილებს „ხელისუფლების მიერ მოსყიდულები“ უწოდეს. „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და რომ დევნილები ალასანიას ერთსულოვანი მხარდაჭერით დახვდნენ. ალასანიას პრესმდივანმა ვაკო ავალიანმა „ალიას“ ისიც კი უთხრა, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და შეხვედრას მობილურ ტელეფონებზე კუდ-ის თანამშრომლები იღებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100