რუსეთის მიერ დაწუნებულმა ქართულმა ღვინოებმა ჰონკონგში გრან-პრი აიღო
2005 და 2006 წელს გამოცემულმა ქართულმა „ქინძმარაულმა“ და „შატო მუხრანის“ მიერ გამოცემულმა „ჭაჭამ“ ჰონკონგის საერთაშორისო კონკურსზე „გრან-პრი“ აიღეს. ცამეტი დასახელების ქართულმა ღვინომ ბრინჯაოს მედალი აიღო, რამდენიმე ქართული ღვინო კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
„გრან-პრის“ მფლობელი ქართული ღვინო 2006 წელს, ანუ, რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების წელსაა გამოშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსების მიერ „დაწუნებული“ ქართული ღვინოები საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილს სააკაშვილმა, რომელმაც სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრისგან, ზაზა გოროზიასგან ანგარიში სოფელ ქინძმარაულში ჩაიბარა.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში მივიღებთ ჰონკონგში უფასო რეკლამას, ეს ბაზარი კი მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამავე დროს, ზაზა გოროზიამ აღნიშნა, რომ ნოემბრის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოდან საერთაშორისo ბაზარზე უკვე გატანილია 15 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც უკვე აჭარბებს შარშანდელ მონაცემებს.
ყველაზე უხეში გაანგარიშებით, საერთაშორისო ბაზარზე ღვინის გატანით საქართველომ 60 მილიონი დოლარი მიიღო. „ეს მონაცემები უნდა გაიზარდოს. მომავალ წელს 75 მილიონამდე, ორი წლის შემდეგ კი 100 მილიონამდე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ცნობილი ხდება, რომ უმაღლესი ჯილდოები 16-მა ქართულმა კომპანიამ დაიმსახურა, მათ შორის, ოქროს მედლები მოიპოვა „შატო მუხრანის“ მიერ წარმოებულმა „ჭაჭამ“ და „ქინძმარაულის მარანის“ „საფერავმა“; ვერცხლის მედალი მიიღო კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ „ცოლიკაურმა“; ხოლო დანარჩენი 13 სახეობა, რომელთაგან ორი ცქრიალა ღვინო, სამი ბრენდი და რვა ღვინოა, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კონკურსზე საქართველოს 11 კომპანიის 37 სახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი. კონკურსი დღეს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კომენტარი