ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის?!
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თემა კიდევ უფრო მეტ ფასს იძენს. რუსეთში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების თაობაზე, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ `ყვავილებია~ და რამდენად შორს წავა პუტინი, ამას განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. ამ ფონზე ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ენეგოუსაფრთხოება ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, მით უფრო მაშინ, თუ ქვეყანაში არსებული, აუთვისებელი ბუნებრივი რესურსები ამის შესაძლებობას იძლევა და თუ რუსეთი შენი არაკეთილმოსურნე მეზობელია.
ხუდონჰესის პროექტი, რომელიც ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით საქართველოს ენერგდამოუკიდებლობის გარანტი უნდა გახდეს, მოქმედი მთავრობის პირველი სერიოზული გამოწვევაა. ბუნებრივია, რომ პროექტს, რომელსაც საინვესტიციო, ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრასაც საჭიროებს. მათ შორის არის, როგორც გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების, ქონებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. სწორედ ამ დროს მოეთხოვება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ჰქონდეს ერთიანი ხედვა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების შეთანხმებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. სამწუხაროდ, დღეს ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ მთავრობის ცალკეული წევრების პოზიცია ვიცით, დანარჩენებს კი როგორც ჩანს არამომგებიან თემებზე საუბარი არ სურთ.
თუ ვამბობთ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ მიმავალი გზა, ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის, `პირში წყლის დაგუბების~ პოლიტიკა დანაშაულის ტოლფასია. და ეს მაშინ, როცა ხუდონჰესთან დაკავშირებით გაკეთებულმა არაერთგვაროვანმა განცხადებებმა საზოგადოება დააბნია და ორად გაყო _ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. უნდა აშენდეს თუ არა ხუდონჰესი? _ ამ თემაზე გამოკვეთილი პოზიცია მოქმედი მთავრობის მხოლოდ ნაწილს აქვს, სხვები კი რატომღაც დამკვირვებლის პოზაში ყოფნას ამჯობინებენ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს მმართველი გუნდის არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ, ეს კი საბოლოოდ მათ მიერ გაკეთებული საქმეების სიმცირეზე აისახება, რაც პოლიტიკურ ოპონენტებს აძლევს ხელს, კიდევ ერთხელ გააკრიტიკოს მთავრობა უმოქმედობის გამო.
საგონებელში ჩავარდნილ საზოგადოებას კი ყოველთვის აინტერესებს რას ფიქრობენ ამა თუ იმ თემაზე ისინი, ვისაც ქვეყნის ბედი და გადაწყვეტილებების მიღება ანდეს.
ბოლო დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხუდონჰესთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: `მე ვიყავი ჩასული მესტიაში და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ის როლი, რომ არცერთი მხარე არ დარჩეს დაზარალებული, მათ შორის არც ინვესტორი, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძვირფასი. ასევე, ძალიან ძვირფასია ჩვენი ბუნება და ჩვენი მოქალაქეები. უნდა გამოვნახოთ ისეთი მექანიზმები, რომ არცერთ მხარეს არ დარჩეს არცერთი შეკითხვა.
ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კითხვები, რომელზეც ძალიან სერიოზულად მუშაობს ინვესტორი კომპანია, რომ ეს კითხვები მოიხსნას, გაკეთდეს განმარტებები და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი. ჩვენი მიზანია, რომ არცერთ მოქალაქეს, რომელიც სვანეთშია, არ დარჩეს არცერთი კითხვა და ჩვენ ამას მოვახერხებთ. დარწმუნებული ვარ, ინვესტორი კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი და განუმარტოს მოსახლეობას, თუ რას ითვალისწინებს ხუდონჰესის პროექტის მშენებლობა...
თავის მხრივ, მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ და მისი პერსპექტივების თაობაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ პროექტმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს.
ჩემი ინფორმაციით, ეს პროექტი ნამდვილად განსაზღვრავს მნიშვნელოვნად ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს პროექტი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისე, მოსახლეობას დარჩეს განცდა, რომ იქ რაღაც დაზიანდა...
ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომაა ის ასეთი მნიშვნელოვანი~...
ადგილობრივებთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრიც, რისთვისაც მან ხაიშელებს 10-15 კაციანი ჯგუფის შექმნა შესთავაზა. პრემიერის მსგავსად, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გარანტიას იძლევა, რომ ხაიშის მოსახლეობასთან დიალოგი გაგრძელდება და ხუდონჰესის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება. `ამის გარანტი ვიქნები პირადად მე, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ვართ მზად დიალოგისთვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთი პროექტი, როგორიც ხუდონჰესია, აუცილებლად განხორციელდება. დავარწმუნებთ ხაიშელებს, რომ ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და განხორციელების შემთხვევაში ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონი ლარი შევა.
დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა, საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა. დამეთანხმებით, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არის თითქმის ტოლფასი ქვეყნის დამოუკიდებლობის და ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია~. - ამბობს კახა კალაძე.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ენერგოდამოუკიდებლობის გარეშე ადგილობრივი წარმოების განვითარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: `ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოო პოტენციალის განვითარებისთვის. ადგილობრივი წარმოების განვითარება შეუძლებელია ენერგეტიკული კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის გარეშე. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დარჩება მომავალშიც.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდი ჰესები აუცილებელი იქნება საქართველოსთვის. სხვანაირად ძალიან რთული იქნება ინდუსტრიული პოტენციალის განვითარება საქართველოში და წარმოუდგენელიც იქნება. დღეს გვაქვს მოთხოვნა რამდენიმე მსხვილ პროექტზე, სადაც არასაკმარისი ენერგიის გამო ჩვენ ვერ მივდივართ ამ ინვესტიციებზე. თუმცა, სოციალური პრობლემები და ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალისმიერი გზით არ უნდა ვიაროთ. უნდა შედგეს დიალოგი და ამ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს თითოეული ის პრობლემა, რომელიც დიდ პროექტებს ახლავს.
მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების გარეშე შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის განვითარება და ის, რომ საქართველოში მოხდება ენერგიის გენერაცია, უკვე ნიშნავს რომ ეს ენერგია პირველ რიგში განკუთვნილი იქნება ადგილობრივი ბაზრისთვის და შემდეგ უკვე, იმ შემთხვევაში, თუ იქნება სიჭარბე, გავა ექსპორტზეც. რა თქმა უნდა, მთლიანობაში მომგებიანი იქნება. არის იქ გარკვეული მომენტები, რომელზეც ვაპირებთ რომ კიდევ ვიმსჯელოთ ინვესტორ კომპანიასთან, ანუ ხელშეკრულებაში არის დასახვეწი დეტალები, თუმცა მთლიანობაში პროექტი, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის საჭიროა~.
სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი წყდება, სულ ცოტა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ყოველი წევრის, ან პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრების პოზიცია მაინც უნდა იყოს საჯაროდ ცნობილი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხუდონჰესის თემა, ცდება მხოლოდ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებს, ამიტომ ხელისუფალთა მოსეირის პოზაში ყოფნა, სულ ცოტა არასახელმწიფოებრივია.
კომენტარი