სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ საბურთალოს ამომრჩეველს საცობებისგან განტვირთვას და მეტ მწვანე სივრცეს პირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვეძისის, ზაქარიაძის ქუჩის და ვაშლიჯვრის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სამი მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას.

თბილისის მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციასა და რადიოქალაქის გაშენებაზე.

კახა კალაძის განცხადებით, ეს იქნება საუკეთესო სივრცეები როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის.

მისივე თქმით, ქალაქის ერთიანი ურბანული განვითარების გეგმა ითვალისწინებს საცობების პრობლემის გადაჭრასაც.

„არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ნაკადებს, შესაბამისად, დაიდება კონკრეტული გეგმა, თუ რომელი არის ცხელი წერტილი და რა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მის აღსაკვეთად და რა პროექტები უნდა განხორციელდეს “, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გაფართოვდება გზები, აშენდება ხიდები და ესტაკადები, თუმცა პრობლემა კომპლექსურია და მთლიანად ვერ გადაიჭრება.

თბილისის მერობის კანდიდატმა, ასევე, ხაზი გაუსვა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს და განაცხადა, რომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები განახლდება და განვითარდება.

„რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, თუმცა ჩვენი პრიორიტეტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა ადამიანები დასაქმდნენ, თვითრეალიზება შეძლონ და ქალაქში სოციალურად დაუცველების რიცხვი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ შემცირდეს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ესწრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100