ჰელმუტ კოლი “მემკვიდრეებს” აკრიტიკებს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა, გერმანიის იმ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა, ვინც ქვეყნის სათავეში მის შემდეგ შემდეგ მოვიდნენ. მისი აზრით გერმანიამ დაკარგა პოლიტიკური ძლიერება და გავლენა, ხოლო ეს ვლინდება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში.
“ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა სულ არ დავკარგოთ ის ავტორიტეტი, რაც გერმანიამ ომის შემდგომ მოიპოვა, როგორც ევროპის დემოკრატიის ცენტრმა. მიმაჩნია, რომ გერმანიამ და ევროპამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ძველებურად პასუხიმგებლობა უნდა აიღოს”, - თქვა ჰელმუტ კოლმა.
ჰელმუდ კოლმა, რომელიც გერმანიას 1982-1998 წლებში მართავდა, გააკრიტიკა მისი შემდგომი, “წითელ-მწვანე” შროდერის ხელისუფლება, რადგან მან უარი თქვა ერაყში ომზე, და აგრეთვე გააკრიტიკა გერმანიის უახლესი მოქმედება ლიბიის ომის გამო, როდესაც “გაეროში კენჭისყრაზე გერმანიამ ლაჩრულად შეიკავა თავი, შემდეგ კი ნატოს სამხედრო მოქმედებას მხარი დაუჭირა...” - ინტერვიუ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გამოცემა "Internationale Politik"-ს მისცა.
კოლმა განაცხადა, რომ გერმანია მსოფლიოში ძველებურად უნდა გამოირჩეოდეს: “ჩვენ ისევ ძველებურად უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა გვინდა, რომელი მიმართულებით მივდივართ და არ უნდა ვიყოთ ისე, როგორც ეხლა ვართ”. ჰელმუტ კოლმა განაცხადა, რომ გერმანია დღევანდელი მსოფლიოსთვის გამოუცნობ, დაბნეულ და, ამავდროულად, „ფაფუკ“ პოლიტიკას ატარებს...
ჰელმუტ კოლი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ გერმანია ამერიკას ძალიან დაშორდა და მას აშფოთებს ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ობამა ევროპაში იმყოფებოდა, იყო საფრანგეთსა და პოლონეთში, ხოლო გერმანია გამოტოვა...
“ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპას მოინახულებდა და გერმანიაში არ შემოივლიდა მაინც...” - თქვა კოლმა და ამ იგნორირების მიზეზად გერმანიის ამჟამინდელი ხელისუფლების გაუბედავი პოლიტიკური ნაბიჯები დაასახელა.
ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ევროკავშირზე, საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
კომენტარი