სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სათავეში - ბრიტანელი პრინცი?..

ახლოვდება ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის თარიღი და რუსი პოლიტიკოსები თუ ოლიგარქები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა თეორიულად და წარმოსახვებით მაინც აირიდონ ეს ავისმომასწავებელი მოვლენა. ერთი ასეთი საშუალებათაგანია მოწოდება რუსეთში მონარქიის აღდგენისაკენ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ იდეის ერთ–ერთი გამხმოვანებელი აღმოჩნდა ბორის აბრამის–ძე ბერეზოვსკი, რომელიც ამტკიცებს, რომ პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა არალეგიტიმურია და სთავაზობს რუსეთს არსებული სახელმწიფო მოწყობის საკონსტიტუციო მონარქიით შეცვლას. რუსეთის ტახტზე შესაძლო კანდიდატად იგი ასახელებს ბრიტანელ პრინც ჰარის – უელსის პრინც ჩარლზის უმცროს შვილს.

ამავე დროს ბერეზოვსკი აარსებს ახალ პარტიას – მოძრაობა „აღდგომას“, რის თაობაზეც ჯერ კიდევ მარტში იტყობინებოდა და რომელსაც ვრცლად უნდა რქმეოდა: „რუსეთის ქრისტიანულ–დემოკრატიული რევოლუციური პარტია – აღდგომის პარტია“. მოძრაობის პროგრამული მანიფესტი წარმოადგენს ქრისტიანული რიტორიკის შერწყმას პოლიტიკური ლიბერალიზმის იდეებთან და მისი მიზანია რუსეთის აღდგინება!

ამ მიზნით სააღდგომოდ ბერეზოვსკი რუსებს სთავაზობს 10 იდეას რუსეთის სასიკეთოდ შესაცვლელად – რომელთა შორისაც, კონსტიტუციური მონარქიის მოდელს გარდა, მოიაზრებს რუსეთის გარდაქმნას კონფედერაციად („რუსეთის ყველა სუბიექტი იძენს სახელნწიფოებრივ სტატუსს“), ეკლესიის ლიბერალიზაციას („რელიგიურ კონფესიებთან კონფედერაციის სუბიექტები ურთიერთიობებს აგვარებენ დამოუკიდებლად“) , ინგლისურ სასამართლო სისტემას, ეროვნული საკითხის გადაჭრას რუსული ენის მეოხებით („ვინც იცის რუსული ენა და კულტურა, ხდება რუსეთის მოქალაქე, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მდებარეობის მიუხედავად“) და ა.შ.

და, რაც მთავარია, ბერეზოვსკის, ტექნიკურად რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა, მესამე პრეზიდენტად დადგინებული არალეგიტიმური პრეზიდენტის პირობებში, წარმოუდგენია მხოლოდ ძალადობრივი ცზით!

ძალადობრივი გზისა რა მოგახსენოთ და მონარქიულ მოდელთან დაკავშირებით, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბერეზოვსკის ბევრი მომხრეები ჰყავს რუსეთში – მემარჯვენე პოლიტიკურ ძალთა შორის მრავლად არიან მონარქიაზე ორიენტირებული პარტიები. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ, როდესაც ბერეზოვსკი ბრიტანეთიდან კონსტიტუციურ მონარქიაზე და პრინც ჰარიზე ლაპარაკობს, იმავე დღეებში, შაბათს, 7 აპრილს, მოსკოვში არსდება მონარქისტული პარტია.

ამ დღეს მოსკოვში ჩატარდა „რუსეთის მონარქისტული პარტიის“ დამფუძნებელი ყრილობა. მას სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო „დუმის“ ყოფილი დეპუტატი ანტონ ბაკოვი. პრეს–სამსახურის ცნობით, პარტიაში თავიდანვე უკვე აღრიცხულია დახლოებით ათასი კაცი.

„პარტიას განზრახული აქვს რუსეთში მონარქიზმის აღორძინება. ტახტზე ვგულისხმობთ რომანოვების მემკვიდრეთა დაბრუნებას. მთლიანობაში, რუსეთში დღესაც მონარქიაა, ეგ არის მხოლოდ – ეს მონარქია ლეგიტიმური არ გახლავთ“ – აღნიშნავენ პრეს–ცენტრის წარმომადგენლები.

ამროგად – ბერეზოვსკის მოძრაობა და ბაკოვის პარტია ერთნაირად თვლიან, რომ პუტინს დამყარებული აქვს არალეგიტიმური მონარქია და მისი შეცვლა სურთ ნამდვილი მონარქიით; ოღონდ აქ უკვე არ არის გამორიცხული, წარმოიშვას დაპირისპირება – ბაკოვის ჯგუფს რომანოვი უნდა მეფედ, ხოლო ბერეზოვსკი რუსებს ბრიტანელ პრინცს სთავაზობს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100