სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისიმ ოქტომბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

სექტემბრის მიმოხილვის შემდეგ, ზედმეტად გაუფასურებული ლარი და მზარდი ინფლაცია ძირითად მაკროეკონომიკურ გამოწვევად დარჩა. სექტემბრის ინფლაციამ 6.4%-ს მიაღწია და ამასთან, ფასების ზრდა საკმაოდ ბევრ პროდუქტზე დაფიქსირდა. თიბისი კვლევების შეფასებით, ლარის ეფექტური კურსის სადღეისოდ არსებულ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსათვის ინფლაცია დაახლოებით 8%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 7%-სა. ფასების საერთო დონის ზრდაზე ლარის კურსის გაუფასურებიდან ჯერ კიდევ დარჩენილი გადაცემა და ოქტომბერსა და დეკემბერში დაბალი საბაზო ეფექტი იმოქმედებს.

მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამავდროულად, უცხოური ვალუტით დაკრედიტების პირობები შეარბილა. თიბისი კვლევების შეფასებით, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, ლარში გამკაცრება კვლავ მოსალოდნელია. ამასთან, არაა გამორიცხული ვალუტაში დაკრედიტების შემდგომი წახალისება. სასურველი გამყარება 5%-ის ფარგლებში შეიძლება იყოს, რაც ლარის ეფექტური კურსის სადღეისოდ არსებული დონიდან გამომდინარე, აშშ დოლარი ლარის გაცვლითი კურსს დაახლოებით 2.8-2.85 დონეზე დაიყვანს. ასეთი გამყარების შემთხვევაშიც, წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფლაცია მაინც მაღალი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რათა 2020 წლის ბოლოსაკენ ფასების საერთო დონის ზრდა სებ-ის სამიზნეს დაუახლოვდეს.

საგარეო სექტორს რაც შეეხება, ის ცალსახად დაბალანსებულია. საკუთრივ, მართალია ტურიზმიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან შემოსულობები შემცირდა, თუმცა ასევე შემცირდა მე-2 კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ივლის-აგვისტოს სავაჭრო ბალანსის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების სალდო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუჯობესების ტენდენციასაც კი აჩვენებს. ამასთან, გლობალური ზრდის პროგნოზის გაუარესებასთან ერთად, საქართველოსთვის პოზიტიური ტენდენციებიც აღინიშნება. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ არაერთი ნეგატიური განვითარების ფონზე, ბოლო პერიოდში თურქეთში ეკონომიკური სტაბილიზაციის ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ასევე, ამერიკის 10 წლიანი სახელწიფო ფასიანი ქაღალდების სარგებელი კვლავ შედარებით დაბალ ნიშნულზეა, რაც პოზიტიურად მოქმედებს საქართველოს მსგავსი ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ეს ასევე ვლინდება ლარში დენომინირებული საქართველოს მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდის დინამიკით.

საკრედიტო აქტივობის მხრივ, აგვისტოს თვეში ჯამურად დაახლოებით წინა თვის მსგავსი ტენდენცია ფიქსირდებოდა. ამასთან, ლარში დაკრედიტების გამკაცრებამდეც, მნიშვნელოვანი შენელება დაფიქსირდა იპოთეკურ დაკრედიტებაში. ბიზნეს დაკრედიტება კვლავ ძლიერია და თიბისი კვლევების შეფასებით, თუ რისკის დონე დაახლოებით იგივე დარჩა, სამომავლოდ ბიზნეს დაკრედიტების ზრდის ტემპიც უნდა შენელდეს.

ფისკალური სექტორი კვლავ აქტიურია. ასევე, გამოქვეყნდა 2020 წლის ბიუჯეტის წინასწარი ვერსია, რომელიც უფრო სოციალურად ორიენტირებულია, თუმცა მაკრო დონეზე მაინც მდგრადია.

აგვისტოს ეკონომიკური ზრდა 5.8%-ით განისაზღვრა, თუმცა დაბალმა საბაზო ეფექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მთლიანობაში, აშკარაა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, რაც წლიურ გამოხატულებაში უფრო თვალსაჩინო მეოთხე კვარტალში იქნება. თიბისი კვლევების შეფასებით, იმ დაშვებით რომ საგარეო, ფისკალური და დაკრედიტების მიმართულებით დაახლოებით იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რაც ამჟამად ფიქსირდება და ლარი აშშ დოლარის მიმართ 5%-ით გამყარდება, 2019 წლის მე-4 კვარტალში წლიური ზრდა 3%-ის ფარგლებში იქნება. მთლიანად 2019 წელს 4.4%-იანი და 2020 წელს 4.2%-იანი ზრდაა ნავარაუდები, 2020 წლის მეორე ნახევარში წლიური ზრდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. საბაზო სცენართან შედარებით, ეკონომიკის ზრდის დაჩქარების ფაქტორებია - რუსეთიდან ფრენების აღდგენა, გლობალური და რეგიონული ეკონომიკის გაუმჯობესება, ანაკლიის ღრმა წლოვანი პორტისა და მსხვილი ჰესების მშენებლობის უფრო აქტიურ ფაზაში შესვლა, დაკრედიტების ზრდა, განსაკუთრებით საცალო ნაწილში, აშშ დოლარის მიმართ ევროს გამყარება და ლარის აშშ დოლარის მიმართ 5%-ზე უფრო მეტად გამყარება. თავისთავად, მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება ეკონომიკურ აქტივობას კიდევ უფრო შეამცირებს. ამ მხრივ, სხვა დაშვებებთან ერთად, გასათვალისწინებელია რომ სადღეისოდ, აშშ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე ძალზედ მყარია. ეს ფაქტი, მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში აშშ დოლარის შემდგომ გამყარებას თავისთავად არ გამორიცხავს, თუმცა ზოგადად უკვე მყარი ვალუტის კიდევ უფრო გამყარების ალბათობა შედარებით მცირეა.

იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-october

თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe“ უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100