სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადლობა ვის? - „მაესტროს“!

ხელისუფლებიდან თანამდებობების დაკარგვის შემდეგ „გაოპოზიციონერებულთა“ ოაზისი ტელეკომპანია „მაესტრო“ ხდება. აქ მხოლოდ იმას ლაპარაკობენ, გადმოსცემენ, აანალიზებენ, რაც ერთ–ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ხელს აძლევს, აქ არასდროს აკეთებენ ისეთ სიუჟეტს, რომელიც იგივე დაჯგუფებას დისკომფორტს კი არა, თუნდაც უმცირეს უხერხულობას შეუქმნის (აქციის მონაწილეთა მხრიდან, ჟურნალისტების მასობრივ შეურაცხყოფაზე, ზღვარგადასულ აგრესიაზე, ბენზინით სავსე ბოთლებით შეიარაღებულ ნასვამ მომიტინგეებზე...), რის გამოც რადიკალური და ოდიოზური ოპოზიციის ლიდერებისგან სამართლიანად იღებენ და იფერებენ მადლობას.

„მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე, კოტე გოგელია: „26 მაისს აღლუმს ჩვენ ჩავიბარებთ“ - მადლობა ვის - „მაესტროს“. „მაესტროს“ ერთ-ერთი მეწილე, ლევან გაჩეჩილაძე მიტინგზე: „ბოიკოტი „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „პრესა.ჯი“-ს...“ - მადლობა ვის? – „მაესტროს“. გია ბურჯანაძე: „მაესტრო ჩვენს მიტინგს პირდაპირ ეთერში გადასცემს“ - მადლობა ვის? – ისევ და ისევ „მაესტროს“.

სცემეს აი-ტი-ვის ჟურნალისტი ნინო კეკელია, ოპერატორი ირაკლი ხიზანიშვილი მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძემ ყველა ტელეკომპანიას, მათ შორის „აი-ტი-ვი“-ს და ინტერნეტ პორტალ „პრესა.ჯი“-ს მოსთხოვა მიტინგის ადგილის დატოვება... მისი ეს განცხადება მომიტინგეებმა ჩათვალეს მოწოდებად, მიუცვივდნენ „აი-ტი-ვი“-ს ჟურნალისტს, ნინო კეკელიას, ოპერატორს ირაკლი ხიზანიშვილს, სცემეს და დაამტვრიეს ვიეოკამერა.

თუმცა, მაესტრომ სასხვათაშორისოდ გაშუქებულ ამ სიუჟეტში აღნიშნა, რომ ჟურნალისტს თურმე, მხოლოდ იმიტომ დაუმტვრიეს ვიდეოკამერა, რომ ცდილობდა მომიტინგეებისთვის დაესვა კითხვა, თუ რატომ ითხოვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს... რა თქმა უნდა, „მაესტრომ“ არ წაიკითხა ჩვენი განცხადება ეთერში და არაფერი თქვა იმაზე, რომ თავად ლევან გაჩეჩილაძემ უბიძგა აგრესიისკენ მომიტინგეებს...

ეს ის მედიასაშუალებაა, რომელი დღეს მომიტინგეთა ლიდერებისთვის „საჭიროა“, მავანთა ხელში, საკუთარი პრივილეგიების დაკარგვისათვის, ხელისუფლებაში მყოფთა წინააღმდეგ შურისძიების მცდელობის კარიკატურული, მაგრამ მაინც „იარაღი“, პარტიული ტელეკომპანიისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით („მაესტროს“ მეპატრონეები: კოტე გოგელია, ლევან გაჩეჩილაძე „ქართული პარტიის“ წევრები არიან).

„მაესტროს“ მესვეურებმა ბევრი ეძებეს თუ ცოტა, „ფულის ქისას“, ლოგიკურად, ჩრდილოელი მეზობლის სატახტო ქალაქში მიაკვლიეს. ეს ამ ტიპის მედიასაშუალებების, უფრო სწორად, მათი მმართველების ჩვეული სტილია: ოპოზიციონერობისათვის წამებულის მანტიით შემოსილნი, ვინმე ამბიციებგაღვიძებულ ბიზნესმენს მოიგდებენ საკბილოდ, რომელსაც მცირე ხანში თავი ლამის მეორე მარქსი და ფორმაციის შემცვლელი ჰგონია. ეს აპრობირებული გზა და მეთოდებია და, გარკვეულწილად, ჭრის.

ასე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაშიც: ერთ–ერთ დამფინანსებლად ტელეკომპანიას ძმებმა გრეჩიხებმა და მოხერხებულმა ეროსიმ ვინმე კოტე გოგელია უშოვეს, რომელსაც საქართველოში, საზოგადოების მცირე ნაწილი მაკა ასათიანის ქმრად იცნობდა. და აქედან დაიწყო ქართული მედიის ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკომედიური ფურცელი. გოგელიას, რომელსაც აქამდე ალბათ სიტყვა პოლიტიკის მნიშვნელობაც არასდროს ჰქონდა გაგონილი, „ვარსკვლავური დაავადება“ მოკლე ხანში შეეყარა და „აღლუმის ჩაბარებას“ აპირებს... ალბათ გვერდით „მაესტროს“ იმ წარმომადგენლებსაც დაიყენებს, რომლებიც მქუხარე ტაშით გამოხატავენ აღფრთოვანებას „საქართველოსთვის დამაშვრალი“ „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ ამ „დიდი და დიადი“ მიზნების გამო...

პოლიტიკაში სრულიად გაუთვითცნობიერებელმა ბიზნესმენმა, რომელიც ქართულ პოლიტკონიუქტურას და სპეციფიკას მიახლოვებითაც კი არ იცნობს, უკვე მოასწრო და პინოჩეტის სტილის დანაშაულებრივი განცხადებაც გააკეთა, 26 მაისის აღლუმის ჩაბარებასთან დაკავშირებით, ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება დააანონსა. ეროსიმ და სხვებმაც, როგორც ჩანს, მოვლენების სიღრმისეული ანალიზის უნარისაგან თავისუფალ გოგელიას ზედმეტად „მხიარულ ფერებში“ დაუხატეს მცირერეიტინგიანი ტელეკომპანიის ძალაუფლება.

ობიექტურობა რეალური, რაიმე ობიექტზე დამოკიდებულებისაგან თავისუფალი ცნებაა. ეს ცნობილი აქსიომაა, თუმცა ბევრისთვის მიუღებელი. ქართული მედიის ზოგიერთი საშუალების მეპატრონეებისთვის კი ობიექტურობა აშკარად წამგებიანი სტრატეგიაა. მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ექსპერტები ობიექტურობის სრული დასამარების ნიმუშად ალბათ ტელეკომპანია „მაესტროს“ აიღებდნენ, მის შესახებ რაიმე ინფორმაცია რომ ჰქონდათ. ტელეკომპანია, რომელიც არასდროს ამბობს სიმართლეს „ქართული პარტიის“ მიმართ - ეს, ფაქტობრივად, ტელეკომპანიის სამოქმედო სლოგანია.

ტელეკომპანია „მაესტრო“, 21 მაისს დაწყებული აქციის გაშუქებისას, მუდმივად ზღვარგადასული სუბიექტურობის მაგალითს იძლევა. ამის დამადასტურებლად ისიც საკმარისია, რომ მიტინგის მონაწილენი ტელეკომპანიას გამუდმებით მადლობას უხდიან და მათ წარმომადგენლებს ლამის ისე აღიქვავენ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მომიტინგეებს...

ეროსის, ბურჯნაძეს, ძმებ გრეჩიხებს და სხვებს სამადლობელი ნამდვილად აქვთ: გაბრიყვებული გოგელიას ფინანსებით უზრუნველყოფილი მედიასაშუალება, აქტიურად და შემართებით, მათი პერსონალური ინტერესებისათვის არც რეალობის სრულ დამახინჯებას ერიდება და არც მოსკოვში მყოფი „აღლუმის ჩაბარების“ სურვილით გამოკვებილ-გამოპოლიტიკოსებული კოტე გოგელიას, ქართული პოლიტიკის შეცდომის - ლევან გაჩეჩილაძის, ტელე-მედიის მესაფლავის - ეროსი კიწმარიშვილის, კომუნისტურ-კორუფციულ-კომკავშირული ოჯახის „ვარსკვლავის“ - ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ინტერესების დაცვა-პროპაგანდას...

პარიზში გაქცეულ-გადაკარგული ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც „თეთრ ცხენზე“ ამხედრებული „დაგვიბრუნდება“ 25-ში, სწორედ ამ ტელეკომპანიის საშუალებით აგუებს დროდადრო ხალხს იმას, რომ „დანაკარგები მცირე იქნება“... „დანაკარგები“, რომლის წყალობითაც 26 მაისს აღლუმი კოტე გოგელიამ უნდა „ჩაიბაროს“...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100