სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგო თევზაძე: ცესკომ დადგენილებაში ცვლილებით აჩვენა, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო სამართლიანი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დროულად დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე და გადასატანი ყუთით სარგებლობა მოითხოვონ.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადავო დადგენილება შეცვალა და ვადა გაახანგრძლივა, რითაც აჩვენა რომ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მოთხოვნა იყო სამართლიანი.

„დღეს დილით, ჩვენს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციიდან რამდენიმე საათში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სადავო დადგენილება შეცვალა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნა ერთი დღით, 27 ოქტომბრის, 14:00 საათამდე გაუხანგრძლივა. ამით გამოჩნდა, რომ ჩვენი მოთხოვნა ვადის გაგრძელების თაობაზე არის სამართლიანი და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული.“- აღნიშნა თევზაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის იურისტის ალიკა კუპრავას განცხადებით, ცესკომ თავისი დღევანდელი გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის უფრო მეტი დროის მიცემა.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი ძალისხმევით თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების დამატებითი შესაძლებლობა მიეცათ. მოვუწოდებ ყველა მათგანს, დროულად დარეკონ ცესკოს ცხელ ხაზზე, ჩვენ დავიცავთ მათ ხმას.“- განაცხადა კუპრავამ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერება, რომელიც გამორიცხავდა 26 ოქტომბრის 22:00 საათის შემდეგ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას. სარჩელის დარეგისტრირებიდან რამდენიმე საათში ცესკომ დადგენილება შეცვალა და ვადა გაახანგრძლივა.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მიერ აკრედიტებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების ხელშეწყობა. ამომრჩეველთა უფლებების დაცვა ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100