სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთის სოფლებიდან ხალხის გამოსაყვანად, შესაძლოა, ვერტმფრენები გახდეს საჭირო

გუშინ ღამიდან კახეთში გადაუღებლად წვიმს. რეგიონში ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე. საგარეჯოს რაიონის რაიონის ხუთ სოფელში, ასევე ლაგოდეხის და გურჯაანის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. დატბორილია ასობით ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო სავარგულები. ადიდებულმა წყალმა სოფელ შიბლიანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემიც. რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში ცოტა ხნის წინ გამოიდარა.

ლაგოდეხში, ზაქათლის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან 100-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ლოლაძემ განუცხადა, ადიდებული მდინარე შრომის ხევიდან წყალი გადმოვარდა და კორპუსებს დანგრევის საფრთხე შეუქმნა.

„ხალხი გამოვიყვანეთ. ამ წუთებში წვიმამ ცოტა იკლო. საშიშროებაც ნაწილობრივ მოიხსნა. ადგილზე ვართ ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი“, - აღნიშნა ლოლაძემ.

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხის რაიონში ყველა მდინარე ადიდებულია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გია გოზალიშვილმა განუცხადა, მდინარეებიდან წყალი ჯერ არ გადმოდის, თუმცა მდგომარეობა სერიოზულია.

„თუ წვიმამ მალე არ გადაიღო, რთული მდგომარეობა იქნება“, - აღნიშნა გოზალიშვილმა.

მისივე თქმით, სოფლებში ნინიგორსა და აფენში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა. „სანიაღვრე არხები წვიმის წყალს ვეღარ ატარებს და ეზოებში გადადის“, - განაცხადა გოზალიშვილმა.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბლიდან, რომლის ერთ-ერთი უბანიც მთლიანად წყალშია მოქცეული და წყლის დონე სულ უფრო ზემოთ იწევს, ხალხის გამოსაყვანად, შესაძლოა, ავიაცია გახდეს საჭირო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, მაშველებმა დატბორილი უბნიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. „ლაგოდეხის რაიონში ვარ. შეიძლება ავიაცია დაგვჭირდეს, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ყველა სამსახური მობილიზებულია“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადიდებული მდინარე კაბლის ხევიდან წყალი სოფელში შევარდა, სახლები, გზები და ნაკვეთები დატბორა. ხალხი დატბორილი უბნიდან გასვლას ვერ ახერხებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100