სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო დანელია: მინისტრმა თქვა, რომ აბდალაძე გიორგაძის კაცია

შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე "გიორგაძის კაცია".

როგორც მინისტრთნ შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო დანელიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც აბდალაძეზე დაიწყეს საუბარი, მინისტრმა ისინი გააჩუმა და გაკვირვებულმა ჰკითხა: "არ იცოდით აქამდე, რომ აბდალაძე გიორგაძის კაცი იყო?!"

დანელიას თქმით, როდესაც ისინი ფოტოგრაფების საქმეზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვდნენ, მინისტრმა უთხრა, რომ გრიფი საქმეს თავიდანვე მოხსნილი ჰქონდა.

"მინისტრის ამ განცხადებამ ჩვენი აღშფოთება გამოიწვია, რაზედაც მერაბიშვილმა გვითხრა, რომ ადვოკატებს, ალბათ, შესაბამისად ვერ განუმარტეს, რომ საქმეზე შეუძლიათ საუბარი და დუმილი უნდა შეინარჩუნონ მხოლოდ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. საქმის დანარჩენი დეტალები გახსნილია და არანაირი გრიფი არ ადევს", - განაცხადა დანელიამ.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მერაბიშვილმა მათ პირობა მისცა, რომ სასამართლო პროცესზე ყველა საიდუმლო დოკუმენტის სათაური გახდება ცნობილი, რაზედაც ამ საქმესთან დაკავშირებით არის საუბარი, თუმცა შინაარსი კვლავ დახურული იქნება, რადგან ისინი სახელწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.

"მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ ისეთი მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რომ ჟურნალისტებს წელში გამართული თვალებში ჩახედავს და კითხვებიც კი აღარავის ექნება ამ საქმესთან დაკავშირებით", - განუცხადა ჟურნალისტებს დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 3 საათს გრძელდებოდა. შს მინისტრის გარდა, ჟურნალისტებთან შეხვედრაში მისი მოადგილე ეკა ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილიც მონაწილეობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100