სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორიგინალური საპროტესტო აქცია კრემლის კედელთან

უკვე ათი დღეა, კრემლის კედელთან უცნაური აქცია ტარდება. რუსეთის მოქალაქეები სათითაოდ მიდიან კრემლის კედელთან, უხმოდ შლიან პლაკატს და რამდენიმე წუთის განმავლობაში დგანან, სანამ მათ პოლიცია დააკვებს. აქციის მთავარი „მუღამი“ სწორედ არახალხმრავლობა და ინდივიდუალური პროტესტია.

ძირითადად, ხუთი მოქალაქე აქტიურობს, რომელთაგან ერთი წარმოშობით ქართველი, ვალერი ჩატუროვია. ხუთივე მოქალაქე, დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის პლაკატებით: „მიხედეთ ხალხს!“; „ეს ხელისუფლება – მარაზმია!“; „უარი ამ ხელისუფლების პარპაშს!“ „მოგვეცით ამოსუნთქვის საშუალება!“ კრემლის კედელთან რიგრიგობით ჩნდება.

პირველი მონაწილის გამოჩენისთანავე მასთან პოლიცია მიდის და ტერიტორიიდან გაჰყავს, თუმცა, მათ რამდენიმეწუთიან ძიძგილაობას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს და, ბუნებრივია, პლაკატებსაც უამრავი ადამიანი კითხულობს. ტერიტორიიდან მოქალაქის გაყვანიდან რამდენიმე წუთში აქციის დაკავებული მონაწილე შემდეგი მონაწილით იცვლება.

ათი დღეა, ამ სახის პროტესტს ხელისუფლება ვერაფერს უპირიპირებს. დაკავებული აქციის მონაწილეები არ არღვევენ კანონს და, აქედან გამომდინარე, მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ვერ ხერხდება.

ისინი, ფაქტობრივად, სამართალდამცველებსაც არ უწევენ წინააღმდეგობას, თუმცა, რამდენჯერმე პოლიციელებმა შეძლეს, პროვოკაციულად გამოეწვიათ აქციის მონაწილე ქალები და მათ მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრების საკითხი სასამართლომ ამ დღეებში უნდა განიხილოს.

როგორც ვალერი ჩატუროვი აცხადებს, მას ბიზნესი აქვს, მაგრამ ყველა სფეროში არსებული საშინელი კორუფციის გამო ვერ ახერხებს ოჯახის შენახვას. იგი ხელისუფლებისგან რადიკალური ზომების გატარებას და კორუმპირებულთა დაკავება–გასამართლებას ითხოვს. მისი თქმით, რუსეთში დღეს არ არსებობს სფერო, სადაც კორუფცია არ მძვინვარებს. ვალერი ჩატუროვი აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები აქციის ასეთი ფორმით მოწყობაზე უარს არც მომავალში იტყვიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100