ქალბატონი, რომელმაც გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ იმშობიარა

მიმდინარე წლის მარტში მიჩიგანის შტატში, ფეხმძიმე ქალბატონი, დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ექიმების დიაგნოზით, თავის ტვინის სიკვდილი სისხლძარღვების ანევრიზმამ გამოიწვია.

კრისტინას ახლობლები სთხოვდნენ ექიმებს, რომ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ დედის მუცელში არსებული ჩანასახებისთვის. ქალბატონი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. შედეგად კი ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრისტინა სუნთქვის აპარატზე შეეერთებინათ, რათა ჩანასახებს არსებობა და განვითარება განეგრძოთ. სწორედ ამიტომ, ფეხმძიმობის 25-ე კვირას, 17 აპრილს დედამიწას ორი ბიჭუნა - ნიკოლასი და ალექსანდრე მოევლინნენ.

ახალშობილების სიგრძე 35 სანტიმეტრი, წონა კი ერთი კილოგრამია და ამ დროისათვის ისინი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ტყუპების დედა კი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალშობილები გაუძლებენ არსებულ სიტუაციას, მაგრამ ისინი მეტად სუსტები და პატარები არიან. სწორედ ამიტომ, რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია“, - აღნიშნავენ ექიმები.

„უფალს შეეძლო არა მარტო კრისტინა, არამედ ბავშვებიც წაეყვანა, მაგრამ მან ასე არ ისურვა“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ლუდა ჩერნიხი დედა გახდა. ქალბატონი ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

მაშინ, როცა ქალბატონი გულის გაჩერების საშიშროების წინ იდგა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა გადაწყვიტეს და მას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. დაიბადა ბიჭუნა, რომლის წონაც 2800 გრამს შეადგენდა. ხოლო როცა ბავშვმა პირველად იტირა, დედის გული მაშინ გაჩერდა.

კომენტარი