სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამანდა პოლი: საქართველო - კავკასიის ვარსკვლავი?

"ჯეონიუსი"

საქართველო - კავკასიის ვარსკვლავი? ამ სათაურით თურქული გაზეთის TODAYS ZAMAN-ის ჟურნალისტი ამანდა პოლი საქართველოსა და აქ მიმდინარე მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. მასალის ავტორი ვრცლად საუბრობს საქართველოს მისწრაფებებზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარებაზე და წერს, რომ „მაშინ, როდესაც ომმა სერიოზულად დააზიანა საქართველოს ეკონომიკა და ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მასზეც უარყოფითად აისახა გლობალური ეკონომიკის კრიზისი, საქართველო სირთულეებს გაუმკლავდა, საქართველოში, მსოფლიო ბანკის თანახმად, სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო პირობებია“

სტატიის ავტორი საქართველოს პრეზიდენტზე, ქვეყანაში შექმნილ უსაფრთხო გარემოსა და კორუფციასთან ბრძოლის წარმატებებზეც საუბრობს. „სააკაშვილმა საქართველო კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნის მოდელად აქცია“, - წერს პოლი.

ჟურნალისტი საქართველოს, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ვრცლად წერს და აღნიშნავს, რომ სწორედ რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ მიიღო საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა 2008 წლის ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ საქართველო მზადაა მომთმენი იყოს, სჯერა რა, რომ რუსეთი, როგორც პრაგმატული ქვეყანა, საბოლოო ჯამში დაინახავს, რომ ოკუპაცია მას არაფერს აძლევს და მზად იქნება მოლაპარაკებისთვის.

გავრცელდა მოსაზრება, რომ წევრობის შეთავაზება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ქვეყნის არაოკუპირებული ნაწილისთვის და გავრცელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე მათი რეინტეგრაციის შემთხვევაში. გულწრფელად რომ ითქვას, ამ იდეას რეალიზება არ უწერია. ეს ევროკავშირის და კვიპროსის შემთხვევას გვაგონებს. თუმცა, იმავდროულად, თუკი ნატო უარის თქმას კვლავ განაგრძობს, ეს შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც რუსეთის ვეტო ნატოს შემდგომ გაფართოვებაზე. შესაბამისად, ეს ნატოს ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი ხდება, - დასძენს ჟურნალისტი.

სტატიის დასასრულს უცხოელი ჟურნალისტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მართალია, რეიტინგი ჯერ კიდევ დაბალია მაგრამ აქვე დასძენს, რომ ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, საუბარია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე, ჟურნალისტის აზრით, მხოლოდ ზრდის ბიზნესმენის რეიტინგს.

„საქართველო თავს სამხრეთ კავკასიის ვარსკვლავად, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მოდელად წარმოაჩენს. დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის იყოს ამ განაცხადის ადეკვატური“, - ამთავრებს სტატიას ამანდა პოლი. ("ჯეონიუსი").

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100