სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინალ ხაშიგი: საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის სუვერენიტეტს არყევს

«საქართველო არყევს რუსეთის სუვერენიტეტს ჩრდილოეთ კავკასიაში» – ამ სიტყვების ავტორი აფხაზი პოლიტოლოგი, «დამოუკიდებელი» აფხაზური გაზეთის «ჩეგემსკაია პრავდას» მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგია. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზეთის გენოციდის ცნობა გაპირობებულია რუსეთ-საქართველოს დღევანდელი დაძაბული ურთიერთობით და დაკავშირებული არ არის ჩერქეზი ხალხის იმ ტრაგედიასთან, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნეში ჰქონდა ადგილი. ეს აქტი მიზნად ისახავს ჩერქეზების აფხაზებთან დაპირისპირებას, რუსებსა და აფხაზებს შორის შუღლის ჩამოგდებას, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას და რუსეთის სუვერენიტეტის სრულ მოშლას ამ რეგიონში, რაც შემდეგ საქართველოს გაუადვილებს თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მიღწევას, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მდგომარეობს.

ი.ხაშიგი გაკვირვებას გამოთქვამს, რატომ არის აღფრთოვანებული ჩერქეზი ხალხი საქართველოს პარლამენტის ამ ნაბიჯით, რატომ არიან ისინი ნაწყენები აფხაზებზე, რომლებმაც თვალებზე და ყურებზე ხელი აიფარეს და სიტყვას არ ძრავენ ამ მოვლენასთან დაკავშირებით.

«დამოუკიდებელი» გაზეთის «დამოუკიდებელ» პოზიციაზე მდგომი რედაქტორი რიხიანად აცხადებს, რომ ვერავინ შეუშლის ხელს აღმავლობის გზაზე მდგომ რუსულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას, ხოლო რუსეთი და საქართველო, ისე როგორც აფხაზები და ქართველები მარადიულ მტრებად დარჩებიანო. სტატიის ავტორი გადაწვდა საქართველოს ურთიერთობებს ჩეჩნებთან, სომხებთან, ბერძნებთან და თურქ-მესხებთან და ყველაფერს ამას დაარქვა «სოხუმიდან დანახული საქართველოს ქცევის სტრატეგია». აშკარა პლაგიატთან გვაქვს საქმე, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ამ იდეების ავტორები ზატულინები, ბაბურინები, ჟირინოვსკები, მარკოვები და მოსკოვში მყოფი სხვა პერსონები არიან. ეს მათი მოსკოვური ხედვაა, რომელსაც უცვლელად იმეორებს ბატონი ხაშიგი და სოხუმიდან დანახულ თავის ხედვად უნდა იგი შეატყუოს ნაკლებად ინფორმირებულ მკითხველს.

ბატონ ხაშიგს კარგად მოეხსენება, რომ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობის საკითხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დააყენა «საერთაშორისო ჩერქეზულმა ორგანიზაციამ», რომლის შტაბბინა ნალჩიკში იყო.

1992 წლის 7 თებერვალს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო დადგენილება ჩერქეზების გენციდის ცნობის შესახებ, ხოლო 1996 წლის 29 აპრილს ადიღეს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ მიმართვა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ჩერქეზების გენოციდის ცნობის თაობაზე.

1998 წლის 28 მაისს ჩერქეზეთის საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარემ ტეუვეჟ კაზანიკომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შვეიცარიაში დააყენა საკითხი ჩერქეზების გენოციდის ცნობისა და მუჰაჯირების შთამომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

მოგვიანებით ასეთი თხოვნები გაუგზავნეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ქვეყნის პრეზიდენტს ვ.პუტინს, რაც პრაქტიკულად უპასუხოდ დარჩა.

საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობა განაპირობა ათობით ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციის თხოვნამ და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობამ კავკასიაში. ეს პრობლემა ასეთი ფორმით და სიმწვავით დღის წესრიგში არ დადგებოდა, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას რომ ბოდიში მოეხადა კავკასიელი ხალხების წინაშე ადრე ჩადენილი დანაშაულისა და განუკითხაობისთვის, როგორც ეს გააკეთეს სხვა იმპერიული სახელმწიფოების თანამედროვე სამართალმემკვიდრეებმა.

ამ დოკუმენტის მიღების ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებული მცირერიცხოვანი ხალხების განადგურების, ერთმანეთზე გადაკიდების და სამშობლოდან გაძევების პოლიტიკის გაგრძელება დღევანდელ პირობებში. ორი ათეული წელია პრაქტიკულად ომი მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა რესპუბლიკაში. ორივე მხრიდან ყოველწლიურად იღუპება ათობით ათასი ადამიანი, დაჭრილთა, დასახიჩრებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიცხვი კი ბევრად მეტია. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომის დროს ჩეჩნეთის 800 ათასიანმა მოსახლეობამ 300 ათასი ადამიანი მხოლოდ მოკლულის სახით დაკარგა, თვლა არ აქვს დაჭრილებს და სამშობლოდან გადახვეწილებს. რუსეთის ხელისუფლებას, რომ კეთილი ნება გამოეჩინა და არ წაექეზებინა ყველა ჯურის პროვოკატორი 90-იანი წლების აფხაზეთში ერთი წვეთი სისხლიც არ დაიღვრებოდა.

ბოდიშის მოხდის ნაცვლად ცინიკოსებმა არმავირში კვლავ ძეგლი დაუდგეს მეფის გენერალ ზასს, რომელსაც თავი მოჰქონდა კავკასიაში ცივილიზაციის შეტანით და თავის მეგობრებს ეგზოტიკურ საჩუქრად ტყვე ჩერქეზების მოჭრილ და გამომშრალ თავებს უგზავნიდა. ასეთივე თავებით ჰქონდა მორთული მას თავისი რეზიდენცია.

ჯიუტად გრძელდება ერმოლოვების, ლაზარევების, ბულგაკოვების და სხვა გენერლების ძეგლების დადგმა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ჩერქეზი ბავშვების, ქალების და მოხუცების უმოწყალო ხოცვით, სოფლების და აულების დაწვით და სამშობლოდან მათი მასიური გაძევებით.

იქნებ ყველა ამ საშინელების სააშკარაოზე დროზე გამოტანის შემდეგ თვითონ რუსი ხალხი მიიღებდა მათ შესახებ გადაწყვეტილებას და არ გააგრძელდებოდა ამდენი კავკასიელის, მათ შორის ამდენი უდანაშაულო-დამნაშავე რუსი ჯარისკაცების ხოცვა-ჟლეტაც.

«აღმავლობის გზაზე მყოფი რუსულ-აფხაზური მეგობრობის განმტკიცების» ფონზე, ქართულ-რუსული და ქართულ-აფხაზური მტრობის მარადიულობის ხაშიგისეულ თეორიას მეტისმეტად მძიმე სუნი ასდის და იგი კაცთმოძულების პროპაგანდის ნიმუშად უფრო გამოდგება, ვიდრე თანამედროვე ჟურნალისტის ნააზრევად.

ი.ხაშიგმა ძალიან კარგად იცის რამ გაუმძაფრა ასე აფხაზეთის «სიყვარული» მოსკოვის დაინტერესებულ ძალებს და რამდენ ხანს გასტანს იგი.

ი.ხაშიგმა კარგად იცის, რომ ერთმორწმუნე ქართველი ხალხის ღრმა პატივისცემას რუსი ხალხისა და რუსული კულტურის მიმართ საუკუნეების ისტორია აქვს, რასაც რუსი ხალხი ასევე სიყვარულით და პატივისცემით პასუხობდა. ქართველი ხალხი არც ერთ ხალხთან და მათ შორის არც რუს ხალხთან მტრობას არ აპირებს. მტრობისა და შუღლის გაღვივებას 21-ე საუკუნე ვეღარ აიტანს.

არც ქართველებსა და ჩეჩნებს შორის შუღლის გაღვივების მცდელობა გამოუვიდა წერილის ავტორს წარმატებულად. ქართველებს ჩეჩნებთან, ისე როგორც ყველა ჩრდილოკავკასიელ მეზობელთან ნათესაური, კულტურული და საქმიანი ურთიერთობები აკავშირებს. კაციჭამია შამილ ბასაევი და მისი ბანდა აფხაზეთში ჩეჩენ ხალხს არ გაუგზავნია. ყველასთვის ცნობილია რა ძალებმა მიუსიეს იგი ჯერ ქართველებს, შემდეგ დაღესტნელებს და თვით რუსებსაც კი. ისიც კარგად არის ცნობილი ვისი დაფრთიანებული იყო იგი და ვინ მოუღო მას ბოლო. ყველა ნაძირალას ასეთი სამარცხვინო დასასრული ელოდება.

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა ბოდიში მოიხადა შამილ ბასაევის და მისი ბანდის აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი მხეცობის გამო. ამ კეთილშობილურმა ნაბიჯმა უფლება მისცა რუსული არმიისგან სასიკვდილოდ განწირულ ათიათასობით ჩეჩენს, მათ შორის მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს თავაწეული შემოსულიყვნენ საქართველოში, სადაც ისინი კეთილმა მეზობლებმა შეიკედლეს და სადაც ბევრი მათგანი დღესაც ცხოვრობს.

ბატონო ინალ! გაწვდით ინფორმაციას თქვენს წერილში ნახსენები ე.წ. თურქ-მესხებზე. თქვენ ალბათ 1944 წელს კრემლის მიერ სამხრეთ საქართველოდან ყაზახეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში გასახლებული 100 ათასი მოქალაქე გყავთ მხედველობაში, რომლებსაც ბედის ირონიით თურქი მესხები შეარქვეს და რომელთა დიდი უმრავლესობა მაჰმადიანი ქართველი იყო. მათი შთამომავლების ნაწილი უკვე ჩამოსახლდა საქართველოში, დაბრუნების პროცესი გრძელდება და ის დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა, რომ აფხაზეთიდან 300 ათასიანი დევნილი მოსახლეობის პრობლემა არ შეექმნათ ხელოვნურად არაკეთილმოსურნეებს.
სახელმწიფოსთან ერთად დეპორტირებული მესხების პრობლემის მოგვარებაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო და საქართველოს ისლამური თემის ხელმძღვანელებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობა დიდი კმაყოფილებით მიიღო როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ჩერქეზების დიდმა უმრავლესობამ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ათობით სამადლობელო წერილი ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან და ათასობით დადებითი გამოხმაურება კერძო პირებისგან. ნიშანდობლივად მიგვაჩნია ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ხასეს» თავმჯდომარის, აფხაზეთის გმირის იბრაგიმ იაგანოვის მოსაზრებები, როგორც ჩერქეზი ხალხის გენოციდის, ისე ი.ხაშიგის მიერ დასმულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

ი.იაგანოვმა მოიწონა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის ცნობის ფაქტს. იგი უზნეობად მიიჩნევს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას მისი წინაპრების საფლავებზე და ბრალს სდებს რუსეთის ხელისუფლებას ჩერქეზი ხალხის მიზანმიმართულ განადგურებაში, რომელიც ვერ შეელია თავის კოლონიურ ამბიციებს და სასტიკად უსწორდება ჩრდილოეთ კავკასიელების თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის მიმართულ ყველა გამოვლენას. ამ დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელებას მარტო ყაბარდოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე ათასზე მეტი ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, რაც გამოუსწორებელი დანაკლისია ასეთი მცირერიცხოვანი ხალხის გენოფონდისთვის.

ი.იაგანოვს, რომელიც 90-იან წლებში იარაღით ხელში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთში, ეყო გამბედაობა და თქვა, რომ ის კონფლიქტი იყო ერთი მუჭა პროვოკატორების მიერ თავსმოხვეული ძმათა მკვლელი ომი, რომ იგი არ აპირებს მტრობის გაგრძელებას ქართველ ხალხთან და უნდა შეწყდეს კავკასიელების მართვა მოსკოვიდან დანიშნული კორუმპირებული და ანტიეროვნული პირების მიერ.

მართალია ასეთი გაბედული განცხადებებისთვის ი.იაგანოვი სამჯერ გაწირეს სასიკვდილოდ გარკვეულმა ძალებმა, მაგრამ იგი კვლავ აგრძელებს ბრძოლას და ზოგიერთებისგან განსხვავებით უარს ამბობს მოსკოვიდან მიღებული ანტიეროვნული ინსტრუქციებით კავკასიელების მართვაზე.

ქართველები და აფხაზები ორ ათეულ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით, ერთ სახელმწიფოში. ამის დასტურად უამრავი ერთობლივი ოჯახის და დღეისთვის არსებული ათასობით ერთნაირი ქართულ-აფხაზური თუ აფხაზურ-ქართული გვარების ფაქტიც კი საკმარისია. ვერ გავიზიარებთ ბატონ ი.ხაშიგის ერთერთ ინტერვიუში მტკიცებას აფხაზები აფხაზების გარდა არავის გვანანო, რადგან აფხაზები და ქართველები, ისე როგორც ყველა კავკასიელი, ბევრ რამეში გვანან ერთმანეთს. მათი ხელოვნურად დაშორიშორება, მათ შორის ახალ ჩინურ თუ ბერლინის კედლის აშენება და მეგობრების თუ მეზობლების ძებნა შორეულ ვანუატუსა თუ ნაურუში არც აფხაზების, არც ქართველების და არც რუსების ინტერესებში არ შედის. ამ პოლიტიკის გაგრძელება შთამომავლებში ირონიას და მწარე ღიმილს გამოიწვევს მხოლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100