სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 30 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 22 წლისაა. საჩვენებელი წვრთნა, საზეიმო მილოცვა და დაჯილდოება - ასე აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ დღევანდელი დღე. ვაზიანში სპეციალური ოპერაციების ძალებმა საჩვენებელი საველე-ტაქტიკური წვრთნა ჩაატარეს.
სწავლებაში პირად შემადგენლობასთან ერთად არტილერია, ავიაცია და ქართული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. პოლიგონზე დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამხედრო ატაშეებიც იმყოფებოდნენ. პრემიერმა ივანიშვილმა წვრთნის შემდეგ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდიდან შეიარაღებულ ძალებს იუბილე მიულოცა. დღევანდელი დღე ყველა სამხედრო ნაწილში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯარისკაცებმა ჯილდოებით და საზეიმო მილოცვით აღნიშნეს.

საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ დღეს საკომიტეტო მოსმენებზე დაბრუნდება. საკითხზე იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები იმსჯელებენ. ხვალინდელი ბიურო კი გადაწყვეტს - გავა თუ არა საკითხი პლენარულ სხდომაზე. ასევე სხდომაზე გავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და თავდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

პარლამენტში დღეს ელჩობის ხუთ კანდიდატს მოუსმინეს. ესენი არიან: ზურაბ პატარიძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში, თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანში, ირაკლი კოპლატაძე - თურქეთში, ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში და კონსტანტინე კორკელია ევროპის საბჭოში. ისინი უმცირეოსობაში შემავალი ფრაქციოების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა რეგიონები" და "ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების" ერთობლივ სხდომაზე წარდგნენ და ოპოზიციას საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები გააცნეს. დიპოლომატებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. უმცირესობა ამბობს, რომ ელჩებთან შენიშვნები არ აქვთ და მათ კანდიდატურებს მიესალმებიან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგარეო ურთიერობებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. დელეგაციის წევრები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრსაც შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა ესტონეთი ვილნიუსის სამიტის წინ საქართველოს მხარს მტკიცედ უჭერს. მისივე თქმით, ესტონეთი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

გია ბარამიძე შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. როგორც ბარამიძემ დღეს "როუზ როსის" სემინარის მიმდინარეობისას თავად განაცხადა ის "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისში მონაწილეობას მიიღებს. ბარამიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება პრაიმერისში მონაწილე კანდიდატებთან და მათ რაოდენობასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. მისი განცხადებით, პრაიმერისი სწორი გზაა იმისთვის, რომ პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი შეირჩეს. განცხადება იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი პრაიმერისის გზით გამოვლინდებოდა, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა.

"ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" შუალედურ არჩევნებს ეხმიანება. ლევან ვეფხვაძემ "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" "ქრისტიან- დემოკრატებს" 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს მედიის მუშაობის შეზღუდვაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებას, რომელსაც სხვა პარტიებთან ერთად ხელი "ქრისტიან- დემოკრატებმაც" მოაწერეს. ვეფხვაძის განცხადებით, ნაძალადევში ჩატარებული შუალედური არჩევნებისას გაირკვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2012 წლის დადგენილება კვლავ ძალაშია. ვეფხვაძის თქმით,"ქართული ოცნების" ბრალდებებმა საპარლამენტო არჩევნებისას "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

"ლეიბორისტული პარტია" მთავრობას პრემიერის ბიზნეს-ცენტრთან მოშიმშილეებთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ლეილა გაფრინდაშვილის თქმით, აქცია კრიტიკულ ფაზას უახლოვდება, რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა თვითმკვლელობის მცდელობაც. გაფრინდაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები თვითმკვლელობით აღდგომის დღესასწაულზეც იმუქრებიან. "ლეიბორისტული პარტია" საპატრიარქოსაც მიმართავს და ხელისუფლებასა და მოშიმშილეებს შორის შუამავლობის გაწევას სთხოვს.

"დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის" წევრებმა პროკურატურაში სარჩელი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეიტანეს. ასოციაციის წევრები არჩილ ფრანგიშვილსა და ბორის გითოლენდიას დანაშულის დაფარვაში ადანაშაულებენ. საქმე ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ასლან მარგოშვილს ეხება. ასოციაციის წევრის თქმით, მას აქვს საბუთები, რომ მარგოშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, თუმცა გითოლენდიამ და ფრანგიშვილმა მისი მონაცემები უნივერსიტეტის ბაზიდან ამოიღეს. ასოციაციის წევრები აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.

გურჯაანის პოლიციამ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დაკითხვა სოფელ ჩუმლაყიდან დაიწყო. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, კომისიის წევრები და დაზარალებულები ერთმანეთს გაურიგდნენ და აღებული კომპენსაცია ერთმანეთში გაინაწილეს. საქმე სამხარეო პოლიციაში იმ დაზარალებული მოქალაქეების საჩივრის საფუძველზე აღიძრა, რომლებიც სტიქიამ მართლაც დააზარალა, მაგრამ კომპენსაცია დღემდე არ აუღიათ. გურჯაანის პოლიცია გამოძიების დასრულებამდე ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ჩვენების მისაცემად კომისიის წევრებსაც დაიბარებენ. სოფელ ჩუმლაყის გარდა სამართალდამცველები აპირებენ დაინტერესდნენ თუ როგორ გაიცა კომპენსაციები სტიქიის ზონის სხვა სოფლებში.

ხმაური იყო დღეს ბათუმის მერიასთან. ხელვაჩაურის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკანონოდ დასახლებულებმა იპოთეკური სესხების მქონე პირებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და დახმარება ბათუმის მერიისა და საკრებულოსგან მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა მათ დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მათ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული დროებითი სადგომების დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე შეხვდა. და აუხსნა, რომ ისინი სააღსრულებო ბიუროს დავალებას ასრულებდნენ და გამოსახლების საკითხს მხოლოდ მერია არ წყვეტს. აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ აქციები მანამდე არ შეწყდება, სანამ სამთავრობო კომისია თვითნებურად შესახლებულთა მდგომარეობის შესახებ დასკვნას არ გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 1972 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს საზღვრის კვეთისას აიყვანეს. დაკავებულს სხეულით 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა, რომელიც ნივთმტკიცებად ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 6,08 გრამი ნარკოტიკული საშუალება 1,88 გრამ "ჰეროინს" შეიცავს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაკავებულის სისხლში "ოპიუმის" კვალი აღმოაჩინა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა–შენახვა–გადაზიდვის და საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისათვის ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას "ტომფსონის" სისტემის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "კალაშნიკოვის" სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 653 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ხვალიდან თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით ჩინური წარმოების ახალი მატარებელი იმოძრავებს. საქართველოში სულ 5 მატარებელი შემოიტანეს და თითოეულში 310 ადგილია. მატარებლის ძრავა ასინქრონული წევის ძალითაა აღჭურვილი, რაც სისწრაფის განვითარებას უწყობს ხელს. მატარებლები, რომლებიც აქამდე თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრაობდნენ, თბილისი-ზუგდიდის ხაზზე გადაინაცვლებენ. როგორც "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი აცხადებს, მგზავრობის ღირებულება შემცირდება და არასეზონურ პერიოდში ბილეთის ფასი – 18-დან 25-ლარამდე იქნება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100