სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუკი კოშკელიშვილი: ახალ წელს მაგიდის ქვეშ შემძვრალი უნდა შევხვდე და ჩავიფიქრო

ნუკი კოშკელიშვილს 2012 წლის ნაწინასწარმეტყველევი სამყაროს აღსასრულის შესახებ არ სჯერა. პირიქით, ის მთელი გულით ელის მისთვის საყვარელი დღესასწაულის დადგომას და მორიგი საახალწლო თავგადასავლის მოლოდინშია.

ნუკი კოშკელიშვილი: - ახალი წელი ჩემთვის ყველა დღესასწაულს შორის გამორჩეული და მნიშვნელოვანია, ამიტომ, მის დადგომას სერიოზულად ვუდგები. როგორც კი აცივდება, ახალი წლის მოახლოების ასოციაცია მიჩნდება. მზადებას ვიწყებ პირველი დეკემბრიდან; იმ დროიდან, როცა ქუჩები და მაღაზიები საახალწლოდ ირთვება. მომწონს ეს ჰოლივუდური Christmas-ის განწყობა.

ის ფაქტი, რომ 2012 სამყაროს აღსასრულის წელი იქნება და ეს ბევრს პანიკაში აგდებს, ჩემთვის სასაცილოა. როცა რაღაც მთავრდება, აუცილებლად იწყება ახალი. არ მჯერა ამ მითქმა-მოთქმის (ყოველ შემთხვევაში, არ მინდა, რომ მჯეროდეს) და ახალ წელს დიდი მოლოდინით ვეგებები.

- თუ გაქვს რაიმე ტრადიცია ახალ წელთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, ახალ წელს უნდა შევხვდე ოჯახთან ერთად, მაგრამ ისინი ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, ამიტომ 2012 წელს მეგობრებთან ერთად შევხვდები. ასევე, საახალწლოდ უნდა ვიყიდო ახალი სამოსი, რომელიც უნდა ჯდებოდეს იმ ფერებში, რისი წელიც დგება. 12 საათზე, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, აუცილებლად უნდა დავლიო ფერფლიანი შამპანიური. შეიძლება ბევრი ამას ცრურწმენას ეძახის, მაგრამ ჩემთვის საახალწლო ტრადიციაა და, სხვათა შორის, სურვილი ყოველთვის მისრულდება. ახლახანს გავიგე სურვილის ჩაფიქრების კიდევ ერთი "ცერემონია“: მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრე და და ღამის 12 საათს ჭიქა ღვინით და საკუთარი ოცნებებით შეხვდე. წელს ამას აუცილებლად გავაკეთებ.

- იღებ თუ არა მონაწილეობას საახალწლო სუფრის მზადებაში და თუ გაქვს საყვარელი კეძი ან ნუგბარი?

-რამდენად გამომდის ეს საქმე, საკითხავია, თუმცა სამზადისში აუცილებლად ვიღებ მონაწილეობას, ეს ჩემთვის ერთგვარი ტრადიციაა. ვამზადებ იმ კერძს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ესაა ოლივიე, ნუგბარიდან კი - გოზინაყი.

- თუ გადაგხდენია რაიმე ამბავი ახალ წელთან დაკავშირებით?

- რომელი ერთი დაგისახელოთ? ერთ-ერთ ბედობას მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ მოგზაურობის "დაბედება“ და წავედით გუდაურში. ჩვევა მაქვს, ბედობის დღეს რაიმე ნივთი უნდა ვიყიდო. თბილისში დაბრუნებულს ყველა მაღაზია დაკეტილი დამხვდა. საბოლოოდ, "ბავშვთა სამყაროში“ სიმბოლურად "ბარბი“ ვიყიდე.

კურიოზს რაც შეეხება: 31 დეკემბერს მეგობრებთან ერთად წავედი ბათუმში. იქ ჩემს გაყინულ ბინაში მივედით. "კაპიკი” ფული არ გვქონდა და ველოდით ანგარიშზე ხელფასის დარიცხვას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 31-ში თანხის გადარიცხვა არ ხერხდებოდა. ჩემი ახლობლები თბილისში სუფრას შლიდნენ, ჩვენი სუფრა კი "სუპჩიკებისგან“ შედგებოდა, რომელიც მეზობელთან მოვამზადე. ამის შემდეგ კონცერტზე წავედით და კარგად ვიხალისეთ. კონცერტის დასრულების შემდეგ კი, სხვა მეგობრებს შევხვდი და რესტორანში წავედით. ამასობაში ბანკომატზე თანხა დაირიცხა და ეს ამბავიც "ჭირი იქა, ფქვილი აქა“-სავით დასრულდა.

- თოვლის ბაბუის თუ გჯეროდა?

-სამწუხაროდ, არ მჯეროდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მშობლების ნაყიდი საჩუქარი ტელევიზორის უკან იმალებოდა. წერილს ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ვწერდი. სამაგიეროდ, ჩემს დას სჯეროდა და ერთხელაც, როცა არ მოვიდა თოვლის ბაბუა, ლამაზ კაბაში გამოპრანჭულს მე მომიწია მისი ფორმის ჩაცმა. ვფიქრობ, ადამიანს უნდა სჯეროდეს თოვლის ბაბუის და ამისთვის არ უნდა არსებობდეს ასაკი. საოცრებების დაჯერება ცხოვრებას გვიხალისება და მრავალფეროვანს ხდის...

- გაქვს თუ არა შემოთავაზება საახალწლო კონცერტის წასაყვანად?

-შემოთავაზება მქონდა, მაგრამ უარი განვაცხადე. მინდა, რომ ახალ წელს ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთად შევხვდე მშვიდ გარემოში.

- როგორ შეაფასებ 2011 წელს?

- საერთოდ, თუ რიცხვში ციფრი 6 არ ურევია, ვთვლი, რომ კარგია და, აქედან გამომდინარე, 2011 წელს დადებითად შევაფასებდი. ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვგრძნობდი თავს, სამსახურშიც წარმატებები მქონდა და, რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულის საკითხშიც ყველაფერი იდეალურად მაქვს. საბოლოოდ, 2011 წლით კმაყოფილი ვარ.

- ამ წელს ჟურნალმა PrimeTime-მა დაგასახელა წლის უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანად.როგორი რეაქცია გქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით და როგორ ფიქრობ, რატომ დასახელდი ამ ნომინაციაში?

- მოდის კრიტიკოსს ან ამ საქმეში კომპეტენტურ პირს რომ შევეფასებინე, მაშინაც კი არ მექნებოდა მწვავე რეაქცია. ამ შეფასებას უკანასკნელი წლების განმავლობაში ანჯელინა ჯოლიც კი იღებდა. მე ვთვლი, რომ გემოვნებაზე არ უნდა იდავონ და ამიტომ არავის შევეკამათები, თუ რატომ დამასახელეს ამ ნომინაციაში. რა თქმა უნდა, ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას - არა. არ დავასახელებ, მაგრამ მე ვიცნობ ძალიან ბევრ უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანს, რომელმაც სხვა სამოსი რომ ჩაიცვას, თავისი აღნაგობიდან გამომდინარე, გამოჩნდება ძალიან ცუდად, ამიტომ ვთვლი, რომ მისი ჩაცმულობა არავის გასარჩევი არ უნდა იყოს.

მთავარია, რომ მე მომწონს ჩემი სტილი და კვლავ განვაგრძობ ჩემთვის გემოვნებიანად, სხვისთვის კი უგემოვნოდ ჩაცმას.

თაკო საკანდელია ,თამუნა მღებრიშვილი, თათია ტაბეშაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100