ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით და საქართველოს აღდგომა მონობიდან

რუბრიკით: "დაუმორჩილებელი ქართული პოეზია"

დღეს, როდესაც საქართველოს კიდევ ერთხელ (და, ღმერთმა ქნას, უკანასკნელად) ადგას რუსეთის დიდმპყრობელური ძალმომრეობის აჩრდილი, პუტინისა და მისი ქართველ შინაგამცემთა გუნდის სახით, რომლებიც დროს უცდიან საქართველოს ევრაზიულ უღელში შესაბმელად, კიდევ ერთხელ გვსურს, გავიხსენოთ, თუ როგორ იბრძოდა ორი საუკუნის განმავლობაში ქართული პოეზია, იარაღით მებრძოლთა მხარდამხარ, ერთმორწმუნე დამპყრობლის წინააღმდეგ.

თვით ისეთი საერთო დღესასწაულის ჟამსაც კი, როგორიც არის უფლის აღდგომა, ქართველ პოეტებს არ ავიწყდებოდათ, რომ სწორედ ერთმორწმუნეობა იყო ის თვალის ამბმელი ხიბლი, რომელმაც სარწმუნოებრივი ასაკით უმცროსი ხალხი, სიუზერენის უფლებით, „უფროს ძმად“ აქცია და მათგან ისეთი სნება მიიღო საკუთარ თავზე, რომ მისი ტანჯვა მოძალადის ხელში, იესო ქრისტეს ტანჯვას ედარებოდა.

ამიტომაც იყო, რომ აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, რომელსაც უფლის მსასოებელი ქართველი ხალხი „აღვსების დღესასწაულს“ უწოდებს, ქართულ პოეზიაში ეროვნული თავისუფლების მოტივები უფრო მძლავრად ისმოდა და ხშირად, მეტაფორულად ქრისტეს აღდგომას მკვდრეთით სამშობლოს აღდგომა ეთანადებოდა.

საუკუნის წინ დიდი აკაკი თავის ვრცელი ლექსში „ქრისტე აღსდგა“, ქრისტეს აღდგომით აღტაცებული, ასე გამოხატავდა სამშობლოს მკვდრეთით აღდგომის მოლოდინს:

„მრწამს! და შენც მწამხარ წინამორბედად იმ აღდგომისაც, რომ ველი მეცა!

როდესაც ქვეყნად ტანჯულ სიმართლეს მკვდრეთით აღადგენს კურთხევით ზეცა.“

დავით თურდოსპირელის1906 წელს დაწერილ ლექსში გულმტკივნეულად აისახებოდა პოეტის უიმედო განწყობილება, რადგან ამ საყოველთაო ბედნიერების დღეს მისი ქვეყანა ვერ ხვდებოდა მისი შესაფერისი ღირსებით:

„ვით მივეგებო აღდგომას, ვით ვუძღვნა ნეტავ სალამი,

ოდეს ძირს გდია ტალახში ჩვენი დროშა და ალამი!“

იმავე განწყობილებით იყო დაწერილი იოსებ მჭედლიშვილის ლექსი “აღდგომა“ 1908წელს, ოღონდ მასში უკვე იგრძნობოდა იმედის სხივის ნაპერწკალი:

„მტანჯველ ცხოვრების შავი აჩრდილნი სამარეთაგან კვალად დგებიან;

ახალ ტანჯვებად გადაქცეულნი სიცოცხლეს მკაცრად ჩასჭიდებიან...

ოჰ, ნუ უწოდებთ მას სიხარულსა, რამაც სიმწრისგან გადიხარხარა!

არ წყალობს ბედი ბედშავ მამულსა, იესოც მკვდრეთით ჯერ არ აღმდგარა...

მაგრამ აღსდგება ბრწყინვალებითა, წმინდა აღთქმანი აღსრულდებიან

და მხოლოდ მაშინ ჩვენ ბედშავ მამულს ტანჯვანი ლხინად შეეცვლებიან!..“‘

პოეტური იმედები იზრდებოდა რუსეთის იმპერიის დაცემის კვალობაზე, რაც სილოვან ხუნდაძის ლექსში, რომელიც 1914 წლით არის დათარიღებული, სასიხარულო წინათგრძნობებს იწვევდა:

„ახლაც შევტრფი ერთ აღდგომას, რომელიც მე გამახარებს,

დარდს ძირიან აღმომიფხვრის, გამისწორებს შუბლის ღარებს!

მაშინ გინდ ძლივს დავფორთხავდე, შავი ღერიც არ მერიოს,

წამსვე შევიქმ ბუქნას, ვფიცავ, სიბერე ვერ მომერიოს!’

იგივე წინათგრძნობა ასულდგმულებდა პოეტ დომენტი თომაშვილს, 1915 წელს დაწერილ ლექსში:

„ჩემს იესოს ჩრდილი ადგას, საფლავს ლოდი აფარია

და კარიბჭის შესავალი უკეთურ სულს აბარია.

წინასწარ თქვა, აღვსდგებიო, ასრულდება – მრწამს და მჯერა,

შუქმოსილი ანგელოზი არ მოსულა მხოლოდ ჯერა.

საფლავის მცველთ ზარდამცემად მას მოველი მარტოოდენ

და გულში ვზრდი იდუმალად სააღდგომო „გიხაროდენს...“

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სამშობლოს ბედნიერი აღდგომის მოლოდინისა და ამ მოლოდინის გამართლების ამსახველი ნაწარმოებების არსებობა ერთი და იგივე ქართველი პოეტის შემოქმედებაში. 1914 წელს გიორგი ქუჩიშვილი წერს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ (№5) ლექსს, „აღდგომის ღამე“:

„ღამეა...მზებნელ ქვეყანას ჯერაც არ გასთენებია

გოლგოთის მთის ქვეშ, კვნესაში, უფრო ღრმად ჩასძინებია.

ღამეა...საპყრობილეში ზის სათნოების უფალი,

მოსთქვამს და მოსთქვამს მარიამ, იესოს ჭირისუფალი.“

და სულ სხვა ხმაზეა აჟღერებული იგივე თემა რუსეთიდან საქართველოს გამოხსნის ჟამს, 1918 წელს, ლექსში „აღდგომა“:

„ერი ჩემი აღსდგა მკვდრეთით; გზა მიეცით – ჩამოდექით!

გმირთა გმირი ამირანი მოიმღერის გრგვინვა–ჭექით!

სანეტარო დახსნის ხმები ეფინება ზურმუხტ მდელოს;

გაუმარჯოს ბორკილ აყრილ თავისუფალ საქართველოს!“

თუ რა მოხდა შემდეგ, ყველასათვის კარგად არის ცნობილი – რუსეთმა ხელმეორე ანექსია მოახდინა საქართველოში, მაგრამ, განსხვავებით ამ ანექსიის წინარე – მეფის რუსეთის იმპერიისაგან, ბოლშევიზმის იმპერიულ პერიოდში ქართველი პოეტები უკვე თავისუფლებაზე მიმანიშნებელ არათუ ლექსს, არამედ ფიქრსაც ვეღარ ბედავდნენ, რადგან თვით პოეტური ფიქრისთვისაც კი ელოდათ საპყრობილე და სასიკვდილო საფრთხე. რელიგიური დღესასწაულის ზეიმზე ხომ წარმოდგენაც არ შეიძლებოდა.

მაგრამ ქართველი ხალხი, ფარულად თავის სამშობლოში და ღიად შორეულ ემიგრაციაში, თავს არ ანებებდა თავისუფლებაზე და იმ ბედნიერი აღდგომის შემობრძანებაზე ფიქრს, რომელიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო საქართველოში.

როდესაც საქართველოში ათეიზმის საბჭოური უკუნი იდგა, ქართველოლოგ დევიდ ლენგს 1953 წელს ნიუ–იორკში ჩაუწერია ხალხური ლექსი ერთი რაჭველისაგან. ლექსი აღმოჩნდა მის კოლექციაში, რომელსაც „რაჭული სიმღერები“ ეწოდება. ეს რელიგიური ლექსი ფერხულში იმღერებოდა, რასაც მისი ანტიფონური წყობა ამჟღავნებს. მასში, ზემოთ მოხმობილი ლექსებისგან განსხვავებით, პოლიტიკური შინაარსი არ არის – უძველესი დროიდან შემორჩენილ ამ ხალხურ ლექსში ოდენ რელიგიური დღესასწაულის მოტივია და ჩვენც ამ ბედნიერი ლექსის განწყობილებით დავამთავროთ ეს პატარა წერილი და იმის სურვილით, რომ არასოდეს დადგომოდეს საქართველოს პოლიტიკური ვითარებით დამძიმებული ისეთი ჟამი, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე ქარაგმულად ვინატრებდით სასიკვდილო მონობისაგან სამშობლოს განთავისუფლებას!

აღდგომის სიმღერა

–ქრისტე აღსდგა! გიხაროდეთ.

მადლი მახარობელსაო!

–რომელსა და რომელსაო? –ჩვენსა მახარობელსაო.

გაიხაროს ყოვლმა სულმა, ყოვლმა სულმა–სულიერმა.

ტყემ და ველმა და ფურცელმა, სულ ყველამ გაიხაროსა.

ჭინჭველამ ფოლორცისამა – იმანაც გაიხაროსა.

ტყეში რომ ქალი შევიდა, იმანაც გაიხაროსა.

–ოი, ნეტავი ვიცოდე, ეს კაცი სადაურია?

–გუშინ რომ ცოლი მოჰყავდა, ეს კაცი იქაურია.

ტანთა ეცვა თეთრი ჩოხა, ახალუხი არყანისა,

არყანისა, ატლასისა, პერანგი აქვს ჯამფასისა.

ქუდი ლილში შეღებილი გვერდზე მოეპომპოლიკა!

–გუშინ ბიჭმა დედა–ბოძმა ზეცის კარი გადიარა.

ტანსა ეცვა თეთრი ჩოხა, ქუდი მოევარდიანა.

შევხედე და შემომხედა, გული დამიდარდიანა.

ქრისტე აღსდგა, გიხაროდეთ! მადლი მახარობელსაო!

დღესასწაული მზეს ჰყვარობს, და ღრუბელი ავსა დარსა.

ავსა დარსა, წვიმიანსა, კარგი დარი გვირჩევნია,

გვირჩევნია, გვრჩევნებია!

ბერსა ქალსა, ბებერასა, ახალგაზრდა გვირჩევნია,

გვირჩევნია, გვრჩევნებია!

ბერსა კაცსა, ბებერასა, ახალ–ვაჟა გვირჩევნია,

გვირჩევნია, გვირჩევნია!

დიდსა ქვევრსა ცარიელსა, პატარ სავსე გვრჩევნებია,

გვირჩევნია, გვრჩევნებია!

ქრისტე აღსდგა! გიხაროდეთ,

მადლი მახარობელსაო!

კომენტარი