სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მხოლოდ ქართულში" მოხვედრა წარმოუდგენელი ბედნიერებაა და შანსი იმისა, რომ დიდი გამოცდილება მიიღო" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მზიკო ფარტენაძესთან

ოცი წლის ახალგაზრდა, ულამაზესი მზიკო ფარტენაძე პროქტ „მხოლოდ ქართულში“ გამოჩენის შემდეგ ძალიან პოპულარულია. მისმა ნამღერმა და გასაოცარმა ვიზუალმა ქართველი მამაკაცების გული მოიგო. მზიკოს ძალიან დიდი გეგმები აქვს სამომავლოდ. ის სიმღერის პარალელურად სწავლობს. გაინტერესებთ, არის თუ არა ამ ახალგაზრდა ლამაზმანის გული დაკავებული?

მზიკო პირად ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დრონი.ჯი-სთან ღიად საუბრობს.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი შენს შესახებ

- მე ვარ 20 წლის მზიკო ფარტენაძე ბათუმიდან. სამი წელია რაც თბილისში სასწავლებლად დამოუკიდებლად გადმოვედი. ვცხოვრობ ორ მუსიკოს დაქალთან ერთად. დაახლოებით სამი წლის ასაკში დავიწყე სიმღერა და იქედან მომყვებას ეს სიყვარული, განსაკუთრებით ქართული სიმღერები მიყვარს.

- რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?

- ამ პროექტში მონაწილეობის მიღება მეგობრების დაჟინებულმა თხოვნამ გადამაწყვეტინა. მათ იციან, რომ განსაკუთრებულად მიყვარს ქართული სიმღერები, ამიტომაც ჩათვალეს, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა. Facebook გვერდზე ავტვირთე, ჩემი შესრულებული ქართული სიმღერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ ფაქტმაც დიდი გავლენა იქონია. გამბედაობა და სითამამე შემძინა, რომ თავისუფლად გავსულვიყავი ქასთინგზე და მიმეღო მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროექტში, როგორიცაა „მხოლოდ ქართული“.

- რთულია მოხვდე ასეთი რეიტინგული პროექტის, "მხოლოდ ქართულის" ათეულში?

- ვფიქრობ, რთულია ასეთ პროექტში მოხვედრა, რადგან კონკურენცია საკმაოდ მაღალია. სამი ურთულესი ეტაპის გავლა გიწევს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში ათეულში ხარ. ეს წარმოუდგენელი ბედნიერებაა და შანსი იმისა, რომ დიდი გამოცდილება მიიღო, მოახდინო შენი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მუსიკალურ სფეროში და გაიცნო საოცრად კარგი ადამიანები.

- როგორ ფიქრობ, იმსახურებდა თუ არა გიორგი კელაპტრიშვილი გამარჯვებას? გყავდა სხვა ფავორიტი?

- რადგან გაიმარჯვა გიორგიმ, ვფიქრობ, იმსახურებდა და ნებისმიერი იმსახურებდა გამარჯვებას. მხოლოდ მე არ ვფიქრობ ასე... როდესაც პროექტი დაიწყო, მაყურებლისთვის რთული აღმოჩნდა გამოერჩია „ფავორიტი“. საბოლოო ჯამში კონკურსის წესები ასეთია. ლაივების განმავლობაში მაყურებელმაც და ჟიურიმაც გიორგი გამოარჩია.

- გიორგი ნარმანიას გავარდნამ საზოგადოება აალაპარაკა. როგორ ფიქრობ, უსამართლობის მსხვერპლი გახდა?

- გიორგი ნარმანიას მუსიკალური შესაძლებლობები უსაზღვროა. ამ ადამიანთან მე ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს ისევე, როგორც სხვა კონკურსანტებთან. გიორგის შემთხვევაში იყო გარკვეული უსამართლობები, თუმცა მისი ბედი საბოლოოდ მაყურებელმა გადაწყვიტა.

- გარდა სიმღერისა კიდევ რით ხარ დაკავებული?

- ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს - ადმნინისტრირების ფაკულტეტზე. ეს სფერო ჩემთვის არანაკლებ მნიშვნლოვანია მუსიკასთან ერთად. ძალიან მაინტერესებს და სამომავლო გეგმებიც მაქვს სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ილიაში მესამე კურსზე ვარ და პარალელურად ვაგრძელებ კონსერვატორიაში ჯაზის ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლას.

- ძალიან ლამაზი ხარ! ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა პროექტში მოხვედრის შემდეგ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან?

- დიდი მადლობა. თაყვანისმცემლები საკმაოდ აქტიურები იყვნენ პროექტის მიმდინარეობისას და ახლაც. რა თქმა უნდა, არავის მიმართ მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება, პირიქით, ძალიან მსიამოვნებს მათი მხრიდან ყურადღება. ძირითადად ამ ყველაფერს დადებითი და პოზიტიური მიმოწერის სახე აქვს.

-ხარ თუ არა შეყვარებული?

- შეყვარებული არ ვარ. არ ვფიქრობ, რომ გვერდით ვინმე მჭირდება ან არ მჭირდება, ყველაფერი თავისთავად მოხდება.

-შენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი.

- ერთ წელიწადში ბაკალავრის საფეხურს ვამთავრებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონსერვატორიასთან ერთად მინდა მარკეტინგისა და მენეჯმენტის კუთხით გავაგრძელო მაგისტრატურა. რაც შეეხება მუსიკას, ვგეგმავ „ჯულიარდის“ სკოლაში ჩაბარებას, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამომივა. ეს სწავლება კი აუცილებლად ჯაზის განხრით იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100