თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - მეცხრე წელი და ახალი გამოწვევები

თბილისის საკმაოდ მრავალფეროვან საფესტივალო პროგრამაში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს (Tbilisi International Festival of Theatre) გამორჩეული ადგილი უჭირავს. მეცხრე წელია თეატრის მოყვარულები სექტემბერს განსაკუთრებულად ელიან,რათა სავარძლებში მოკალათდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე აქტუალურ და საინტერესო სპექტაკლებს ადევნონ თვალი.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიც არასდროს გვიცრუებს იმედებს და მუდამ ძიების, ახალი ფორმების დანერგვის,მაყურებელში თავისუფალი აზროვნების წახალისების და არსებული ჩარჩოების გადალახვის პროცესშია.

საერთაშორისო პროგრამის გარდა მაყურებელი ფესტივალზე,ტრადიციულად,ნახავს ქართულ სპექტაკლებსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქართული დასებისთვის არაჩვეულებრივი შანსია უცხოელ კრიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავი უკეთ გააცნოს და აჩვენოს რომ საქართველოც შესანიშნავად უწყობს ფეხს თანამედროვე თეატრის ტენდენციებს.

ფესტივალი ნელ-ნელა ძალაში შედის. დღეს მაყურებელი რუსული ლიტერატურის კლასიკოსის ანტონ ჩეხოვის პირველ პიესას იხილავს,რომელიც „ოქტომბრის რევოლუციის“ ორომტრიალს მწერლის დამ გადაარჩინა. ის ჩეხოვის სხვა ნაწარმოებებს არ ჰგავს და თეატრის მოყვარულთათვისაც სრულიად ახალი, ამაღელვებელი გამოცდილება იქნება. პიესა სცენაზე ირლანდიურმა დედ ცენტრმა (Dead Centre) გააცოცხლა, რომელიც თბილისს წელს პირველად სტუმრობს.

ფესტივალი კი 18 სექტემბერს კიდევ ერთი კლასიკოსის, სემუელ ბეკეტის საკულტო პიესით „თამაშის დასასრული“ გაიხსნა, რომელიც „სამეფო უბნის თეატრის“ სცენაზე შაუშპილ დორტმუნდის თეატრმა წარუდგინა ბეკეტის ქართველ მოყვარულებს.

ფესტივალის პროგრამაში წელსაც მოიძებნება სპექტაკლი, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართება და ყველა მსურველი შეძლებს მის ნახვას. როგორც ფესტივალის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი ამბობს, „ეს ფესტივალია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს თეატრი, არამედ სხვებისთვისაც – ვისაც შეიძლება, რომ თეატრი მომავალში შეუყვარდეს“,ამიტომ ასეთი წარმოდგენები ძალიან მნიშვნელოვანია.

ფესტივალის პროგრამა მრაფალფეროვანია - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია,იტალია,რუმინეთი, რუსეთი და პოლონეთი - ეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალია, რომელთა თეატრების სპექტაკლებს ქართველი მაყურებელი 9 ოქტომბრამდე ნახავს. ასე რომ შეგვიძლია მთელი არსებით გადავეშვათ "რეალობის ნატიფი გრძნობით" გადმოცემულ ამბებში.

სრულ პროგრამას შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნოთ.

კომენტარი