მუსიკოსი სოფი ქუბრიაშვილი მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi open air-ს უპირისპირდება

მომღერალი სოფი ქუბრიაშვილი მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi open air-ის შიდა სამზარეულოზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იმ უსამართლობას, რაც ამ ფესტივალზე ხდება, ღიად უპირისპირდება. სოფი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას, რათა კონკურსის შედეგები ბათილად იქნეს გამოცხადებული.

სოფი ქურბიაშვილი ბენდთან Unlimited-თან ერთად მღერის და ახლა ისინი ახალ ალბომზე მუშაობენ. რაც შეეხება Tbilisi open air-ს, სოფი ამასთან დაკავშირებით შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„მეგობრებო, ალბათ ცხოვრებაში ხშირად შეხვედრილხართ უსამართლობას კარიერული წინსვლის კუთხით, რაც გასაკვირი არაა საქართველოში. აქ ხომ დისკრიმინაცია, არაობიექტურობა და უსამართლობა "მოდაშია".

მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც წავაწყდი დიდ უსამართლობას. გეტყვით, რომ მუსიკა ჩემი (მოვიაზრებ ჩემი ბენდის წევრებსაც) ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველთვის ვიღებდი მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობას იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სხვა შესაძლებლობა, რომ მიაწოდო შენი შემოქმედება ხალხს. ბევრჯერ დავმარცძებულვარ, არაერთხელ წამოვსულვარ უიმედოდ, ცრემლებით სხვადასხვა პროექტებიდან ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდ... მოგიყვებით კიდევ ერთ უსამართლო შემთხვევას, რამაც საბოლოოდ მაიძულა, გავასაჯაროო ჩემი ემოცია და ყველას მივაწვდინო ხმა...

ჩვენი ბენდი იღებდა ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში (newcomers 2017) მონაწილეობას, სადაც წარმატებით გადალახა ორი ეტაპი და უნდა შეესრულებინა საკუთარი კომპოზიციები პროექტის ფინალში, 10 მაისს, ლისის ტბაზე, სადაც გამოვლინდებოდა სამი გამარჯვებული შემსრულებელი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებდნენ Tbilisi Open air 2017 წლის ფესტივალში.

მოგეხსენებათ, რომ ფინალური კონცერტისთვის სხვა მონაწილეებთან ერთად, ჩვენც მონდომებით ვემზადებოდით.

დილით, 10:30 საათზე მისულებს დაგვხვდა ჯერ კიდევ აუწყობელი სცენა, რომლის აწყობასაც ორსაათნახევარი ველოდებოდით. არაპუნქტუალურობას უკვე მივეჩვიეთ, საქართველოში ხომ ეს დაუწერელი კანონია...

მიუხედავად ყველა გარემო ფაქტორისა, ველოდებოდით ჩვენს გამოსვლას... მთელი დღის განმავლობაში, დილიდან ღამემდე, წვიმიან ამინდში სცენაზე გასასვლელად ვემზადებოდით.

ჩვენი გამოსვლის წინ, ძლიერმა წვიმამ დააზიანა აპარატურა და გათიშა ის. კონცერტი ვერ გაგრძელდა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ კომპოზიციების შესრულება. დავბრუნდით უკან, სადაც მოვყევით უამინდობის ეპიცენტრში და შუაღამის საათებში მივაღწიეთ სახლამდე.

უდაოდ, ჩვენი ვარაუდით, უნდა მომხდარიყო ფინალის ხელახლა ჩატარება თუნდაც დახურულ, პატარა სივრცეში, სადაც სამართლიანად მოხდებოდა გამარჯვებულების გამოვლენა. მაგრამ, ნაცვლად ამისა, კონკურსის ადმინისტრაციამ მეორე დღესვე გამოაქვეყნა გამარჯვებულთა სია ისე, რომ არც მოუხდენია ჩვენი ინფორმირება. აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამ განცხადების შემდეგ განვახორციელე არაერთი ზარი ერთ-ერთ ორგანიზატორთან უშედეგოდ. მას არც უპასუხია ჩემს ზარზე და არც შემდგომ უცდია დაკავშირება და ინფორმირება.

მადლობას გიხდით მათ, ვინც არ დაიზარეთ და წაიკითხეთ პოსტი ბოლომდე. მინდა მოგიწოდოთ, თუ მსგავსი უსამართლობის ობიექტი გახდებით, აუცილებლად დაიცავით თქვენი უფლება. ჩვენს ქვეყანაში ყოველ ნაბიჯზე, ყოველ კუთხე-კუნჭულში ბუდობს უსამართლობა და ეს გვანადგურებს ჩვენ და გვინგრევს მომავალს...

ახალგაზრდებო, თქვენ უნდა შეცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სწორედ თქვენ არ უნდა დაუჩოქოთ უსამართლობას! აკეთეთ საყვარელი საქმე მაშინაც კი, როცა არავინ აფასებს ამას“ - წერს მომღერალი.

კომენტარი