"მადლობა განგებას რომ ვარ - სალვადორ დალი" (ვიდეო)

1904 წლის 11 მაისს, დაიბადა სალვადორ დალი (Salvador Felipe Jacinto Dalí i Domènech, 1982 წლიდან Marqués de Púbol). დიდი სალვადორ დალი ქვეყანას მოევლინა ესპანეთში, კატალონიაში, ქალაქ ფიგერასში. მამა ნოტარიუსი იყო, დედა კეთილმორწმუნე კათოლიკე დიასახლისი. ხატავდა პატარაობიდან დედის ხელშეწყობით.

სწავლობდა ქალაქის მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიდან სწავლობდა მარისტების ორდენის აკადემიაში. 1916 წელს იმოგზაურა ქალაქ კადაკესში, სადაც გაეცნო თანამედროვე ხელოვნების მიღწევებს. 1917 წელს მამამ, თავიანთ სახლში, მოაწყო სალვადორის მიერ ნახშირით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. 1919 წელს მოეწყო მისი პირველი საჯარო გამოფენა ფიგერასის მუნიციპალურ თეატრში.

1921 წელს 16 წლისას დედა გარდაეცვალა. მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა ნიჭიერ ახალგაზრდას სწავლა გაეგრძელებინა სან-ფერნანდოს აკადემიაში. მადრიდში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების წარმომადგენლები, ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი. გატაცებული იყო ანარქისტული იდეებით, რომლებიც მაშინ საკმაოდ მოდაში იყო. ხელოვნებაში აინტერესებდა სიმბოლისტების ნაშრომები, მათი იდეები, ასევე, კუბისტები და ფუტურისტები. თავისთვის გაიაზრა ახალი ხელოვნების კონცეფცია და წერდა მანიფესტებს და ესეებს. პარალელურად, შეისწავლიდა ძველი ხელოვანების ოსტატობას. 1925 წელს ბარსელონაში მოაწყო პერსონალური გამოფენა, რამაც წარმატება მოუტანა. 1926 წელს გამორიცხეს აკადემიიდან პედაგოგებთან უხეში მოპყრობისა და რაც მთავარია, სტუდენტებზე ცუდი ზეგავლენის მოხდენის გამო.

1928 წელს გაემგზავრა პარიზში. პარიზში გაიცნო პიკასო. პიკასოს უკვე სმენოდა მის შესახებ. დალი ერთგვარ გავლენას განიცდიდა პაბლო პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედებისას. 1929 წელს სალვადორ დალიმ, ლუის ბუნუალთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სიურრეალისტური ფილმის "ანდალუსიური ძაღლის შექმნაში". სალვადორმა პარიზში გაიცნო გალა (ელენე დიაკონოვა) თავისი მომავალი მეუღლე, მენატურე და მეგობარი. გალა მაშინ ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ. გალას მეგობარი იყო პოეტი ქალი მარინა ცვეტაევა. გალა ბევრი შემოქმედისთვის იქცა შთაგონების წყაროდ თუ მუზად. 1930 წელს სალვადორ დალი მონაწილეობდა სიურრეალისტური ფილმის ‘’ოქროს ხანა’’-ს შექმნაში. შემდგომ ამისა, თანამშრომლობდა დიდ რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკთან ფილმში Spellbound (მოჯადოებული).

იმ დროისათვის, სალვადორ დალის შემოქმედება უკვე ძალიან პოპულარული გახდა. მას იწვევდნენ სხვადასხვა გამოფენებზე. 1929 წელს სალვადორ დალი შეუერთდა ანდრე ბრეტონის მიერ ჩამოყალიბებულ სიურრეალისტურ ჯგუფს. სიურრეალისტები ახალი დაშორებული იყვნენ დადაისტებისგან. ანდრე ბრეტონი თავის მანიფესტში, რომელიც 1924 წელს გამოაქვეყნა, ასე განსაზღვრავდა: სიურრეალიზმი არის "წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისუფალი, ყოველგვარი ესთეტიკური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი."

1934 წელს არაოფიციალურად დაქორწინდა გალაზე (მათი ოფიციალური ქორწინება მხოლოდ 1958 წელს შედგა). იმავე წელს პირველად გაემგზავრა ამერიკაში. სიურრეალისტების ჯგუფი მემარცხენე იდეების მომხრე იყო. მათთვის კარლ მარქსი და კომუნისტური პარტია მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. სიურრეალისტების ერთი ნაწილი კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩადგომას მიიჩნევდა აუცილებლად. ანდრე ბრეტონი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა ისინი მხარს უჭერდნენ რესპუბლიკელებს ესპანეთში, ფრანკოს მოწინააღმდეგეებს.

1939 წელს სიურრეალისტებმა გადაწყვიტეს სალვადორ დალის გარიცხვა ჯგუფიდან. დალიმ გაწყვიტა მათთან კავშირი და განაცხადა: "სიურრეალიზმი – მე ვარ!". ანდრე ბრეტონმაც არ დაახანა პასუხი და სალვადორ დალის თურმე უწოდა Avida Dollars. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიურრეალისტებმა არა ერთი ადამიანი გარიცხეს თავისი ჯგუფიდან.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ პიკასოს მისამართით სალვადორ დალის ასეთი რამ აქვს ნათქვამი: "პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა." იქნებ ეს უფრო თავისი თავის დახასიათება გახლდათ. ყოველ შემთხვევაში ცნობილია, რომ სალვადორ დალის ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავისი პერსონა: "ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით". ისე უნდა ითქვას, რომ სალვადორ დალის ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა ფრანცისკო ფრანკოსადმი.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მერე, სალვადორ დალი მეუღლესთან ერთად ამერიკაში გადავიდა, სადაც 9 წელი ცხოვრობდა. 1942 წელს გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული რომანი "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ავტობიოგრაფიული წიგნი ბესტსელერი გახდა. მერეც რამდენჯერმე გამოსცა წიგნი თავისი ცხოვრების შესახებ.

1949 წელს დაბრუნდა ევროპაში და კატალონიაში, ქალაქ ფიგერასში დასახლდა. ის ყოველთვის და ყველას აოცებდა თავისი იდუმალი და საოცარი შემოქმედებით და ექსტრავაგანტური ხასიათით.

1981 წლიდან პარკინსონის დაავადება დაემართა დიდ მხატვარს. მისი განუყრელი გალა გარდაიცვალა 1982 წელს.

1989 წლის 23 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა დიდი სალვადორ დალი, სიზმრისეული, მისტიკური, ირეალური თუ სიურრეალისტური შემოქმედების გენია. მისი ნეშტი შესვენებულია მუზეუმის სპეციალურ ოთახში, ერთგვარ ნიშაში. ასე დაიბარა.

სალვადორ დალის არა ერთი საინტერესო რამე აქვს ნათქვამი. გავიხსენოთ ორი:

"მადლობა განგებას ორი რამისათვის, რომ ვარ ესპანელი და ვარ - სალვადორ დალი!";

"საუკუნეებით დაშორებულნი - მე და ლეონარდო დავინჩი ხელს ვუწვდით ერთმანეთს"

კომენტარი