საქართველოს ნაკრებმა ბრძოლაში დამარცხება ისწავლა

კარის მშრალად შენახვისთვის ბრძოლაში გადატანილი 73 წუთი საქართველოს ნაკრებს მომავალი თამაშების წინ, გასაანალიზებლად გამოადგება. ჩემი აზრით, ეს პირველი თამაში იყო, რომელიც არა ფეხბურთელებმა, არამედ ქეცბაიამ წააგო. მართალია, ცოტა საოცარია, რატომ აირჩია მან - ლამაზი, შემტევი ფეხბურთის ტრფიალმა ყრუ დაცვის ტაქტიკა და რატომ დაავალა ფეხბურთელებს მთელი გუნდით მიჯაჭვულიყვნენ საკუთარ საჯარიმოს და მხოლოდ ამ მანძილიდან ეცქირათ ხორვატთა კარისთის, ისე რომ, მასთან მიახლოებაც არ ეცადათ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ტაქტიკა, ზოგადად, ფეხბურთში არ ამართლებს.

ფორტუნამ ქართველებს გულიანად, ხორვატებს კი ირონიულად გაუღიმა და წრფელი ღიმილი საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდისთვის მხოლოდ 73-ე წუთზე გაიმეტა, როცა კალაძემ ვერ შეძლო მეტოქის გაუვნებელყოფა და ხორვატებმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრეს. მანამდე კი იყო სირაძის საგოლე ჩაწოდება და ჯაბა კანკავას საგოლე თავური მე-17 წუთზე, როცა ხორვატთა გოლკიპერს არც კი უცდია გამოეცნო ჯაბას თავიდან ასხლეტილი ბურთის მიმართულება.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ეს იყო ერთთადერთი დარტყმა კარში, რომელიც ქართველებმა შეასრულეს. მათ არც ერთი კუთხური არ ჩაუწვდიათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შეტევაზე არ გადასულან. მეორე ტაიმში ქართველთა დაცვას კიდევ ერთი, დამატებითი, საიმედო და მეთორმეტე მცველი ჰყავდა - საკუთარი კარის ძელის სახით, რომელმაც, არც მეტი, არც ნაკლები, სამჯერ გადაარჩინა ლორიას კარი აშკარა გოლს...

აი, ლორიას თამაში კი ცალკე თემაა. პირადად მე მას ვერცერთ გოლს ვერ ავკიდებდი მხრებზე და ლორიას რომ შესანიშნავი ხედვა და რეაქცია აქვს, ეს კარგად გამოჩნდა ხორვატიასთან მატჩში - რამდენიმე მკვდარი ბურთის აღება მისგან მიანიშნებს, რომ საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი, ანუ მეკარე - ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია.

წააგო ქეცბაიას ტაქტიკამ, მაგრამ სამაგიეროდ, ხორვატი მწვრთნელის ტაქტიკამ გაიმარჯვა. მის მიერ განხორციელებული ცვლილებებიც ამის დასტური იყო. ქეცბაიას შესწევს უნარი, ეს თამაში გაანალიზოს და დასკვნები თვითონვე გამოიტანოს: სამ წუთში ორი გოლის გაშვება მიანიშნებს არა იმდენად ხორვატების სიძლიერეზე, რამდენადაც ჩვენი დაცვის უსუსურობაზე.

და ბოლოს. თქვენი არ ვიცი და, პირადად მე გამეხარდა, რომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ბრძოლაში დამაცრხება ისწავლა..

კომენტარი