სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა და რუსული ბაზრების შესახებ

პირველი შემაშფოთებელი სიტყვა, რომელიც ითქვა ბიძინა ივანიშვილის მიერ, გახლდათ ის, რომ საქართველოსთვის შორია მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობაზე ფიქრი, ჯერ უნდა დალაგდეს ურთიერთობა რუსეთთან და დავიბრუნოთ რუსული ბაზრები.

რას ნიშნავს ურთიერთობის დალაგება და რუსული ბაზრების დაბრუნება? მგლისა და კრავის სწორედ რუსული იგავიდან ეს ნიშნავს იმას, რომ კრავმა აღარც წყალი დალიოს და იმაზეც მადლობა უთხრას მგელს, ჯერჯერობით მთლიანად რომ არ შეჭამა და მხოლოდ ყურები და ფეხები მოაჭამა.

დავიწყოთ საკითხის სულიერი მხრით: როდესაც შენს დამპყრობელს - ძველს კი არა, სულ ახალთახალს, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ წაგართვა შენი ძირძველი ტერიტორიები, მიდიხარ და შეწყალებას თხოვ, ფეხქვეშ ეგები - მთელი მსოფლიო გიყურებს სიბრალულით და სიბრალულზე უფრო მეტი ზიზღით - ყველა იმას ფიქრობს, რომ შენ ღირსი ხარ იმ დამცირებისა, რომელიც მოგაყენეს, რაც განიცადე. სიდიადიდან შესაბრალისობამდე სულ ერთი ნაბიჯია და როგორც გახსოვთ, გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით უცქერდა ჩეჩნეთს - დედამიწის ყველა მცხოვრებმა გაიგო, რომ არის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც უზარმაზარ გოლიათს უმკლავდება, დღეს კი კადიროვის კრიმინალურ-გავასალებული ჩეჩნეთი მხოლოდ დაცინვის და ქირდვის საგანია.

აკი საქართველომაც დღეისათვის ძლივს დაიბრუნა გამსახურდიას დროინდელი მებრძოლი და დაუმორჩილებელი ხალხის სახელი, ქვეყნის ოკუპაციის პირობებშიც კი რომ ახერხებს მსოფლიოს წინაშე თავის გამოჩენას და ახლა ეს მონური და დამამცირებელი ნაბიჯი ყელს გამოგვჭრის მსოფლიოში.

მეორეს მხრივ, თუ ეროვნულ ღირსებას და თავმოყვარეობას არაფრად ჩავაგდებთ და ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვის ლოზუნგით წარვმართავთ მოქმედებას, ეკონომიკური თვალსაზრისით მთლად უნუგეშოდ გამოგვივა საქმე:

იმ რუსულ ბაზარს საკუთარი თავისებურება გააჩნია - რუსეთი, ეს არის ორი თავკომბალა ქალაქი - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი და დანარჩენი - პროვინცია. ორივე ქალაქს თავზესაყრელად აქვს ერთმანეთზე უფრო წარმატებული ქვეყნებიდან მიღებული ღვინოც, ჩაიცა და ციტრუსიც - ხოლო მთელი დანარჩენი რუსეთი არის ჭაობი, რომელსაც სრულად აკმაყოფილებს ჩინური პროდუქცია.

ივანიშვილი პირველი არ არის მსგავსი მცდელობით - წინა კაცი უკანა კაცის ხიდია და აბა დახეთ, რა ხდება დღეს აღმოსავლეთ ევროპაში: ადრე აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები დიდი პომპით ატარებდნენ სამგლოვიარო დღეებს, რუსების საოკუპაციო თარიღებთან დაკავშირებით. უკანასკნელ ხანებში კი ჩეხეთში, პოლონეთში ვეღარ ატარებენ ძველებური რიხით მსგავსი ხასიათის გამოსვლებს. რათა? - იმითა, რუსები რომ არ გაანაწყენონ. რუსების განაწყენება კი იმიტომ არ სურთ, რომ დასავლეთში ვეღარ ასაღებენ თავიანთ პროდუქციას და რუსული ბაზრის დაბრუნება მოსდომნიათ. შედეგი? არავითარი, არ მიიღო ისინი რუსულმა ბაზარმა, იმიტომ, რომ გაჯერებულია მაღალგანვითარებული დასავლეთისა და სწრაფადგანვითარებადი ჩინეთის პროდუქციით.

აღმოსავლეთ ევროპიდან გვაფრთხილებენ - ახლა ამ ფოცხზე დაბიჯებას ცდილობენ ქართველები და ნუ დააბიჯებთო! თუ დასავლეთისკენ არ გვინდა გახედვა -აღმოსავლეთით გავხედოთ ჩვენს ყოფილ იმეპერიული თანადაჩაგრულობის ობიექტებს - განა რუსულ ბაზარზე ნაკლებია სლავური უკრაინულ-ბელორუსული ან აზიური ყაზახურ-თურქმენული და აზერბაიჯანული ბაზრები?

მაგრამ, საქმეც ის გახლავთ, რომ რუსული ბაზრების დაბრუნება ივანიშვილისთვის სატყუარაა, რუსეთთან ძველებური ერთგულქვეშევრდომული ალიანსის გაფორმებისათვის!

ასე მაცდუნებლად ჩამოვიდა შევარდნაძეც, რომელიც მთელი წელი მალავდა თავის ნამდვილ განზრახვას - რუსებთან ძველებური ვასალური ურთიერთობის გაფორმებას. ისიც ივანიშვილივით მჟავე პატრიოტებმა ჩამოიყვანეს და როდესაც ჩამოსვლიდან ერთი წლის თავზე ყველას დაანახა, რომ არანაირი რეფორმები არ ჭრიდა რუსეთში შეუსვლელად, სწორედ იმ მჟავე პატრიოტების მხარდაჭერით მოამზადა ახალი ხელშეკრულება, არ დააკლო მოწადინება თვით იმ დონეზე, რომ ავადმყოფი რეჟისორი აბულაძე საკაცით მოაყვანინა ხმის მისაცემად და მოქანდაკე წერეთელი მთელ საბჭოურ სივრცეებზე გადაჯდომა-გადმოჯდომით გადმოაფრინა და ციმციმ შეაქანა საქართველო დსთ-ში!

სავარაუდოა, რომ იგივეს უქადის საქართველოს ივანიშვილიც: ერთი წელი იფაფხურებს რუსეთის კრემლის ლიდერებთან, ერთი წელი აცდევინებენ საათობით მაღალი კაბინეტების კარებებთან და როცა, ვითომცდა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს მიაღწევს, აღიარებს და აღიარებინებს თანამოაზრეებსაც, რომ უშუალოდ რუსეთთან შეერთების გარეშე არაფერი გამოდის და შეაგრიალებს საქართველოს ევრაზიულ კავშირში - ხელს არ მოუწერენ „მეოცნებეები“ თუ რა? თუკი შევარდნაძე ტკბილი სიტყვებითა და თანამდებობების დაპირებებით აწევინებდა ხელს დეპუტატებს, ივანიშვილი ფულით ვერ ააწევინებს?

ხოლო, თუ საქართველოს ხელახალი დამონების მსგავსი მზაკვრული მიზანი არ არის ჩაფიქრებული, მაშ რად იკლავენ „ოცნების“ ადეპტები თავს კონსტიტუციური უმრავლესობის მისაღწევად? რად არის ასეთი თავპირისმტვრევა სულ რამდენიმე რაიონსა და უბანზე? გვიბრძანეთ ერთი, რომელ ხალხისათვის სასარგებლო წინადადებას შეიძლება არ დაუჭიროს მხარი ერთდროულად და ერთხმად პოზოციამაც და ოპოზიციამაც? საქმეც ის გახლავთ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა „ოცნების“ წევრებს სჭირდებათ ერთადერთი მიზნით - როდესაც დადგება კრიტიკული სიტუაცია და ევრაზიაში შესასვლელად საჭირო გახდება ხელი ააწევინონ ორ მესამედს, ნაციონალებმა არ უნდა შეუშალონ ხელი! დღევანდელი მოვლენები ისე წარიმართა, რომ ალბათ ვეღარ შეძლებენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას და ახლა დღის წესრიგში უდგათ ახალი საკითხი - რადგან საკუთარი ხმები არ ჰყოფნით, ოპონენტთა პარტიიდან გადმობირების იმედებს ისახავენ. უნდა ითქვას, რომ, სხვა ოცნებებისგან განსხვავებით ეს, შესაძლოა, მართლაც არ იყოს ფუჭი ოცნება - თუ, მააგლითად, სანიკიძეს ასეთ საქმეებზე დასათანხმებლად ერთი მილიონი სჭირდება, სხვებს არც მაგდენი უნდათ - მეათედზეც დათანხმდებიან - ნაციონალების დღევანდელ შენადგენლობაში ზოგი წევრის არსებობა საპირისპირო მოსაზრების იმედს იძლევა, თუ რა? თუკი 1993 წელს შევარდნაძემ დღევანდელი ნაციონალების რამდენიმე გამოკვეთილი სახეც კი დაარწმუნა, რომ დსთ-ში შესვლა აუცილებელი იყო, ვინ იძლევა გარანტიას, რომ ბიძინა ივანიშვილის მატერიალური არგუმენტები ნაკლებად გაჭრის ნაციონალების რიგებში მყოფ მოყოყმანე ადამიანებზე, თუკი დავუშვებთ, რომ მათ შორის ასეთები არიან? და თუ გაჭრის, გამოდის, რომ საქრთველოს უკვე მესამე და საბოლოო ანექსიას ერთად აუწევენ ხელს!

ახლა ისიცა ვთქვათ და, თუ ივანიშვილი თავის რუსულ დარეგულირებას ქვეყნის გამთლიანების სურვილით ამართლებს და სურს ქართველები ანუგეშოს, რომ ამ გზით ისინი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებენ - ნურას უკაცრავად. რუსეთს დატაცებული თავისი ნებით ჯერ არსად არაფერი დაუთმია და ჩვენც ისევე ვერასოდეს ვერ ვიხილავთ ძალით დატაცებულ ჩვენს მიწა-წყალს, როგორც შარშანდელ თოვლს. ყველაზე მეტი, რასაც რუსეთთან დაახლოებით და მის პოლიტიკურ კავშირში შესვლით შეიძლება მივაღწიოთ ეს იქნება საკუთარი თავის იმ პოზაში და მიმართებაში ჩაყენება, როგორშიც არიან დღეს აფხაზეთი და ე.წ, სამხრეთ ოსეთი და მათთან ურთიერთობაც წარვმართოთ ძველი საბჭოური ნიხრით რუსეთს დაქვემდებარებულ თანაბარუფლებიან იმპერიისშიგა განაწესის პირობაზე. და არამცდაარამც არ მოხდება ჩვენი მიწების რუსეთისაგან ტკბილი სიტყვით დაბრუნება.

დაბრუნების სხვა გზები არსებობს: მაგალითად - მსოფლიო საზოგადოებრიობისა და, პირველ რიგში, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთში და იქ რეფერენდუმის ჩატარება; ისეთი სახის შიდა სოციალური აფეთქება რუსეთში, როდესაც ყოფილი სიუზერენი ვეღარ მოიცლის ჩვენთვის; რუსეთის ჩაბმა დიდ საომარ მოქმედებებში და ა.შ. დღევანდელი მსოფლიოს სწრაფად ცვლად პოლიტიკურ პირობებში უახლოეს წლებში არცერთი ეს საშუალება არ არის გამორიცხული. ხოლო ივანიშვილის რუსეთთან მეგობრობის ნაბიჯები, თუნდაც კეთილი განზრახვებით, საქართველოს წინასწარი მარცხისათვის არის განწირული!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100