ქუჩაში მოხეტიალე ბავშვები და მშობლები, რომლებსაც ისინი ვერ ირჩევენ - რა გარემო პირობებში უწევთ არასრულწლოვანებს ცხოვრება და მუშაობა?

ბავშვი საკუთარ მშობლებს არ ირჩევს, თუმცა თავად მშობელს შეუძლია აირჩიოს შვილის გარემო პირობები შესაძლებლობების მაქსიმუმიდან გამომდინარე ისე, რომ ბავშვი საკუთარ თავს არ აიმედებდეს სიტყვებით - მშობლებს ჩვენ ვერ ვირჩევთ.

სამწუხროდ, დღეს ბავშვთა უფლებები და პირობები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გარეთ „მოხეტიალე“ არასრულწლოვანებისა, რომლებიც ან მოწყალებას ითხოვენ, ან ვაჭრობენ.

საქმე იმაშია, რომ ამ ბავშვების უმეტესობას მშობელი აიძულებს ქუჩაში გასვლასა და ფულის შოვნას. ზოგიც მშობლებისგან დამოუკიდებლად ითხოვს მოწყალებას, თუმცა მათი რიცხვი ბევრად მცირეა.

ორი თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ გაზაფხული არ იგრძნობოდა ქუჩებში და სუსხიანი ამინდები იყო, მეგობრისგან წამოსულს საღამოს 22:00 საათზე დიდუბის ხიდზე პატარა, ხუჭუჭა ბიჭი შემხვდა, დაახლოებით 8-10 წლის. კიბეზე მობუზული იჯდა და ხელი ჰქონდა გამოშვერილი. ნახევრად ბრაზმორეულმა აცრემლებული თვალით ვკითხე, თუ რას აკეთებდა იმ დროს ისეთ ქარიან ამინდში იქ. მისმა სევდიანმა გამოხედვამ ბრაზი სევდით შეცვალა, ეტყობოდა, რომ არც ბოშა და არც სხვა ეთნიკური წარმომავლობის იყო, გამართული ქართულით მიპასუხა, რომ დედა სხვა საქმით იყო დაკავებული და თავად უწევდა მოწყალების თხოვნა. კარგად არ მახსოვს, როგორ გავხსენი საფულე და რამდენი ხურდა ჩავუყარე, რადგან აქცენტი ხელის კანკალზე მქონდა გადატანილი, ვცდილობდი ემოციები არ შემტყობოდა. ცივად გამოვტრიალდი და ყოველ ნაბიჯზე მიმძაფრდებოდა სურვილი, მისთვის ხელი ჩამევლო და სადმე მიმეყვანა, სადაც იზრუნებდნენ პატარა, ხუჭუჭა ბიჭზე, რომელსაც თავის დროზე რომ გამართლებოდა და შეძლებულ ოჯახში დაბადებულიყო, კარგი განათლება მიეღო, ბევრისთვის სასურველი მეგობარი და კოლეგა იქნებოდა, რადგან ვიზუალიც საოცრად განსხვავებული ჰქონდა.

რატომ არ წამოვიყვანე? სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცოდი ამ პატარაზე ვინ იზრუნებდა, ექნებოდა თუ არა მუდმივი თავშესაფარი, სად იქნებოდა სოციალური მუშაკი, ვისთვის მიმემართა. თუმცა ყველაზე დიდი მიზეზი კი მისი დედიკო იყო, რომელიც ალბათ როგორ წვალობს, რომ ეს პატარა გამოკვებოს, მე კი ასე, ერთი ხელის მოქნევით გამომეტაცა მისთვის უსაყვარლესი შვილი. ან იქნებ ლოთი იყო და მხოლოდ სასმლის ფულს აგროვებდა, ბავშვსაც ამ მიზნისთვის იყენებდა და ქუჩაში ამათხოვრებდა (როგორ მძულს ეს სიტყვა), არ ვიცი... მასზე არაფერი ვიცოდი, თუმცა ფაქტია, რომ ასეთ ბავშვებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და თანადგომა სჭირდება.

მოვიდა დაგიანებული ზაფხულიც და ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დავინახე დედა-შვილი როგორ მიდიოდა შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომობილებთან და როგორ სთავაზობდა ხატებისა და სანთლების ყიდვას. მზე ძალიან აჭერდა, შუა დღის მზე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. ასფალტი ისეთი ცხელი იყო, სიარულისას ფეხის გულებს რომ გვწვავს. ასეთ სიცხეში ვაჭრობდა პატარა გოგონა დედასთან ერთად. ხომ შეიძლებოდა ამ გოგოს უდარდელი ბავშვობა ჰქონოდა და დამტკბარიყო იმ წლებით, რომელიც როგორც წესი, ლაღი და მხიარული უნდა იყოს.

ბავშვები ყველასთვის სენსიტიური თემაა, თუმცა აუცილებლად ყურად საღები, რადგან ყველა ცენტრალურ უბანში დავინახავთ ხელგამოშვერილ პატარებს, ყველა მეტრო სადგურში თითო მაინც არის და დადიან ვაგონიდან ვაგონში. ჩვილებს კი თავად დედები ატარებენ. ბავშვი ერთგვარი ბიზნესის წყაროდ არის ქცეული მშობლისთვის და მათზე მკაცრი ზომები არ ტარდება, თუმცა არსებობენ მობილური ჯგუფები, რომლებიც „ქუჩაში მოხეტიალე ბავშვებზე“ მუშაობენ.

ირინა წერეთელი, მობილური ჯგუფის უფროსი სოციალური მუშაკი:

„დღევანდელი მონაცემებით, უმეტესობა გარეთ მოხეტიალე ბავშებისა არიან ბოშები და ქურთები, რომლებიც აზერბაიჯანიდან არიან წამოსული, რადგან იმ ქვეყანაში მათხოვრობა კანონით არის აკრძალული. ისინი წამოვიდნენ დაახლოებით ათი წლის წინ და ასევე არიან ქართველები. ეთნიკურად არაქართველებისთვის ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, რომელსაც სამუშაოს ეძახიან. ისინი ცხოვრობენ ისან-სამგორის ტერიტორიაზე და პატარა ბარათები აქვთ. მათი ცხოვრების წესი ანუ მოწყალების თხოვნა გადაეცემა თაობიდან თაობას. რაც შეეხება ჩვენი დახმარების სერვისებს, თბილისში მოქმედებს ორი ჯგუფი და ქუთაისში ერთი. მობილურის წევრები ვართ სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, თანასწორ-განმანათლებელი და მძღოლი, ინტერვენცია ხორციელდება ჯგუფის ოთხივე წევრის მიერ. ძალიან საინტერესო პოზიცია აქვს თანასწორ-განმანათლებელს, რომელსაც ცხოვრების იგივე გზა აქვს გამოვლილი და არის სრულწლოვანი პირი, მას მარტივად შეუძლია ამ ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარება. მაქსიმალურად ვცდილობ პირველ რიგში დავამყაროთ კომუნიკაცია და შემდეგ ვთავაზობთ დახმარების სერვისს. ეს არის დღის ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს 2016 წლის სექტემბრიდან. ჩვენთან არ არსებობს ტერმინი ქუჩაში მომუშავე ბავშვი, მათ ვუწოდებთ მიუსაფარ ბავშვებს და ვთავაზობთ დახმარებას. ჩვენი ცენტრი ფუნქციონირებს ყოველდღიურად, მათ გამოკვებასთან ერთად შეუძლიათ ისარგებლონ ფსიქოლოგის სერვისით, პედაგოგების სერვისით, რომლებიც ინდივიდუალურ პროგრამებს ქმნიან და თითოეულზე ინდივიდუალურად მუშაობენ, რადგან საბაზისო განათლება ბევრს არ აქვს და სჭირდება სხვადასხვა ეტაპების გავლა. აქ ბავშვები არიან დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე. თბილისში დღეს დღეისობით არის ექვსი თავშესაფარი და ექვსი დღის ცენტრი. რაც შეეხება სადღეღამისო თავშესაფარს, ეს არის „სახელმწიფო ზრუნვა“ თანხმობის შემთხვევაში ბავშვები გადაგვყავს იქ. ამ თავშესაფარში ცხოვრობენ ის არასრულწლოვანები, რომლებიც იდენტიფიცირდნენ მიუსაფარ ბავშვებად. მათზე გაიცემა დროებითი დოკუმენტი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ბავშებს ეძლევათ განათლების მეორე შანსი. ამ პროგრამაში ჩართულია განათლების სამინისტრო და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მათი ცოდნის დონის ამაღლებას. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ მათ მშობლებზე, რაც ძალიან რთულია.“

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დღის ცენტრები და თავშესაფარი, ამ სერვისით ძალიან ბევრი მაინც არ სარგებლობს და ქუჩაში მოწყალების თხოვნასა და ვაჭრობას ამჯობინებს. რაც, უფრო მშობლის ზეგავლენიდან გამომდინარე ხდება, ვიდრე საკუთარი სურვილით, რადგან ბავშვს მარტივი გარემო სიამოვნებს, მისი არჩევანი კი მშობლისას ხშირად არ ემთხვევა, უფრო ხშირად კი, სოციალური პირობებიდან გამომდინარე უწევს ისე მოიქცეს, როგორც ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია და რომლისთვისაც უცხოა სათამაშო, წიგნი, გართობა, თანატოლებთან თამაში, რომელიც მიჩვეულია სტრესულ გარემოში ცხოვრებას და ალბათ ვერც კი წარმოიდგენს, სინამდვილეში რატომ ენატრებათ ზრდასრულებს ბავშვობა.

კომენტარი