სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი: ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური პრეზიდენტის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„23 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა - აფხაზეთის ომი დაიწყო. მან ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის სისხლიან დაპირისპირებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ამ კონფლიქტმა ორივე მხარეს იმსხვერპლა.

მოძმე ხალხთა შორის ომს უმძიმესი მატერიალური, ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი მოჰყვა. ასეულობით ათასი ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში.

სამწუხაროდ, ომის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი გაკეთდა ხალხებს შორის გაუცხოების გასაღრმავებლად, ვიდრე ერთიანობის აღსადგენად. კონფლიქტების მოგვარება კვლავ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, და ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობის გზით, ურთირთპატივისცემის, ნდობისა და თანამშრომლობის ვითარებაში. ასეთი ატმოსფეროს ფორმირება კი უნდა დაეფუძნოს გაცნობიერებას, რომ რევანშიზმს მომავალი არ აქვს.

ჩვენ ერთად შევქმნით ძლიერ, განვითარებულ ქვეყანას, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოს, რომელიც იქნება გარანტი მისი ყველა მოქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოლიტიკურ უფლებათა ხელშეუხებლობის, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული განვითარების, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაღრმავების.“ - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100