სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო აშენდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო აშენდება, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება.

განცხადება პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ რუხში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად კლინიკისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამეგრელოში საავადმყოფოს აშენება კოალიცია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ზუგდიდის რაიონში საუნივერსიტეტო კლინიკის აშენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა. კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რადგან ისინი სწრაფად მიიღებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება.

გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე სტუდენტების, რეზიდენტების,კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მსმენელებისა და აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის სპეციალური კომფორტულისაერთო საცხოვრებლის აშენებაც იგეგმება.

კლინიკის მშენებლობაზე დევნილები დასაქმდებიან. საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გადამზადებას გაივლის და კლინიკის ტექნიკური თუ დამხმარე პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს. კლინიკაში სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრი რუხში მდებარე დევნილთა დასახლებასაც ეწვია და დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100