ასე იხსენებენ ბობ დილანის თბილისურ "ვოიაჟს"

აი რას იხსენებენ ბობ დილანის შესახებ დავით ზურაბიშვილი და ნუგზარ ერგემლიძე...

დავით ზურაბიშვილი; ბობ დილანი თბილისში; (ნამდვილი ამბავი)


1985 წელი. საბჭოთა კავშირი. საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა. ქალაქი თბილისი.

პერესტროიკა“ ახალი დაწყებულია. რუსულ ჟურნალ–გაზეთებში უკვე დაიწყეს ადრე აკრძალული პუბლიკაციების ბეჭდვა.

კონოთეატრებში აბულაძის „მონანიება“ და სოლოვიოვის „ასსა“ გადის, მოსკოვის არხებზე შევჩუკის, გრებენშჩიკოვის და ცოის კონცერტებს გადმოცემენ. წამდაუწუმ ისმის ახალი ლოზუნგები: ускорение, гласность, новое мышление.

თუმცა თბილისს ახალი დროების ბევრი არაფერი ეტყობა. ცეკას პლენუმები ძველებურად ტარდება და რიტორიკაც ძველებურია: გეგმა–ვალდებულებებს შევასრულებთ, ავაღორძინოთ სპორტი, დაუნდობელი ბრძოლა ნარკომანიას და პროსტიტუციას. ჩვენი ცეკას მდივანიც ახალგაზრდა კაცია, ჯუმბერ პატიაშვილი, მეტსახელად „ჯიპი“. თუ ვინმეს დაიჭერენ, ამბობენ ჯიპი დაეჯახაო.

ეროვნული მოძრაობა ჯერ არ გახურებულა.

ტრანსკავკასიული მაგისტრალზე დებატებიც წინაა და ქართულ ინტელიგენციასაც არ გაუგზავნია საპროტესტო წერილი: ჰოლივუდში, შვარცნეგერის მონაწილეობით რომ ახალი ფილმი გადაიღეთ, იქ მთავარი უარყოფითი გმირის გვარი რუსთაველი რატომ არისო. თუ რუსთაველის ამბავი უკვე იყო? ზუსტად აღარ მახსოვს..

ვმუშაობ საკმაოდ პრესტიჟულ და იმ დროისათვის სუპერლიბერალურ ორგანიზაციაში, რომელსაც მთარგმნელობით კოლეგიას ეძახიან. ისე კი ძალიან დიდი სახელი ჰქვია: საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგია.

ერთ დღესაც სამსახურში ვარ და ძმაკაცი მირეკავს.

– ბიჭო, გაიგე? ბობ დილანია მწერალთა კავშირში!

– რაა?

– მართლა. საქართველოშია ჩამოსული და ახლა უნდა იყოს მისული მწერალთა კავშირში!

რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. ანდა როგორი დასაჯერებელი იყო? არც ტელევიზიით არაფერი გამოუცხადებიათ, არც გაზეთებში დაწერილა. ბოლო-ბოლო ბობ დილანი უბრალო ტურისტი ხომ არ არის, კარგი, ის კი დავუშვი, რომ თბილისში შეიძლებოდა ჩამოსულიყო, ბი ბი კინგი ხომ იყო, თან გაქანებული ზასტოის დროს, მაგრამ მწერალთა კავშირში? ნონკონფორმიზმის საკულტო ფიგურა კონფორმიზმის ციტადელში?

მოკლედ არ დავიჯერე, თუმცა, ის ჩემი ძმაკაცი ისე დაჟინებით ამტკიცებდა, ასპროცენტიანი ვიციო, რომ აშკარად არ მაშაყირებდა.

თან მთხოვდა, შენ ხომ მაქ მუშაობ და იქნებ მე და კიდევ ერთი კაცი შეგვიყვანო შენობაშიო.

იმის ახსნა აღარ დამიწყია, რომ უშუალოდ კავშირში არ ვმუშაობდი. თუმცა, ყასიდად მაინც გავიკითხე, ხომ არ იცით მწერალთა კავშირში თუ ხდება რამე-თქო. როგორც აღმოჩნდა, მართლაც იყო დანიშნული რაღაც შეხვედრა, ამერიკელი პოეტების დელეგაცია აღმოჩნდა ჩამოსული ორი დღით და თარჯიმნად კოლეგიის თანამშრომელი, ზაზა ალექსიძე ჰყავდათ მიწვეული. დილანის შესახებ მანაც არაფერი იცოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მაინც წავყევი.

------------------------------------------------

მწერალთა კავშირის შენობასთან დიდი ხალხმრავლობა არ იყო. კართან მხოლოდ ახალგაზრდების მცირერიცხოვანი ჯგუფი იდგა მათ შორის კომპოზიტორი და მომღერალი, ამჟამად ლეიბორისტების სიით გასული დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე, კართან მდგარ კოსტუმიან უცნობს ეუბნებოდა, თუ არ მიშვებ, იქნებ ავტოგრაფი მაინც გამომიტანოო.

აი, მაშინ კი გულმა მაცნობა, რომ რაღაც საინტერესო ხდება. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი.

შენობაში ჩემი მაგიური მოწმობის წყალობით, ყველა კარს რომ აღებდა და რომელსაც დიდი ასოებით ეწერა „საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი“ (მეორე მხარეს კი ეწერა პატარა ასოებით კოლეგიის გრძელი სახელი, მაგრამ იმას ვინ კითხულობდა!), დაუბრკოლებლად შევედი შენობაში.

შემდეგ თარჯიმანთან ერთად გადავინაცვლე თავმჯდომარის ოთახში და ვიხილე სრულიად წარმოუდგენელი რამ.

ბობ დილანი, ეს ცოცხალი ლეგენდა, ვითომც არაფერი, ისე ზის დიდ ოვალურ მაგიდასთან, ერთ მხარე მისი შვილი, ახალგაზრდა ჯეიკობი უზის, მეორე მხარეს კი რეზო ამაშუკელი. მათთან ერთად მაგიდას კიდევ რამდენიმე ამერიკელი სტუმარი და ცნობილი ქართველი მწერლები უსხდნენ. დარბაზში ფეხზე მდგომი კიდევ უფრო მეტი იყო, ამიტომაც არავის უკითხავს, შენ ვინ ხარ და აქ რა გინდაო.

---------------------------------------------

ახლა ძალიან ძნელია იმ განცდის რეკონსტრუირება, რაც მაშინ დამეუფლა. ბობ დილანი არ იყო მხოლოდ მსოფლიოში სახელგანთქმული ბარდი, ჩემი საყვარელი სიმღერების ავტორი და შემსრულებელი. ის განასახიერებდა სულ სხვა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ რკინის ფარდით დახურულ და მიუწვდომელ სამყაროს, რომლის ნახვაც აკრძალული გვქონდა, მას მხოლოდ ვუსმენდით „ამერიკის ხმის“ და „რადიო სვობოდას“ გადაცემებს მიჯაჭვულები, ის განასახიერებდა თვით თავისუფლებას, ნატვრას, რომელიც არ შეიძლებოდა დაწერილიყო გაზეთებში და გადაცემულიყო ტელევიზიით...

და ყოველივე ეს, განსხეულებული და განკაცებული, ახლა იჯდა აქ, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარის კაბინეტში, რეზო ამაშუკელის გვერდით.

ლაპარაკობდა ამერიკელი პოეტების დელეგაციის ხელმძღვანელი, რობერტ ბლაი, წმინდა რიტუალური სპიჩი ჰქონდა, მეგობრობა, ურთიერთგაგება და ა. შ.

სამაგიეროდ ჭაბუა ამირეჯიბმა გამოიჩინა თავი და სრულიად წარშეუხრელად განუცხადა სტუმრებს, რომ ამ შენობაში მუდამ იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც ოქტომბრის რევოლუციის იდეალებით ცხოვრობდნენ და სულდგმულობდნენ. მერე რა ილაპარაკა აღარ მახსოვს. ერთი ეს დამამახსოვრდა კარგად.

დილანს აშკარად ეტყობოდა, რომ ოქტომბრის რევოლუციის იდეალები სულ არ აინტერესებდა და საერთოდ ცოტა დაბნეულად გამოიყურებოდა. სიგარეტის ამოღებას შეეცადა ჯიბიდან და იმდენი იწვალა, რომ ბოლოს რეზო ამაშუკელმა გაუძრო კონტრაბანდული „მალბორო“, სანთებელით მოუკიდა და თან ისე გადახედა, თითქოს ეუბნებოდა, რამე არ შეგეშალოს აქ შენზე ნაკლები ბიჭები არა ვართო.

როგორც მოგვიანებით გავიგე ზაზა ალექსიძისგან, რომელიც ორი დღე დაჰყვებოდა ამ დელეგაციას, ბობ დილანს განზრახული ჰქონია შვილთან ერთად თავისი წინაპრების მშობლიურ ქალაქში, ოდესაში ჩასვლა და რახან საბჭოთა კავშირში პოეტების დელეგაციაც მოდიოდა, იმათ გამოჰყოლია.

ასე მოხვდა თბილისში.

შეხვედრა მალე დასრულდა. სტუმრები წამოიშალნენ და გავიდნენ.

დილანთან მისვლა და დალაპარაკება არც მიფიქრია. ჯერ კიდევ არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ნამდვილად მას ვხედავდი ცოცხლად. ერთადერთი ზაზას ვთხოვე: სადმე მაინც პატარა პერფორმანსის მოწყობა თუ გადაწყვიტა, გამაგებინე–თქო. კიო. დამპირდა ისიც და სტუმრებს გაჰყვა.

-------------------------------------------------------

ორი დღის შემდეგ ალექსიძე მიყვებოდა, რომ პერფორმანსი არა, მაგრამ რეზო ამაშუკელს გადაუწყვეტია მისი სახინკლეში წაყვანა. ამაშუკელი ეტყობა იმიტომ მიამაგრეს, რომ ინგლისური იცის და ჯაზი უყვარს, რომელი ჯაზმენი დილანი იყო, მაგრამ რამდენადაც ძველი თაობის საბჭოთა მომენკლატურა მთელ ბურჟუაზიულ მუსიკას „ჯაზებს“ ეძახდა, ასეთი არჩევანიც არ იყო გასაკვირი.

მოკლედ, მიჰყავთ სახინკლეში, კოლმეურნეობის მოედანზე.

კოლმეურნეობის მოედანი დღეს რა არის და მაშინ ნამდვილი საშინელება იყო. იქაური სახინკლეები კი უგემური ხუთკაპიკიანი ხინკალით, ჭუჭყიანი კედლებით და ქონიანი ქაღალდებით სავსე ნაგვის ყუთებით, თითქოს ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა სტუმართან თავმოსაწონ ადგილად,. ოღონდ ეს ხომ საბჭოთა საქართველო იყო! ამიტომ ერთ–ერთ ასეთ ბინძურ სახინკლეში, მიწისქვეშა სარდაფში სპეციალური ოთახი გახლდათ გამოყოფილი საპატიო სტუმრებისთვის, სადაც ხინკალიც სხვანაირი კეთდებოდა, ქაბაბიც და ჩეხური ლუდიც მოჰქონდათ.

მაგრამ საწყალი ბობ დილანი ხომ საბჭოური ნიუანსების გაგებაში არ არის და თან მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს: დევნის მანია სჭირს და სერიოზულად ეშინია, არ მომკლანო (ლენონის მკვლელობის მერე დაწყებია ეს ამბავი). ჰოდა, დგას ამ კოლმეურნეობის მოედანზე მანქანიდან გადმოსული, ირგვლივ სულ ლოთები და ბომჟები დაძრწიან, იქით ბაზრიდან მოდის ხალხი ჩანთებით ხელში, აქეთ ტრამვაი მოხრიგინებს და თან რეზო ამაშუკელი ექაჩება სადღაც ბნელ სარდაფში. გაგიჟდა თურმე, გაადგა ფეხი, ადგილიდან არ იძვრის და არსად არ წამოვალო, ყვირის, მაგრამ ვინ კითხავს დილანს? სულ კინწისკვრით ჩააგდეს სახინკლეში. იმან კი ერთი სიცოცხლე გაათავა, სანამ დაარწმუნებდნენ, რომ ეს პატივისცემაა და არა წამებით სიკვდილი, თუმცა ხინკალი მაინც უჭამია და მოწონებია კიდეც.

აი, ასეთი ისტორია მომიყვა თვითმხილველმა თარჯიმანმა, რომელსაც მადლიერმა სტუმარმა (ეტყობა იფიქრა, რახან ცოცხალი გადავრჩი, ამის დამსახურებააო) თავისი ბოლო ალბომი აჩუქა სამახსოვრო წარწერით.

ერთი პერიოდი მათხოვა მოსასმენად და ძალიან ამაყი ვიყავი, როცა სტუმრებს ვაჩვენებდი ხოლმე.

----------------------------------------------------

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პატარა პერფორმანსი მაინც შედგა, ოღონდ უჩემოდ.

როდესაც ბობ დილანი ბრუნდებოდა სასტუმროში, იქ რამდენიმე ახალგაზრდა ფანატი კვლავ ელოდა კართან, დაცვა ცხადია მათ არ უშვებდა, მაგრამ ამ დროს მომხდარა ძალიან უცნაური, თითქმის მისტიური ამბავი. დევნის მანიით შეპყრობილი დილანი თურმე გაჩერდა. ახალგაზრდებიდან ორი მათგანი მოიხმო და დაცვას უთხრა, აი ესენი შემოუშვიო. ამ ორი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი გახლდათ ზურა კაკაბაძე, მოარული როკ–ენციკლოპედია. იმავდროულად ვალერი კოჩაროვის ცნობილი ჯგუფის, „ბლიცის“ რიტმ–გიტარისტი, მეორე კი ასევე თბილისის როკ–სამყაროში კარგად ცნობილი ძმები ჭილაშვილებიდან ერთ–ერთი.

რანაირად მოხდა, რომ იმ ახალგაზრდებიდან დილანმა სწორედ ისეთები გამოარჩია, რომლებმაც მთელი მისი რეპერტუარი ზეპირად იცოდნენ და ალბათ ყველაზე მეტად ეკუთვნოდათ ეს პატივი, ძნელი სათქმელია. არა მგონია ეს შემთხვევით მომხდარიყო. და თუ შემთხვევითობა არაა, ეს უკვე მართლა მისტიკას წააგავს და რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება.

და ამ ახალგაზრდებთან დილანმა არა მარტო ისაუბრა, არამედ ნომერშიც მიიპატიჟა და რამდენიმე სიმღერა ერთადაც შეასრულეს. კაკაბაძემ თურმე ცოცხალი კლასიკოსის ქებაც კი დამსახურა. ტუჩგარმონზე შესრულებული პარტიისთვის.

ეს ისტორიაც მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი. ჭილაშვილებს პირადად არ ვიცნობდი და არც ის ვიცი ახლა სად არიან და რას საქმიანობენ.

ზურა კაკაბაძეს მას შემდეგ არაერთხელ შევხვედრილვარ, მაგრამ როგორღაც ისე მოხდა, რომ ამ ღირსშესანიშნავ ფაქტზე არაფერი მიკითხავს. ბოლო დროსაც ვხვდები ხოლმე სხვადასხვა პრეზენტაციებზე (მგონი რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს). მაგრამ უფრო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ.

-------------------------------------------------

ასე დასრულდა ბობ დილანის ეს უჩვეულო სტუმრობა თბილისში. ამ ფაქტის შესახებ არც მაშინ გაუგია ბევრს არაფერი. მერე კი საქართველოში ისეთი ამბები ატყდა. დილანისთვის ვიღას ეცალა.

და ეს პატარა ეპიზოდიც მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად ალბათ არ ჩაიწერება, მაგრამ როდესაც ჩემს შვილებს ვუყვებოდი, თუ როგორ ვნახე ბობ დილანი მწერალთა კავშირში და როგორ მიათრევდა მას რეზო ამაშუკელი სახინკლეში, უცებ გავაცნობიერე, რომ ეს ამბავი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია. ცოტა სახალისო, ცოტა დამაფიქრებელი და რაც მთავარია, სრულიად უნიკალური.

მსგავსი რამ უკვე აღარასდროს აღარ მოხდება. თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.



2009 წ..

კომენტარი