ზუგდიდის კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ და განახლებული მომსახურება

ზუგდიდში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კლინიკა „გულის“ შესახებ რომ არ სმენოდეს. იმის მიუხედავად, აწუხებდა თუ არა ოდესმე გული, ამ კლინიკის შესახებ ორ სიტყვას ნებისმიერი გეტყვით და, პირველ რიგში, პროფესორ ანზორ მელიას გიხსენებთ დიდი მოწიწებით.

როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, კლინიკა „გულის“ დაარსება სწორედ ანზორ მელიას სახელს უკავშირდება. ამასთან, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ 1996 წელს, როცა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო, დასავლური ღირებულებების გათვალისწინებითა და წამყვანი სამედიცინო ცენტრების გამოცდილებებზე გათვლილი სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნა თუნდაც თბილისში, გარკვეულ რისკთანაც იყო დაკავშირებული, მაგრამ ანზორ მელიას ერთი წუთითაც არ უყოყმანია, მოგვიანებით კი მშობლიურ ქალაქსაც თანამედროვე კლინიკა აჩუქა, რომელიც სტანდარტებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და, რაც მთავარია, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციითა და მომსახურების ხარისხით დედაქალაქისას არაფრით ჩამოუვარდება.

დიაგნოსტიკური ცენტრი ზუგდიდში 2005 წელს გახსნა. ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ცენტრის გახსნისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანზორ მელია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კარდიოლოგიური კლინიკა ,,გული" არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც პაციენტებს უქმნის თბილ გარემოს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კეთილმოწყობილი პალატებითა და მაღალ დონეზე შექმნილი დიზაინით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული ექიმებით. ზუგდიდში კლინიკას ხელმძღვანელობს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მენეჯერი და ზუგდიდში ყველასთვის კარგად ცნობილი ლევან, იგივე ლეკო ბეჭვაია. მისი თქმით, კლინიკაში მომსახურების სფეროს სრულყოფასთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანურ ურთიერთობებსაც: „აქ თქვენ თბილად დაგხვდებიან, თავაზიანად გამოგკითხავენ იმ მიზეზებს, რაც ჯანმრთელობას გირთულებთ და კომპეტენტურ პასუხსაც გაგცემენ, როგორ უნდა იმკურნალოთ“, - უთხრა ზუგდიდის კლინიკა „გულის“ დირექტორმა ლევან ბეჭვაიამ „დრონი.ჯი“-ს.

დროთა განმავლობაში კლინიკამ მომსახურების სფერო გააფართოვა და დღეს აქ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მომსახურების გაფართოებასთან ერთად, შეიცვალა ზუგდიდი შენობის დიზაინიც. 28 იანვარს, განახლებული შენობის პრეზენტაციაზე კლინიკა ,,გულის" დამაარსებელმა, პროფესორმა ანზორ მელიამ საკონფერენციო დარბაზში თბილისიდან ჩამოსულ პროფესორებსა და სამეგრელოს რეგიონში დასაქმებულ ექიმებს უმასპინძლა და მათ ,,გულის" ბაზაზე მომუშავე პერსონალისა და კლინიკის მიზნებზე ესაუბრა.

საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელმა ხათუნა ჯალაბაძემ, კახა ეცადაშვილმა და ნუცა ჯანჯღავამ სხვადასხვა სახის დაავადებებსა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. ოფიციალურ შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეოკოლაჟი, რომელიც კლინიკა „გულის“ საქმიანობას და პაციენტების მაღალ დონეზე მომსახურებას ასახავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევებთან და სტაციონარულ მკურნალობასთან ერთად პაციენტებს საშუალება აქვთ გაიარონ სამედიცინო რეაბილიტაციის სრული კურსი და ჩაიტარონ გამოკვლევები. კლინიკა „გულის“ ზუგდიდის ფილიალში პრეზენტაციიდან მეორე დღეს პაციენტებს უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები პროფესორმა ანზორ მელიამ სხვა მედიკოსებთან ერთად გაუწია.

კომენტარი