თიბისი ლიზინგმა მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად 4 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა

თიბისი ლიზინგი 4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხით დაფინანსდება. სესხს თიბისი ლიზინგისათვის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. მოზიდული თანხით თიბისი ლიზინგი მცირე და საშუალო ბიზნეს-ორგანიზაციებს დააფინანსებს. ხელშეკრულებას ამის შესახებ ხელი დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში მოეწერა.

ეს უკვე რიგით მესამე საკრედიტო რესურსია, რომელიც თიბისი ლიზინგმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან მოიზიდა. 4 მილიონ დოლარიანი სასესხო ფინანსური რესურსი ემსახურება არასაბანკო ფინანსური სექტორის განვითარებას და ამ გზით მცირე და საშუალო ბიზნესისისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

თიბისი ლიზინგი არის ერთ-ერთი ლიდერი სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანია დაფუძნდა თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ. კომპანია ძირითადად ორიენტირებულია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ფინანსირებაზე და ამჟამად სალიზინგო ბაზრის 67% უჭირავს. ლიზინგის პორტფელი დივერსიფიცირებულია და ისეთ ინდუსტრიებს მოიცავს, როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სერვისი, ტრანსპორტი და სხვა.

კომენტარი