სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა ხიდაშელი: არ შეიძლება ამომრჩეველი მოატყუო პოლიტიკური ამბიციების გამო...

"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი არჩევნების გარეთ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს უმოქმედობასა და ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არ შეიძლება ამომრჩეველს იმედი გაუცრუო და მოატყუო. თუმცა, თუ 2009 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებს გავიხსენებთ, ისიც გაგვახსენდება, თუ როგორ მოატყუეს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად "რესპუბლიკელებმაც" ამომრჩეველი, რომელიც რუსთაველზე პოლიტიკურ შედეგს სამი თვის განმავლობაში ელოდა. ჩვენს შეკითხვებს "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა უპასუხა:
– შესაძლოა თუ არა სოზარ სუბარის გაერთიანებიდან წასვლა "ალიანსის" დაშლის წინაპირობა გახდეს?
– სახელისუფლებო ტელევიზიები განსაკუთრებით ისწრაფვიან ამ ინფორმაციის გაშუქებისკენ, ავრცელებენ ინფორმაციას, ვითომდა "ალიანსი" იშლება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი გაერთიანება დიდი ხნის განმავლობაში კიდევ არ დაიშლება. ჩვენ არა ვართ საარჩევნო ბლოკი, ვართ "ალიანსი", რაც ნიშნავს გაცილებით გრძელვადიან პოლიტიკურ ერთობას. ნათლად დავინახეთ, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, ვინც მხოლოდ საკუთარ თავთან არის ანგარიშვალდებული და ისინიც, ვინც ხალხის წინაშეა პასუხისმგებელი.
– ანუ სოზარ სუბარი, თქვენი შეფასებით, მხოლოდ საკუთარ თავთან იყო ანგარიშვალდებული?
– სოზარ სუბარი არის მხოლოდ საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი და გადაწყვეტილებას იღებს მარტო. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად და არა ჩვენი პირადი შეხედულებების მიხედვით. ჩვენ ხალხმა არჩევნებზე მოგვცა მანდატები და გვენდო, მათ სჯერათ, რომ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ვინმეს ენდომება თუ არა ეს, არ გვაინტერესებს, ჩვენ საბოლოო შედეგამდე ვიქნებით ერთად და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე.
– ლევან ბერძენიშვილმა მას გამოუცდელი პოლიტიკოსი უწოდა. თქვენი აზრით, სოზარ სუბარი არის გამოუცდელი და თქვენ გამოცდილი?
– არჩევნებში ჩვენი შედეგი არ იყო გამარჯვება, ეს იყო წარმატება, ვინაიდან დღეს გვაქვს წარმატება. ჩვენ მოგვეცა შანსი, რომ საკრებულოდან პატარა წარმომადგენლობით, რომელიც ჩვენ გვეყოლება, დავიწყოთ სვლა სხვა გამარჯვებისკენ. მე არა ვარ სოზარის სიტყვების კომენტატორი.
– როდის დაიწყო კონფლიქტი სუბარსა და ალასანიას შორის? – კონფლიქტი არ ყოფილა. იყო აზრთა სხვადასხვაობა. როდესაც ხარ პოლიტიკური ძალა, ყველა შედეგს ითვლი და ხარ მზად გაუსწორო თვალი მარცხს და განაგრძო ბრძოლა. როდესაც არა ხარ პოლიტიკოსი, მხოლოდ გამარჯვებას ითვლი. სუბარი მიხვდა, რომ შეიძლებოდა გამარჯვება არ ყოფილიყო, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუკი მარცხისთვის მზად არა ხარ, მაშინ არაფერი გესაქმება პოლიტიკაში.
– ნანობთ, რომ თავის დროზე "ალიანსის' კარი გაუღეთ სოზარ სუბარს?
– არა. არ ვნანობ, რომ სუბარს კარი გავუღეთ, იმიტომ, რომ მისი ჩვენთან მოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება. წასვლა კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი გადაწყვეტილება იყო.
– თუმცა არჩევნებში არ მონაწილეობდა ბურჯანაძის პარტია, ასევე ნოღაიდელის გუნდი, ლეიბორისტული პარტია და "ეროვნული ფორუმი", რომლებსაც ნამდვილად აქვთ პრეტენზია ოპოზიციის ლიდერობაზე...
– როდესაც ხარ პოლიტიკური ძალა, მაშინ არჩევნებში უნდა იღებდე მონაწილეობას. არ უნდა ღალატობდე ამომრჩეველს და უნდა უტოვებდე შანსს, რომ მოვიდეს არჩევნებზე და მხარი დაგიჭიროს. როდესაც შენს ამომრჩეველს ართმევ ამ შესაძლებლობას, არა მგონია, შემდეგ უკვე ის ადამიანი შენს გვერდით დადგეს. არ შეიძლება ამომრჩეველი მოატყუო პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო და ბოიკოტის რეჟიმში მუშაობდე. თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, ესე იგი მიდიხარ რევოლუციაზე.
– გასული წლის გაზაფხულზე, საპროტესტო აქციების დროს, თქვენ არ მოატყუეთ ათიათასობით ამომრჩეველი, რომლებიც გამოიყვანეთ ქუჩაში, დააიმედეთ, რომ ცვლილებებს შესთავაზებდით და ბოლოს შინ წახვედით?
– პასუხისმგებლობა ამ ამბებზე უნდა აეღოთ იმათ, ვინც ფუჭ იმედებს აძლევდა ხალხს, ვინც ჰპირდებოდა რაღაცებს, რისი შესრულებაც რეალურად არ შეეძლოთ.
– თქვენ არ ითხოვდით ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს და არ ჰპირდებოდით ხალხს, სანამ სააკაშვილი ამ დათმობაზე არ წავიდოდა, მანამ არ დაიშლებოდით?
– მოთხოვნა არის ერთი და რეალობაა ის, რა გარემოში ცხოვრობთ. სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა იქნება ბოლომდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესის გარეთ დააყენო საკუთარი თავი. გამარჯვებისკენ რომ რეალური სიარული დაიწყო, ეს შანსი უნდა გამოიყენო. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, მან მაშინ საკუთარი ალტერნატიული გეგმა და ხედვა უნდა გვაჩვენოს, ასეთი რამ კი საქართველოში არ მომხდარა.
– დღეს ამაყად აცხადებთ, რომ "ალიანსს" ხალხმა ოპოზიციის ლიდერის მანდატი მიანიჭა. რეალურად ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა _ "ახალ მემარჯვენეებს", "რესპუბლიკელებს" თუ ირაკლი ალასანიას?
– გულწრფელად გიპასუხებთ: ყველაზე მაღალი შედეგი მაჟორიტარულ ოლქებში აჩვენეს თინა ხიდაშელმა, დათო საგანელიძემ და მამუკა კაციტაძემ. თუმცა უალტერნატივოდ ირაკლი ალასანიას წილი იყო ძალიან დიდი ამ არჩევნებში და იმ შედეგებში, რაც მივიღეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100