სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე - ქართველი როზა ოტუმბაევა რუსულ სცენარში

რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დამხობის მრავალნაირ გეგმას ამუშავებს. კონფიდენციალური ინფორმაციით, კრემლსა და „ფე-ეს-ბე“-ში სერიოზულად ფიქრობენ ყირგიზული ვარიანტის სახეშეცვლილად გადმოტანას საქართველოში. კრემლს უყვარს, როცა აპრობირებული მეთოდით ამხობს ხელისუფლებას და ხელწერას არ ცვლის.
თავის დროზე, ერთსა და იმავე მეთოდით, კრემლმა არაერთი ანტიკომუნისტური ხელისუფლება დაამხო სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში. პოლიტბიუროს დიდ მოხელეებს არაფრად ადარდებდათ, ცივილიზებული მსოფლიო კგბ-ს ნამოქმედარს ამოიცნობდა თუ არა - სსრკ ხომ პასუხს არაფერზე აგებდა. ანალოგიური განწყობაა ამჟამად კრემლშიც - პუტინმა ჯერ ჩეჩნებს, მერე ინგუშებს მოუწყო გენოციდი, შემდეგ ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნოწმენდა განახორციელა (მანამდე - იგივე ჩაიდინა აფხაზეთში) - სუვერენული საქართველო დაბომბა და მისი სოფლები მიწასთან გაასწორა.

უკრაინის ხელისუფლებაში „ფე-ეს-ბე“-ს აგენტურა დასვა, ყირგიზეთში ბაკიევს გადატრიალება მოუწყო, ყოველდღიურად საქართველოს დასჯით საქვეყნოდ იმუქრება და დიდი შანსია, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ყველაზე დიდი მტრის, ლეხ კაჩინსკის სიკვდილშიც მისი ხელი ერიოს...
ამის მიუხედავად, „აღშფოთებული ევროპა“ მარტო კიცხავს რუსეთის ხელისუფლების საქციელს და ეკონომიკურ სანქციებსაც არ იმეტებს მისთვის. არადა, თუ კრემლმა საბჭოთა კავშირის აღდგენის გეგმის რეალიზაცია მოახდინა, ვერ ხვდებიან, რომ რუსული ტანკები ისევე იჯლიგინებენ ევროპულ დედაქალაქებში, როგორც იგოეთის „ტეკთან“.

ახლა „რუსეთის ქართული გეგმის“ შესახებ. ის მთლად ყირგიზული, მასავით მცირემსხვერპლიანი და მოკლევადიანი არ იქნება. საქართველოში უფრო დიდი საშინელება უნდა დატრიალდეს, ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს ომის გამო, რომ მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოდის და რუსეთს ფეხქვეშ არ ეგება.
გეგმა ასეთია:

საპროტესტო აქციები დაიწყება 30 მაისის არჩევნებამდე. ხალხს წინასწარ შეაგუებენ აზრს, რომ ნაციონალები არჩევნებს გააყალბებენ. ოპოზიციის უთაობით (რომელმაც არათუ საერთო კანდიდატზე შეჩერება ვერ მოახერხა, მერობის, მგონი, 57 კანდიდატი ჰყავს), 30-პროცენტიან ბარიერს მარტო გიგი უგულავა გადალახავს. მარცხის ძიებას საკუთარ თავში არავინ დაიწყებს, ცხადია, ყველა იტყვის, რომ გაყალბდა არჩევნები.

პირველები ქუჩაში არჩევნებში მონაწილე პარტიები გამოვლენ. მათ სოლიდარობას ე.წ. რადიკალები გამოუცხადებენ, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში. „ეროვნული საბჭო“ სათავეში ჩაუდგება ამ საპროტესტო აქციებს, რომელიც რამდენიმე დღეს გასტანს. მერე რადიკალური მოთხოვნები ხელოვნურად გაჩნდება ხალხში, ამაზე თავად პარტიები იზრუნებენ, მათი აქტივისტები აიყოლიებენ ბრბოს, რომელიც მოითხოვს, ნებისმიერი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება. სიტყვა საქმედ იქცევა.
ხალხი შეიჭრება სამხედრო დაწესებულებებში. გაჩნდება იარაღი, ხელყუმბარებიც, სხვა სახის საბრძოლო მასალაც, რაც პროტესტანტებში მსხვერპლს გამოიწვევს. ცხადია, ოპოზიციის არცერთ ლიდერს თმის ბეწვიც არ ჩამოუვარდება, მათ ოჯახის წევრები კარგა ხნის გახიზნული ეყოლებათ უცხოეთში. მცირე სისხლისღვრას მოჰყვება უფრო დიდი - ხალხში იარაღი იმრავლებს, ოპოზიციის აქტივისტები ესვრიან ნებისმიერ გამვლელს და დააბრალებენ ხელისუფლებას. ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგება. რუსეთის გათვლით, ხელისუფლება გაერიდება სისხლიან მოვლენებს და შეიქნება უკონტროლო სიტუაცია - ხელისუფლების ყოფილი წევრების რეგიონებში დევნა-შევიწროება, მათზე და მათ ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორება. ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი ამაზე წამსვლელი რომ არის, ეს ისევ ოპოზიციის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით დასტურდება.

შარშან, 9 მაისის აქციების დროს, როცა ოპოზიცია ნატრობდა, ხელისუფლებამ დაგვარბიოსო და ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტთა პროვოკატორები ორიოდ თვით ციხეში გამოამწყვდიეს, გოგა ხაინდრავა თურმე სიხარულით იფშვნეტდა ხელებს - რაც მეტს გამოამწყვდევენ ციხეში, ჩვენთვის უკთესი, 100 კაცს დაიჭერენ, 10000 მხარდამჭერი შეგვემატება, 200 კაცს დაიჭერენ - 20000 კაციო.

ეს ლაპარაკი მას შემდეგ გაიმართა, რაც ოპოზიციის ერთმა ლიდერმა უთხრა ხაინდრავას - ეგ ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური მიზნებისთვის სხედან, ფული შევაგროვოთ პოლიტპარტიებმა და საპროცესო გარიგებით გამოვაშვებინოთო. ამ შედარებით პატიოსანმა ლიდერმა პასუხად ის მიიღო ხაინდრავასგან, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ხაინდრავა იყო სწორედ, პოლიტიკოსთა და ინტელიგენციის ერთობლივ შეხვედრაზე რომ განაცხადა - მომეცით 100 კაცი და მე შევვარდები პირველი პრეზიდენტის რეზიდენციაშიო. ხაინდრავას ახლაც მზად ჰყავს ბიჭები, რომლებიც, როცა ბოსი ეტყვის, მაშინ აიღებენ იარაღს და იქით ისვრიან, საითაც უბრძანებენ.
საამისო გამოცდილება ხაინდრავამ 1991-92 წლებში მიიღო, როცა ზვიად გამსახურდია დაამხო. სწორედ ასეთი ოდიოზური ტიპები გაუძღვებიან ბრბოს ხელისუფლებასთან სისხლიანი ანგარიშსწორებისკენ. პოლიტიკურ მოთავეობას კი ის ლიდერები იკისრებენ, რომლებიც პუტინის სიყვარულს რახანია აღარ მალავენ.
რუსული გეგმის მეორე ნაწილიც ძალიან საინტერესოა. როცა ოპოზიცია საკუთარი აქტივისტების ხელით დახოცილი ხალხის სისხლს ხელისუფლებას გადააბრალებს და სააკაშვილიც „დაემხობა“, „ფე-ეს-ბე“ საქართველოში შექმნის დროებით მმართველ პოლიტიკურ ორგანოს. ამ ორგანოში შევლენ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებიც, სავარუდოდ, ზურაბ ნოღაიდელი, პეტრე მამრაძე, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ვალერი კვარაცხელია, რამაზ კლიმიაშვილი, თემურ შაშიაშვილი, მოსკოვში გაქცეული ქართველი პოლიტიკოსები და სხვა რუსეთუმე ექსპერტები, პოლიტიკანები. ხელისუფლებას ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანო გადაიბარებს და მართავს ქვეყანას. მაგრამ, რეალურად, მისი შექმნის მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანა ვერ მართოს – „ფე-ეს-ბე“-ს სურს, მართვადი ქაოსი, მართვადი ანარქია შეინარჩუნოს ქვეყანაში.

ზემოხსენებულ მოვლენებს თავისთავად მოჰყვება ლარის ინფლაცია, პურის გაძვირება და იარაღის გაიაფება. შეჩერდება ბიზნესსექტორი, ამ დროს ქვეყნის მედიასივრცეს აკონტროლებს „ახალი ხელისუფლება“.

დაიწყება აქტიური პროპაგანდა, რომ ქვეყანაში ილევა პურისა და სხვა პირველადი მოთხოვნილების ნივთ-პროდუქტების მარაგი, ბიუჯეტი კი ცარიელია - ნაციონალებს ერთი თეთრი არ დაუტოვებიათ. დაიწყება პანიკური ქაოსი. გაძვირდება და დეფიციტური გახდება ბენზინი, არ იმოძრავებს ტრანსპორტი. გარდაბანში აფეთქდება ელექტრობლოკი (სავარაუდოდ, მეცხრე ბლოკი). გამოძიება დაადგენს, რომ ეს იყო ტერაქტი და დაბრალდებათ ნაციონალებს.

ქვეყანაში ისევ ჩამოვარდება უშუქობა, შეფერხდება პენსიების დარიგება, სახელმწიფო დაწესებულებებში - ხელფასებისა. იმატებს კრიმინალი - მკვლელობები, ყაჩაღობები, ადამიანთა გატაცება, ქურდობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, ცხადია, ნაღდ კრიმინალებს, სიტუაციის დაძაბვაში დაეხმარება კრიმინალიზირებული პოლიტოპოზიციის ერთი ნაწილიც, თავისი აქტივისტებით. ეს პროცესი, დაახლოებით, 2-3 თვეს გაგრძელდება. დროებითი საბჭოს მიერ დანიშნული დროებითი მთავრობა ვერ გაამართლებს ნდობას. დროებით საბჭოს ამ დროს დანიშნული ექნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ის ვერ ტარდება.

მოკლედ, ხალხს ისეთ ყოფამდე მიიყვანენ, რომ ათქმევინებენ - პური და მშვიდობა მოგვიტანოს და თუ გინდათ, სერგო ორჯონიკიძე მოვიდეს პირველ კაცადო. ამ დროს სერგო ორჯონიკიძეც გამოჩნდება ნინო ბურჯანაძის სახით. დაიწყება მისი პიარი, სავარაუდოდ, ამ დროს აჩვენებენ ნინოს პირად სეიფში შენახულ კადრებს - როგორ იბრძვის ცხინვალში მისი შვილი - ანზორ ბიწაძე, თუმცა რუსეთთან ურთიერთობისთვის, თუ ეს არაკორექტული იქნა, შესაძლებელია, საოჯახო რელიქვიად დარჩეს და ვერც ვიხილოთ. მოკლედ, ისეთი პიარი გაკეთდება, ხალხმა თავად უნდა მოითხოვოს ბურჯანაძე პრეზიდენტად, როგორც 1992 წელს - შევარდნაძე.

ხომ ვთქვი, კრემლს უყვარს პარალელები და ნაცადი მეთოდების გამეორება. ბურჯანაძე, ალბათ, ჯერ დაიმორცხვებს, მერე კი მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შემოდგომით გაიმართება. კრემლი მისი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას უზრუნველყოფს, პარლამენტში 2-3 პარტიაც მოხვდება.

ბურჯანაძე დაშლის კოალიციურ მთავრობას და დაამტკიცებს ახალს, ოღონდ, ამ დროს უკვე საპრეზიდენტო არჩევნები ექნება მოგებული, პარლამენტში კი უმრავლესობა ეყოლება. პირველად, ცხადია, მოსკოვში ჩავა და პუტინიც რამდენიმე ათეულ მილიონს გამოუყოფს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამასობაში ჩაირთვება მე-9 ბლოკი, აღდგება სარკინიგზო და საზღვაო ტვირთების შემოდინება საქართველოში - გაიაფდება ბენზინი, პური, რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ ანზორ ბურჯანაძე შემოიტანს საქართველოში. ბადრი ბიწაძე აიხდენს ბავშვობის ოცნებას - გახდება გენერალური პროკურორი. მერე რა, თუ ცოლი პრეზიდენტია?

ესეც მოსულა. ერთი კაჩინსკი პოლონეთის პრეზიდენტი იყო, მისი ტყუპისცალი - პრემიერი. ჯონ კენედი რომ აშშ-ის პრეზიდენტი იყო, იუსტიციის მინისტრი მისი ძმა გახლდათ - ბობი.

ოპოზიციურ პარტიათა დიდი ნაწილი კი პირში ჩალაგამოვლებული დარჩება. ნინო ბურჯანაძეს მეტი საქმე არა აქვს, მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციული მთავრობა დაუშვას. არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიას კი ნინოს ყოფილი თანაგუნდელები წლების წინ ასწავლიდნენ.

ქვეყანას ბურჯანაძე-ბიწაძეთა კლანი დაეპატრონება, კლანის სიცოცხლისუნარიანობას კი ოლიგარქიული მმართველობის ხარისხი და კორუფციის დონე განსაზღვრავს, ცხადია, ავტოკრატიული მმართველობის ელემენტები, ოღონდ აქა-იქ დემოკრატიის ელემენტებიც უნდა იყოს ფასადად, რომ ნინომ ხანდახან პარიზსა და ბრიუსელში გაისეირნოს და ევროსაბჭოსა და ევროკავშირში სიტყვით გამოვიდეს. თქვენ მერე ნახეთ განუკითხაობა და უსამართლობა, მერე ნახეთ დიქტატურა და ადამიანების აბუჩად აგდება. სააკაშვილი, შევარდნაძე სანატრელი გაუხდება ხალხს.

ოპოზიცია კი ორ ნაწილად გაიყოფა. კრემლიდან ნაკვები და გასუქებული, ვითომ კრიჭაში ჩაუდგება ბურჯანაძეს და რეალურად, მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იზრუნებს. ზოგი პარლამენტში იქნება და ზოგიც - მის გარეთ. რეალური ოპოზიცია კი, ალბათ, შემოდგომაზე გამოვა ქუჩაში ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება. ხალხს ვეღარ გამოიყვანენ, რადგან ქვეყნის ორთვიანი კოლაფსი ხალხს ისეთ დღეში ჩააგდებს, მიტინგზე წასასვლელი ფული არ ექნება.

რუსეთი კი საქართველოში ყველაფერს მოიპოვებს, რასაც მოისურვებს - ამას უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს და ყირგიზეთშიც.

ისე, თავად ოპოზიციის ლიდერებს თუ დავესესხებით, რევოლუციით მოსული ხელისუფლება რევოლუციით უნდა გაისტუმრო, ეს ისტორიული კანონზომიერებააო, მაშინ, შეგვიძლია დავასკვნათ; თუ კრემლის ეს გეგმა განხორციელდა, მაშინ წინ ერთი კი არა, ორი რევოლუცია გველოდება.

მეორე - რევოლუციით და სისხლისღვრით მოსული ნინო ბურჯანაძე ეყოლებათ გასაპანღურებელი პროდასავლურ ძალებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100