ხელისუფლება ოპოზიციის დესანტისგან იწმინდება?

“ეკონომიკის მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო ვარ”, - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერმა და მედიას ლაშა ჟვანიას მოხსნის შესახებ აუწყა. “გილაური სუსტი პრემიერია”, – ასე შეაფასა გათავისუფლებულმა მინისტრმა პრემიერის საქმიანობა, თუმცა, რა იგულისხმა სიტყვა “სუსტში”, არ დაუკონკრეტებია. ალბათ ის, რომ გილაურმა ჟვანია აქამდე ვერ ან არ გაათავისუფლა. როგორც დრონი.ჯი-ს წყარო (პრემიერის აპარატის თანამშრომელი) აცხადებს, ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრის საქმიანობას მალე პროკურატურის წარმომადგენლები შეისწავლიან. წყაროს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, შესაძლოა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. დრონი-ჯი-ს წყარო უყვება, რომ ჟვანია გაურკვეველი მიზეზების გამო ბლოკავდა ერთ-ერთ მსხვილ უცხოურ ბიზნეს-კომპანიას, რომელსაც საქართველოში ინვესტიციის დაბანდება სურდა. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულება, თუ რა მოტივი ამოძრავებდა ეკონომიკის მინისტრს, როდესაც ამ გაგანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, უცხოელ ინვესტორებს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს უქმნიდა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კერძო ინტერესებთან. “ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ მე როგორ უნდა დამებლოკა ინვესტიციები”, - იკითხა ლაშა ჟვანიმ. თუმცა, მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლოა ბატონ ჟვანიას “მეხსიერება აღუდგეს” და ბევრი რამ გაახსენდეს.
ლაშა ჟვანია “დიდ ავიაციაში” ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, როდესაც მმართველმა პარტიამ ჩუღურეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც დაიკავა. არჩევნებამდე კი, ჟვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი, ისრელში საქართველოს ელჩი იყო.

კომენტარი