სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დრონი.ჯი“–ს ექსკლუზივი: ზვიად გამსახურდია ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს...

უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი მიხეილ ოსაძე, „დრონი.ჯი“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ფაქტობრივი მასალა და დოკუმენტაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ აქამდე არსებული ვერსია პრეზიდენტის თვითმკვლელობის შესახებ ეჭვის ქვეშ დადგეს.

დრონი.ჯი“: ტელევიზიით სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა ზვიად გამსახურდიას ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. ითქვა, რომ მიცვალებულს სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი...

მიხეილ ოსაძე: აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა დონის როსტოვში 2007 წლის მარტში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს მოტეხილი ჰქონდა 9 ნეკნი და ბოქვენის ძვალი. აღენიშნებოდა სხვა დაზიანებებიც. ექსპერტიზის დასკვნა არ გამორიცხავს, რომ ზვიად გამსახურდია მოკვლამდე, შესაძლოა, აწამეს კიდეც...

- თქვენ პოპულარული პიროვნება იყავით, ორი მოწვევის პარლამენტში ხელმძღვანელობდით საგამოძიებო კომისიას, რომელსაცოსაძის კომისიისსახელით იცნობდნენ. არაერთი გახმაურებული საქმე გახდა საჯარო ამ კომისიის მუშაობის შედეგად. როგორ მოხვდით ამ კომისიაში მოწვეულ სპეციალისტად?

- პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის პოპულარობა განპირობებული იყო შესრულებული სამუშაოს შედეგებით. ზოგიერთი მათგანი, ყალბი თავმდაბლობის გარეშე თუ ვიტყვით, იშვიათი იყო მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში. კომისიაში მუშაობა კი შემომთავაზა კონსტანტინე გამსახურდიამ, პირველი პრეზიდენტის ვაჟმა და დეპუტატმა კომისიის ორ წევრთან (პარლამენტართან) ერთად. ბატონი კონსტანტინე ამ შეხვედრის დროს გავიცანი. კომისიაში სპეციალისტად მიწვევა ჩავთვალე პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფის მიერ ჩემი პროფესიონალიზმის აღიარებად და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე დავთანხმდი. მოგეხსენებათ - ,„არ არსებობს დიდი და პატარა როლი...“.

- მეორე ტყვიის არსებობის თაობაზე იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რასთან გვაქვს საქმე?

- ზვიად გამსახურდიას სხეულზე არსებული მეორე ტყვიის კვალის თაობაზე პირველად ცნობილმა პათოლოგ-ანატომმა, აკადემიკოსმა თამარ დეკანოსიძემ ისაუბრა.

მისი არგუმენტები და დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, საბედნიეროდ, ჩაწერილია ვიდეოფირზე, რომელიც გამოყენებული იყო დოკუმენტურ ფილმში „დინების საწინააღმდეგოდ“.

მიმდინარე წლის 20 აპრილს, გამსახურდიას უახლოესმა თანამებრძოლმა, სოსო თორიამ ფოთში კომისიას განუცხადა, რომ მან 1994 წლის 17 თებერვალს საქართველოდან გროზნოში გადასვენების შემდეგ ერთ ჩეჩენთან ერთად (პიროვნება ცნობილია) განბანა პრეზიდენტის ცხედარი. მისი განმარტებით, პრეზიდენტს აღენიშნებოდა მეორე ტყვიის მიერ დატოვებული შემავალი და გამომავალი ჭრილობის კვალი და დაჟეჟილობაც.

2010 წლის იანვრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თენგიზ კიტოვანმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პრეზიდენტს მოხვედრილი ჰქონდა ორი ტყვია. მეორე ტყვიის თაობაზე როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზა არაფერს მიუთითებს. არ არის გამორიცხული, რომ ტყვია გავიდა რბილობში ისე, რომ ძვალი არ დაუზიანებია და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში გარდაცვალებიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე მისი კვალი საერთოდ გაქრა. ასეთია ფაქტები.

- კომისია პროკურატურაში გაეცნო ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. როგორ შეაფასებდით მას და პროკურატურის მიერ გაწეულ საქმიანობას?

- 23 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გამსახურდიამ.

გეტყვით მოკლედ: პროკურატურაში არსებული მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია და ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც, რაც იძლევა საფუძველს, ეჭვი შევიტანოთ თვითმკვლელობის ვერსიაში. - თქვენ იანვრის ბოლოს კონსტანტინე გამსახურდიასთან და კომისიის წევრ ბეჟან ხურციძესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდით, სადაც შეხვდით იგორ გიორგაძეს და თენგიზ კიტოვანს. როგორია ამ შეხვედრების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები?

- მოსკოვში თენგიზ კიტოვანმა და იგორ გიორგაძემ უპასუხეს კომისიის კითხვებს. თენგიზ კიტოვანთან შეხვედრა შედგა სასტუმრო „კორსტონში“, იგორ გიორგაძესთან კი – „რია ნოვოსტის“ ოფისში. ეს შეხვედრები, რომლებმაც საერთო ჯამში ხუთ საათამდე გასტანა, ჩაწერილია ვიდეოფირზე. საინტერესო შეხვედრები იყო. ახლო მომავალში კომისია ჟურნალისტებს მისცემს შესაძლებლობას, გაეცნონ ამ მასალებს.

მოსკოვში ყოფნისას გადაწყდა, რომ როსტოვში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადაეცეს კონსტანტინე გამსახურდიას.

- ზვიად გამსახურდიას დევნის ორგანიზებაში მათ ღიად დაადანაშაულეს ედუარდ შევარდნაძე?

- დიახ. იგორ გიორგაძემ, თენგიზ კიტოვანმა და მოგვიანებით თენგიზ სიგუამ ღიად დაადანაშაულეს ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას დევნის ორგანიზებაში, რომელსაც ახორციელებდნენ შოთა კვირაია, ავთანდილ იოსელიანი და გია გულუა. მათივე განმარტებით, პირველი პრეზიდენტის სიკვდილში დაინტერესებული იყო პირადად ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა.

- კომისიის სხდომაზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტში თენგიზ სიგუამ ბრალი დასდო ედუარდ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას მიმართ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- 1991 წლის ნოემბერში თენგიზ კიტოვანთან თბილისის ზღვაზე ორსაათიანი კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდა ნოდარ ბერიძეს. იგი ადრე თბილისის მეტროპოლიტენის უფროსი იყო, იმ დროისთვის კი ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში.

მან თენგიზ კიტოვანს განუცხადა, რომ მოსკოვიდან მასთან ედუარდ შევარდნაძის დავალებით ჩამოვიდა, რომელიც იხდიდა საჭირო თანხას ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციისთვის და სთხოვა მას მოეძებნა ქილერი. თენგიზ კიტოვანმა კატეგორიული უარით უპასუხა და ნოდარ ბერიძის წასვლისთანავე აღნიშნული საუბრის თაობაზე დაწვრილებით მოუყვა სიგუას და იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს (საქართველოში ცნობილ პიროვნებებს).

ამ განცხადებით თენგიზ სიგუა 25 თებერვალს პარლამენტში კომისიის სხდომაზე გამოვიდა. ინფორმაცია იმავე დღეს კომისიას დაუდასტურა თენგიზ კიტოვანმა.

კომისიის სხდომაზე თენგიზ სიგუამ ასევე განაცხადა, რომ 1993 წლის მიწურულს ედუარდ შევარდნაძის სახელით 250 ათას დოლარად შეუკვეთეს მისი ლიკვიდაცია. აღნიშნულის თაობაზე თენგიზ სიგუას ერთი ჩვენი თანამოქალაქის თანდასწრებით განუცხადა შეკვეთის მიმღებმა (იგი ცოცხალია და შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება).

- 2007 წლის მარტამდე ზვიად გამსახურდიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებულა. რატომ არ ჩატარდა იგი 1994 წლის 17 თებრვალს გროზნოში გადასვენებამდე?

- ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი. იგი დაიღუპა საეჭვო ვითარებაში და ჩეჩნეთში გადასვენებამდე აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ხელისუფლებამ საზღვარგარეთიდან მოიწვია სპეციალისტები, ისინი განათავსა სამთავრობო აგარაკებზე, გადაუხადა ფული და გარკვეული დროის შემდეგ... დააბრუნა უკან, ექსპერტიზის ჩაუტარებლობა კი გაამართლა პრეზიდენტის მეუღლის სურვილით, რომელიც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალება ედუარდ შევარდნაძეს უხსნიდა ლეგიტიმაციის პრობლემას. დამეთანხმებით, რომ თუ იგი, ქვეყანაში ყველაზე ინფორმირებული პიროვნება, დარწმუნებული იყო მის თვითმკვლელობაში, პირადად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში, რათა მომავალში გამორიცხულიყო მკვლელობის ვერსია. ედუარდ შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიას შესახებ ბრძანა: ,,მისი ლიკვიდაციის შესახებ გვიან გავიგე...“ (გაზეთი `ასავალ-დასავალი~ 2010 წლის 1-7 თებერვალი); „ზვიადის მკვლელობის მოწმე მხოლოდ ორი ადამიანია - გუგუშვილი და მარგველანი“. (გაზეთი „ასავალ-დასავალი“ 2010 წლის 15-21 თებერვალი).

აღნიშნულის გათვალისწინებით, ედუარდ შევარდნაძემ კარგად იცოდა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და ვერსიას იმის შესახებ, რომ მან სწორედ ამიტომ შეგნებულად არ ჩაატარებინა პროკურატურას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, აქვს არსებობის უფლება.

- ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ჰქონდათ განხილული მისი ლიკვიდაციის საკითხი?

- სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, პრეზიდენტის მომხრეთა ნაწილმა (ე.წ. მებრძოლებმა) ნამდვილად განიხილა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის საკითხი, ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიით, რომელსაც რამდენიმე კაცის გარდა (რომელთაგანაც ცოტა ხნის შემდეგ ორი უგზოუკვლოდ დაიკარგა) ხელის აწევით დაეთანხმნენ დამსწრეები. კომისიას გააჩნია ამ შეკრების მოწმის ჩვენების ვიდეოფირი.

- როგორ დასრულდება კომისიის მუშაობა?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია აღინიშნოს, რომ ამ კომისიის შექმნით პარლამენტმა მიიღო სამართლიანი, პოლიტიკურად გამართლებული და პატრიოტული გადაწყვეტილება.

გამოსაკვლევ საკითხთან დაკავშირებით მოპოვებულია ფაქტობრივი მასალა, რომელიც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას. კომისია აანალიზებს მათ, ამზადებს თავმჯდომარის მოხსენებას შესრულებული სამუშაოს თაობაზე, რომელიც წარედგინება პარლამენტს და საზოგადოებას.

დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მასალების მთავარ პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ სამართლებრივი შეფასებისთვის, რასაც მოჰყვება გამოძიების განახლება.

მხოლოდ თქვენთან ინტერვიუში, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, პროკურატურა საპროცესო კოდექსის საფუძველზე ვალდებულია აღძრას ფაქტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება. არაფერს ვამბობ კომისიაში არსებულ სხვა მასალებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100