
"მათ შორის იყო კონფლიქტი და სწორედ ამან გამოიწვია განზრახ მკვლელობა“ - პროკურატურას ლაგოდეხში მომხდარ მკვლელობაზე
ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიება, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს ბრალი - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით გუშინ წარუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს, რადგან დუმილის უფლებას იყენებს.
საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დასაბუთებული ვარაუდით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვოდა:
„დღეის მდგომარეობით, გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ შორის იყო კონფლიქტი და სწორედ ამან გამოიწვია განზრახ მკვლელობა“, - აცხადებს პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი.
შემთხვევა, 15 იანვარს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე 37 წლის ნონა ჭაბაშვილი ჯერ მოკლა და შემდეგ გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება მოაწყო.
კომენტარი