"ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას აფერხებს, ის აფერხებს საქართველოს განვითარებას და დაცვას"

"ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას აფერხებს, ის აფერხებს საქართველოს განვითარებას და დაცვას"

"ანაკლიის პორტს აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მნიშვნელობა, ხოლო მათი წონა კონტექსტზეა დამოკიდებული.

თავის დროზე, ეს პროექტი სწორედ ამ ორ ძირითად ინტერესზე იყო გათვლილი. საქართველოს, ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიებიც უნდა მიეღო.

ამიტომ იყო პორტის მშენებლობაში აშშ-ს და ბრიტანეთის ჩართულობა მნიშვნელოვანი. მათ ეკონომიკურ ინტერესს ავტომატურად მოყვებოდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოება.

2012 წლის შემდეგ, ოცნებამ ანაკლია პოლიტიკური ვაჭრობის საგნად აქცია და პორტის მშენებლობა შეაჩერა, რაც რუსეთს აწყობდა.

მოგვიანებით, თამაშში ჩინეთი შემოიყვანა, თითქოსდა იმის გარანტიად, რომ რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა და პორტის მშენებლობას ძირს ვერ გამოუთხრიდა.

საბოლოოდ, ეს კარტიც ბლეფი აღმოჩდა და ახლა გვითხრეს, რომ თურმე სახელმწიფო ააშენებს ანაკლიის პორტს, რაც დიდი ფინანსური ტვირთის გარდა, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური და უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

14 წელი დაკარგა საქართველომ, 14 წელი ვაჭრობენ ამ თემით და დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, პორტის აშენებისგან იმაზე შორს ვართ, ვიდრე 2012 წელს ვიყავით.

სინამდვილეში, აშკარაა, რომ ვინც ანაკლიის პორტის მშენებლობას აფერხებს, ის აფერხებს საქართველოს განვითარებას და დაცვას.

ცვლილებების შემდეგ, აუცილებლად, მოკლე დროში აშენდება ანაკლიის პორტი, რაც ეკონომიკურ სიკეთესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს" - წერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.