თბილისის მერი პრემიერს: „გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით...“

თბილისის მერი გიგი უგულავა მისი მეგობრის, „თბილისის წყლის“ ყოფილი ხელმძღვანელის გეგი ქელბაქიანის დაკავებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმართვით გამოეხმაურა. მიმართვის ადრესატი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია:

„ გუშინ კერძო კომპანია „ნსს“-ს მფლობელი გეგა ქელბაქიანი დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისის წყლის ხელმძღვანელი იყო. გეგი მერიაში გავიცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია. სწორედ ამიტომ, მან სახელმწიფო კომპანიაში მუშაობას, კერძო ბიზნესი ამჯობინა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზარდა.

ახალი ხელისუფლებისათვის ქცეული ტრადიციის შესაბამისად, გეგი ქელბაქიანი ჯერ დააკევეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეკრება თუ შექმნა.

ოფიციალურად ქელბაქიანს ფულის გათეთრება ედება ბრალად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფულის გათეთრება გულისხმობს შემდეგს:

მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება)

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. რეალურად კი ბატონ ქელბაქიანს ქვეკონტრაქტორი მუშებისაგან ფულს "ატკატის" სახით აღებას ედავებიან - რაც ფულის გაშავებაა და არა გათეთრება.

აღმკვეთი ღონისძიებების გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც გამოძიებისას დაშვებული სხვა დარღვევები, სამწუხაროდ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან.

ცხადია, არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და არც ერთი კანონდამრღვევი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მაგრამ იმისათვის, რომ გაქარწყლდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ეჭვები, აუცილებელია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს გამჭირვალედ და სამართლიანად, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის ყველა უფლება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ კომპანია „ნსს“, რომლის დირექტორიც გახლავთ ბატონი ქელბაქიანი რიყის თეატრის მშენებლობაში მონაწილეობს. თეატრის პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასია. მისი ჩანაფიქრით ორი დახრილი ღვინის დოქი საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნას, ხოლო თბილისს, როგორც სტუმართმოყვარე ქალაქს განასახიერებს. თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი თეატრს, მისკენ მიმართულ ზარბაზნის ლულად აღიქვამს და მისი დანგრევით იმუქრება. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გემოვნების გამო მოქალაქეებს აკავებენ.

ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გეგი ქელბაქიანის კომპანია თეატრს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ასრულებს. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად, ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება.

მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით.“

კომენტარი