სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დამბანე ფეხები, ლამაზო! ისინი დაიღალნენ!“ ანუ პატრიარქის ქადაგების ექო Facebook-ზე

„სკირონი, საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, გამვლელ-გამომვლელთ
ძარცვავდა; ზოგიერთის სიტყვით კი, უცხოელებს უტიფრად გაუშვერდა ხოლმე ფეხებს და, დამბანეთო, უბრძანებდა. იმ დროს, როცა უცხოელნი სკირონის ფეხების ბანას შეუდგებოდნენ, ქუსლს ჰკრავდა და შეუბრალებლად ზღვაში ჰყრიდა მათ.“ - გურამ დოჩანაშვილი, „მხოლოდ ერთი კაცი“.

დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მენელსაცხებლე დედების დღე აღნიშნა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ამ დღის მნიშვნელობასთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოჯახის დედის, მეუღლის, ზოგადად, ქალის დანიშნულებაზეც ისაუბრა, თუმცა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებლებს შორის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქის ქადაგების პათოსი დიდი კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს. ცოლის მოვალეობასა და როლზე უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
"ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი, რომ ცოლი და ქმარი თანასწორუფლებიანია. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი არის ქმარი. ოჯახი ესაა ერთი სხეული და არ შეიძლება ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა და ცოლი სწირავს თავს ოჯახს, ზრდის თავის შვილებს, ზრდის სარწმუნოებრივად", - აღნიშნა უწმინდესმა.
ილია მეორემ მრევლ ქალებს მოუწოდა, "დაფიქრდნენ თავიანთ მოვალეობაზე".
"ადამიანის ბედნიერება უპირველესად ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემაა. მაგალითად, როცა ქმარი მოდის სამსახურიდან, შენ უნდა შესთავაზო დასვენება, უნდა შესთავაზო ფეხების დაბანა, შესთავაზო საჭმელი, სითბო უნდა აჩვენო შენს ქმარს. მინდა კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს მოვალეობაზე“, - მოჰყავს პატრიარქის სიტყვები „ინტერპრესნიუსს.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ქართველმა მომხმარებლებმა „ფეისბუქზე“ პატრიარქის განცხადების პათოსის განხილვა დაიწყეს. უმრავლესობამ მას „დისკრიმინაციული“ უწოდა, ნაწილმა კი შეაფასა, როგორც ნების შეზღუდვა და პირად ცხოვრებაში ჩარევა.

აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პატრიარქის განცხადებას „ქრისტიანულ დოგმატიკაზე დაფუძნებული“ განმარტება უწოდა, ნაწილმა კი იმის მტკიცება სცადა, რომ პატრიარქმა ფეხების დაბანა, უბრალოდ, მაგალითად მოიშველია და პირდაპირი მნიშვნელობით არ უგულისხმია ამ რიტუალის შესრულება. როგორც ყოველთვის, ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც პატრიარქის სიტყვები სავვალდებულოდ შესასრულებელ ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარეს: „მე ახლა საქართველოში არ ვარ, მაგრამ ვოცნებობ იმ დღეზე, როცა დავბრუნდები და ჩემი პატრიარქის მითითების შესრულებას შევძლებ“, - დაწერა ერთმა ქალმა ქადაგების განხილვისას და მაშინვე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

„ფეხების დაბანა ყველას შეუძლია თვითონ. თუ არ შეუძლია, პრობლემა არ არის, დავბან, მაგრამ არა ვინმეს რჩევით ან იძულებით“;

„იმ შემთხვევაში როგორ ხდება, როცა ცოლი მუშაობს, ქმარი სახლშია და შინ დაღლილი სწორედ ცოლი ბრუნდება? თანაც, ყოველდღე ქმარს ერთი კოლოფი სიგარეტი უნდა მოუტანოს?“;

„პატრიარქი კარგად უნდა უკვირდებოდეს, სანამ რამეს იტყვის, რადგან მის სიტყვას ბევრი უსმენს და ბრმად ასრულებს. ხომ შეიძლება, ამ სიტყვებმა უსაქმური ქმრები კიდევ უფრო გაათამამოს?“ - ასეთი სტატუსები და კომენტარები ქვეყნდება სოციალურ ქსელში და, როგორც ჩანს, ეს თემა ორშაბათსაც აქტუალური იქნება.

გვხვდება შედარებით ნეიტრალური კომენტარებიც. მაგალითად, ასეთი:

„ჩემი აზრით, ასეთი თვალსაჩინოების მოხმობა მაინცდამაინც აუცილებელი არ იყო. ახლა მეტყვიან, პატრიარქს როგორ უსწორებო - კი არ ვუსწორებ, ჩემს აზრს ვამბობ. გამოდის, რომელიმე ხისთავიანმა ქმარმა სახლში მოსვლის შემდეგ ცოლს რომ ფეხები მიუშვიროს და დამბანეო, უთხრას, იმან კი არ დაბანოს, ეს ქმრისადმი დაუმორჩილებლობაა. პატრიარქის სიტყვას უამრავი ადამიანი უსმენს. საკმარისია სიყვარულზე და ურთიერთგაგებაზე იქადაგო, აღნიშნო, რომ ორივეს ურთიერთობა სიყვარულით უნდა იყოს განპირობებული. სადაც სიყვარულია, იქ ცოლმა მშვენივრად იცის, როგორ გამოიჩინოს მზრუნველობა დაღლი, შინ დაბრუნებული ქმრის მიმართ და ქმარსაც ის დაღლა სწორედ საყვარელ ცოლთან დაბრუნებისას ავიწყდება... დეტალები კი ინდივიდუალურია. დეტალებზე საუბარი ქადაგებაში, იმაზე მინიშნებით, რომ ერთი მეორის მორჩილი უნდა იყოს, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად...“

რა თქმა უნდა, არის რადიკალური და ცინიკური სტატუსები და კომენტარებიც:

„ვა, ეს ჩემი ფრენდი ქალები სად გაიკრიფა ყველა, დავიჯერო, წყალს აცხელებენ, ქმრებს რომ მზად დახვდნენ?“, - ენაკვიმატობს ერთი.

„ამ „შავებს“ რას ვერჩოდით? სწორი მიდგომები ჰქონიათ, ტატუს შინაარსიდან გამომდინარე. ერთ ფეხზე: „დამბანე ფეხები, ლამაზო!“ და მეორეზე: „ისინი დაიღალნენ!“, - წარსულ დროს იხსენებს მეორე.

ყველაზე შორს კი, ალბათ, ის იუზერი წავიდა, რომელმაც საბჭოთა ეპოქის პირველ წლებში გამოცემული ბროშურა გაიხსენა და ციტატა მოიყვანა:

‎"გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ – დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ”. - ბროშურა "რევოლუცია და ახალგაზრდობა", თავი "რჩევები ახალგაზრდა ცოლებს", გვ. 79, 1924 წლის გამოცემა.“

ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი პატრიარქის ქადაგების ნაწილი იმისთვის გამოიყენა, რომ უწმინდესის ინიციატივებზე მსწრაფლ გამოხმაურების მოყვარული „ქრისტიან-დემოკრატებისთვის“ „წაეკბინა“. ამ მიმოხილვის დასასრულს სწორედ მის, საკმაოდ ვრცელ კომენტარს გთავაზობთ უცვლელად, რომელიც გამოჩენისთანავე უამრავმა მომხმარებელმა მოიწონა და გაიზიარა:

„ქრისტიან-დემოკრატები უკვე მუშაობენ ახალ კანონპროექტზე. მისი პროექტის პროექტი უკვე გამოქვეყნდა:
1) ქალი ვადლებულია სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს თაყვანი სცეს. ამ ქმედების შეუძლებლობის შემთხვევაში დაიშვება თავის მდაბლად დაკვრაც.
2) ქალი ვალდებულია მდაბლად მიაწოდოს მეუღლეს ტელევიზორის პულტი. ამის შემდეგ მეუღლეს სურვილისამებრ შეუძლია მიუჯდეს ქალის გაშლილ სუფრას ან უყუროს ბარსა-რეალს. ამ უკანასკნელის დროს ქალს ეკრძალება ხმის ამოღება.
3) ქალს ეკრძალება შეკამათება, მეუღლის აზრის აბუჩად აგდება, თავისი შეხედულებებით რამის განკარგვა და შიშველი ბანაობა.
4) ქალმა სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს უნდა დაბანოს ფეხები და ემსახუროს, სანამ ქმარს სიამოვნებისგან, ხოლო ქალს დაღლილობისგან არ ჩაეძინება.
5) ) როცა ქმარი კარგ ხასიათზეა, ქალს აქვს უფლება შეახტეს (მუხლებზე), იყეფოს და კუდი აქიცინოს;
6) ქალი უნდა იყოს გაპარსული (სახეზე მაინც);
7) როცა ქმარი უყურებს ტელევიზორს, ქალი ვალდებულია მიაწოდოს ლუდი და მიწის თხილი;
8) ვალდებულებათა შეურულებლობისათვის ქალი შეიძლება დაისაჯოს საჯაროდ 80 ადმინისტრაციული შოლტით, ან პირობითი დამატებითი ხაჭაპურის გამოცხობით ცომში ამოგანგვლის და ხელების დაკაპიწების სანაცვლოდ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ სატანისტმა უმრავლესობამ ეს კანონპროექტი არ დაბლოკა, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ირანისკენ, რაც საბოლოო ჯამში დაგვაახლოებს ამერიკასთან, რადგან გეოგრაფიული თვალსაზრისით, ამერიკისკენ უმოკლესი გზა ირანზე გადის - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. ახალი კანონპორექტისთვის მხარის დაჭერას აპირებს ბიძინა ივანიშვილიც და აცხადებს, რომ საკუთარი მეუღლე ყოველდღე ბანდა ფეხებს და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი დღით მისცა ბუშტებით თამაშის უფლება.

ეს არგუმენტი გაამყარეს მისმა თანამებრძოლებმა, რომლებიც მათი განცხადებით იქვე იმყოფებოდნენ და შეუძლიათ ამისი დადასტურება. "მე ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე და შემიძლია დადასტურება, რომ ბიძინაჩვენმა ნამდვილად ერთი დღით აგრძნობინა თანასწორუფლებიანად თავი მეუღლეს - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა. ჟურნალისტის კითვაზე, თუ თქვენც იმყოფებოდით იქ კადრში რატომ არ ჩანხართო, გაოცებულმა უპასუხა, ის ყვითელი ბუშტი სწორედ მე ვიყავიო. საქართველოს პარლამენტი მწვავე დებატების მოლოდინშია, კაკო ბობოხიძემ კი ვარჯიშის ახალი წესი შეიმუშავა.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100