ვულკან ბოგრეშელი: „აგამემნონის ქორწილი ბიძინამ დააფინანსა...“ - პოეტმა აგენტობა „აღიარა“ (ვიდეო)

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში აზიარებენ ვულკან ბოგრეშელის კიდევ ერთ ვიდეოლექსს, რომელიც მსახიობმა ზურა პირველმა 6 აპრილს ჩაწერა. ერთერთ საიტზე, სადაც ინტერნეტში უკვე ძალიან ცნობილი მგოსანი ვულკან ბოგრეშელის ვიდეოლექსია ატვირთული, ანონიმმა ავტორმა ნიკნეიმით - ”კუ” - დატოვა კომენტარი, რომლითაც აგრესიულად დაადანაშაულა მსახიობი ზურა პირველი რუსეთის აგენტობაში. ”კუს” ამის „არგუმენტად“ ვულკან ბოგრეშელის ლექსები მოჰყავს და წერს, რომ „ზურა პირველს ქართული პოეზიის დასამარება აქვს რუსეთისგან დავალებული“.

„მენახირეებო! ესეთი ვაი პოეტები წყალს ასხავენ რუსეთის იმპერიის წისქვილზე. იბერიაში ამ "პოეტების" ადგილი არ არის. ცეცხლზე უნდა დაიწვას ზურა პირველი, როგორც რუსეთის დაქირავებული აგენტი, რომელსაც დავალებული აქვს ქართული პოეზიის დასამარება.” - პოსტავს ანონიმი ინტერნეტმომხმარებელი.

თავად მსახიობი ზურა პირველი ამას ძველებურად - ლექსით შეხვდა და ირონიით მიმართა ანონიმ მოწინააღმდეგეს. მან ”აღიარა” რუსეთის აგენტობა. შემდეგ კი, ”კუ”-ს ჰკითხრა - როგორ უნდა დაასამაროს ქართული პოეზია და ”ვინ მოერევა შოთას და ტატოს, ვაჟას და გალაქტიონს”.

”სხვა გზა არა მაქვს, უნდა ვთქვა, რომ ამერია მე ტვინი,

ყოველ საღამოს ერთად ვართ, მე, ბიძინა და პუტინი.

ისე მივლიან ორივე, არ მაკარებენ ნიავსა

აგამემნონის [ვულკანის და მერის ძაღლი-პერსონაჟი] ქორწილი, ბიძინამ დააფინანსა”.

ბოგრეშელის ლექსის მიხედვით, მისმა მეუღლემ მერიკომ პუტინს ცოცხიც კი ურტყა, რადგან ლამბადას - ძაღლ-პატარძალს ფატის დადგმა შესთავაზა.

”პუტინმა თავის თავზე აიღო, ლამბადას კაბის შეკერვა,

ამტკიცებს რომ ჭრა-კერვაში ყველაზე კარგად ერკვევა.

თავზე ფატასაც დაგადგამ, ლამბადას ასე უთხრა,

”ძაღლი ფატაში სად ნახე”? - მერიმ სულ ცოცხი ურტყა”.

სოციალური ქსელებში გავრცელებული ვიდეოს კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა თანაუგრძნობს ვულკან ბოგრეშელს და არასერიოზულად მიიჩნევს ანონიმი ”კუ”-ს ბრალდებას.

ცნობისთვის, მგოსანი ვულკან ბოგრეშელი სოციალურ ქსელებში თებერვლის ბოლოს გამოჩნდა და პირველივე დღეებში პოპულარული გახდა. ზურა პირველი პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს უკვე მე-7 წელია - თამაშობს სპექტაკლებს, ასწავლის სტუდენტებს მსახიობის ხელოვნებას. ასევე, დააარსა საკუთარი - "არამსახიობთა თეატრი", რომლის კასტინგებიც ორიოდ კვირაში იწყება.

როგორც თავად ამბობს, ვულკან ბოგრეშელის შექმნის მიზანი არ ჰქონია და დასვენების დღეებში მხოლოდ გაერთო. თუმცა, ეს გართობა ხალხმა აიტაცა და ბევრი დადებითი გამოხმაურებაც ხვდა წილად.

წყარო

კომენტარი