ირაკლი ალასანიამ ორშაბათისთვის დაანონსებული ბრიფინგი გადადო

ირაკლი ალასანია მისი განცხადების მიმართ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს თავად უპასუხებს, - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ესმის ჟურნალისტების და საზოგადოების ინტერესი ამ თემისადმი, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხს თავად ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგზე გასცემს.

"ეს ბრიფინგი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება და ირაკლი ალასანია ყველა კითხვას თავად უპასუხებს. მხოლოდ ეს არის, რაც მე პირადად ამ თემაზე შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რამდენიმე დღის წინ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს აყალიბებს.

"სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება", - მიმართა ალასანიამ დიპლომატებს.
ალასანიას განცხადებას 17 მარტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები სამეგრელოს ჰომსის სცენარით დაემუქრნენ.

"მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992", - განაცხადა პრეზიდენტმა

კომენტარი