ეუთო და ევროსაბჭო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ

ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს არასამართლიანს უწოდებენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება.

ამასთან, ეუთო-ს დამკვირვებლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების არარსებობაზე საუბრობენ.

როგორც დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო კამპანიას ყველა კანდიდატი წინააღმდეგობების გარეშე აწარმოებდა, თუმცა, მათთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოფილი არ იყო.

"პირობები მუშაობდა მხოლოდ ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ, კერძოდ ეს არის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი",- ნათქვამია დამკვირვებლების განცხადებაში.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა შეინიშნებოდა.

ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი კი, ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების დეტალურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"კანდიდატებმა თანაბარ პირობებში მოქმედება ვერ შეძლეს. ხელისუფლებამ გაწია გარკვეული ძალისხმევა ტრანსფარენტულობის ამაღლების კუთხით, თუმცა მთლიანობაში საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობა შენარჩუნდა. პირველი სწორი ნაბიჯი ამ შემთხვევაში დარღვევების შესახებ გაკეთებული ყველა განცხადების დეტალურად შესწავლა იქნებოდა", - აღნიშნა ტალიავინმა.

ამასთან, "რია ნოვოსტი" ამერიკელი დამკვირვებლის, კლაიდ პრესტონის კომენტარს ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა და ხმების დათვლა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებისა და ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. "ეს იყო ღია და თავისუფალი არჩევნები", - აცხადებს კლაიდ პრესტონი.

რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს უწოდებენ ჩატარებულ არჩევნებს დსთ-ს ქვეყნების დამკვირვებლებიც. მათი შეფასებით, არჩევნები კონკურენტული და გამჭვირვალე იყო.

კომენტარი