„კავკაზ 2012“: არჩევნების პარალელურად ჩვენს საზღვართან რუსული ვერტმფრენებიც იფრენენ...

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების პირველი ვერტმფრენთა პოლკი ნოვოროსიისკში განთავსდება, ასეთი პოლკების შემქნა კი გენერალურ შტაბთან შეთანხმებით, მომავალშიც გაგრძელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-სადესანტო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ შამანოვზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს.

როგორც რუსი სამხედროები აცხადებენ, მსგავს ღონისძიებას რუსეთი „სამხრეთ საზღვრებთან არსებული საფრთხეების გათვალიწინებით“ მიმართავს.

„ამ ღონისძიებებს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ჩავატარებთ, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიისთვის. ნოვოროსიისკში ამისთვის ყველანაირი პირობაა: განვითარებულია აეროდრომების ქსელი, შესაძლებელია უშუალოდ საბრძოლო მოქმედებასთან მიახლოებული სწავლებების ჩატარება“, - დაამატა შამანოვმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია ხშირად რთულდება, ასევე იძაბება ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის, პრობლემები გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ამიტომაც, სწორედ ამ რეგიონშია მიზანშეწონილი ვერტმფრენების გამოყენება“, - დაამატა რუსმა გენერალმა.

შამანოვმა არ გამორიცხა, ვერტმფრენთა პოლკი ჩაერთოს „კავკაზ 2012“-ის სწავლებებში, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი.

კომენტარი