სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით გამყრელიძე: კოალიცია „ქართული ოცნება“ „ალიანსივით“ დაასრულებს...

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, დავით გამყრელიძის შეფასებით, კოალიცია "ქართული ოცნება" საკმაოდ ეკლეკტურია და განწირულია ისეთი დასასრულისთვის , როგორც ეს მოხდა გაერთიანებული ოპოზიციისა და "ალიანსი საქართველოსთვის" შემთხვევაში.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს იტვ-ის მედიაკლუბში ჟურნალისტების შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს კოალიციებს და ალიანსებს პარტიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

"ასეთი გაერთიანებები მოკლებულია რაიმე მსოფლმხედველობრივ ერთობას და სწორედ ეს არის დღესდღეობით ივანიშვილის კოალიციის პრობლემაც. ამიტომ ახალი "მემარჯვენეები" არანაირ კოალიციასა და ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერისთვის კოალიციის არსებობა მისაღებია არჩევნების შემდეგ. მისივე განმარტებით, ეს კოალიცია მიზნად უნდა ისახავდეს მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით რიგ თანამშრომლობას და ისინი მზად არიან მსგავსი ტიპის კოალიციისთვის მხოლოდ არჩევნების შემდეგ.

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნებაში” გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი";

”კონსერვატორებიდან” და ”ხალხის პარტიიდან” კოალიციაში შედიან ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.

კოალიციის პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო ”რედისონში” გამართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100