გიორგი ბარამიძე: აპატურაის განცხადება ნატო-ს გადაწყვეტილების გამეორებაა

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გადაწყვეტილი საკითხია.

მისი თქმით, ნატო-მ თავის სამიტებზე ამის შესახებ განცხადება ოთხჯერ გააკეთა და აპატურაის დღევანდელი სიტყვები უბრალოდ მიღებული გადაწყვეტილების გამეორებაა.

“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე ამ გადაწყვეტილებას გაესვას ხაზი. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არა მხოლოდ გადაწყვეტილებაა მიღებული, არამედ ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი ყოველწლიურად ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ის რეფორმები, რომელიც საქართველომ განახორციელა, ასახულია ნატო-ს გადაწყვეტილებებსა და კომუნიკეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტისას, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უფრო ახლო არის ნატო-სთან ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძის განცხადებით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ხოლო ინტეგრაციის საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

“100 %-ით დარწმუნებული ვარ ჩიკაგოს სამიტზეც იგივე განმეორდება, თუმცა ჩვენ მოველით ამ პროცესის დაჩქარებას და კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას”,- აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაიმ სომხეთის საზოგადოებრივ არხთან ინტერვიუსას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში უკვე გადაწყვეტილი საკითხია".

კომენტარი