უნალექო დღის შემდეგ თბილისში ისევ თოვს. სინოპტიკოსები ძლიერ ქარსაც პროგნოზირებენ

უნალექო დღის შემდეგ თბილიში ისევ თოვა დაიწყო. ჰაერის ტემპერატურა დაეცა და იგი ამ დროისთვის (00:40) – 6 გრადუსია ცელსიუსით. თოვა დაახლოებით ღამის 12 საათზე დაიწყო. თოვლის საფარის სიმაღლე ამ დროისთვის 16 სმ-ია, თუ თოვა გაგრძელდა, სავარაუდოდ, დილისთვის თოვლის საფარი 18-20 სმ-ს მიაღწევს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები: ტექნიკური მარილის დაყრა დედაქალაქის ძნელადმისადგომ უბნებში დილის 04.00 საათიდან დაიწყება.

თბილისის გარდა, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა რეგიონში მოდის თოვლი. ჰაერის მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მჭიდროდ დასახლებულ ქართლის დაბლობში - 9 გრადუსს აღწევს.

უახლოესი დღეების პროგნოზი არცთუ დამამშვიდებელია: სინოპტიკოსთა ვარაუდით, თოვა თბილისში ხვალაც გაგრძელდება და ყინვებიც შენარჩუნდება. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მკვეთრი დაცემა როგორც თბილისში, ასევე ქართლის დაბლობში. შესაძლებელია ყინვა -15 გრადუსამდეც დაეცეს. 10 თებერვლიდან თოვა, სავარაუდოდ, შეწყდება, თუმცა, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა - თოვის გარდა, დედაქალაქში უახლოეს დღეებში ზლიერ ქარს ელოდებიან.

დედაქალაქის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებელი შემთხვევის გარდა, სახლიდან გამოსვლისგან ტავი შეიკავონ. ამის მიუხედავად, მხოლოდ 8 თებერვალს კლინიკებს სხვადასხვა სახის ტრავმული ჩივილებით თბილისში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. მათი უმრავლესობა დაცემის შედეგად ზედა კიდურების დაზიანებას უჩივის, არის მოტეხილობის შემთხვევებიც.

კომენტარი