სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რადიო „ათინათმა“ დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში მაუწყებლობა აღადგინა

რადიო „ათინათმა“ დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში მაუწყებლობა აღადგინა
ოთხდღიანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა „ათინათმა“ (FM 105’9) დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში მაუწყებლობა აღადგინა. ანძაზე ტექნიკური სამუშაოები დასრულდა, რადიო კვლავ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. „ათინათის“ მოსმენა ხარვეზების გარეშე უკვე შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტალღაზე FM 105’9.

როგორც რადიოს მთავარი პროდიუსერი გურამ როგავა ამბობს, მარტიდან რადიო ახალ სეზონს ახალი პროექტებით დაიწყებს, აღდგება თოქ-შოუები და ასევე, რადიოს დაემატება საინფორმაციო სააგენტო. ამჟამად რადიოში მიმდინარეობს კონკურსი ახალი კადრების შესარჩევად. ამავე დროს, ანძაზე ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული, უკვე ჩატარებული ღონისძიებები, უმეტესწილად, დროებითია და სრულფასოვანი სამუშაოების ჩასატარებლად დამატებითი თანხაა საჭირო.

შეგახსენებთ, „ათინათის“ ანძა, რომელიც ურთას მთაზე მდებარეობს, 25 იანვარს, დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. მოპარულია სარელეო კაბელი, რომელიც საქართველოში დეფიციტურია. ანძის ძარცვამ მაუწყებლობის ხანგრძლივი დროით შეწყვეტა გამოიწვია. ბოლო დღეების განმავლობაში რადიო მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში იჭერდა და ინტერნეტში მაუწყებლობდა. მომხდართან დაკავშირებით „ათინათმა“ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ მიმართა, დაწყებულია გამოძიება.

„ათინათის“ ანძის ძარცვასთან დაკავშირებით ასოციაცია „მედია და საზოგადოებამ“ განცხადება გაავრცელა და მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებსა, მედია ორგანიზაციებს, რომ დაინტერესდნენ მომხდარით.

ინფორმაციისთვის, რადიოს ანძა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოშიც გაძარცვეს. მაშინ რუსმა სამხედროებმა რადიოს ძვირადღირებული ტექნიკა დააზიანეს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „ათინათს“ თანამედროვე, მძლავრი აპარატურა გადასცა, რისი წყალობითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის აღდგენა კვლავ შესაძლებელი გახდა.

რადიო „ათინათი“ ერთადერთი ქართული მაუწყებელია, რომელიც სრულად ფარავს აფხაზეთის ტერიტორიას. რადიოს მთავარი მისიაა აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის გაღრმავება. ამ მიზნით „ათინათმა“ არაერთი ქართულ-აფხაზური პროექტი შეიმუშავა. ერთერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა თოქ-შოუ „მოდით, ვისაუბროთ“, რომელიც ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსებისა“ და ევროკომისიის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

თოქ-შოუმ შეძლო დაემყარებინა მუდმივი დიალოგი აფხაზებთან, მზადდებოდა რეპორტაჟები, ინტერვიუები აფხაზეთიდან. მსგავსი პროექტის განხორციელება მომავალშიც იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100