სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კურიერის" ექსკლუზივი - აღიარება შატალოვას მკვლელობის საქმეში - ვის ადებს ხელს ბრალდებული, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს

ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის საქმეში ბრალდებულის აღიარება კურიერმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

ბრალდებულ ბიძინა ხასიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ჩანაწერში ხასია დანაშაულს აღიარებს და ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ხელს მის მეგობარს, ბექა ლატარიას ადებს.

დაკითხვის დროს ბიძინა ხასია ადასტურებს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია დანაშაულის ადგილიდან საკუთარი ავტომობილით წაიყვანა. ხასიას ჩვენებიდან ვიგებთ იმასაც, რომ ბექა ლატარია, მკვლელობის შემდეგ, ჯერჯერობით დაუდგენელ პირთან მუდმივ სატელეფონო კავშირზე იყო.

ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ლატარიას ადვოკატი ირწმუნება, რომ ბიძინა ხასიას ჩვენება რეალობას არ შეესაბამება. მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესების დამცველი ზეწოლაზე საუბრობს და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს რეაგირების მიზნით მიმართავს. აღიარებით ჩვენებას ეჭქვეშ აყენებს თავად ბიძინა ხასიას ინტერესების დამცველიც. ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი "კურიერის" მიერ მოპოვებულ ვიდეო-ჩანაწერზე ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

რას იტყვის ბიძინა ხასია სასამართლოში დაკითხვაზე და გაიმეორებს თუ არა ის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, ეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გაირკვევა. მანამდე კი, მკვლელობის დამკვეთის გამოსავლენად, გამოძიება ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

რუსეთის მოქალაქე 25 წლის ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 18 ოქტომბერს მოკლეს. განზრახ მკვლელობის, ასევე იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ბექა ლატარია. დანაშაულის დაფარვას ედავებიან მის მეგობარ ბიძინა ხასიას და კიდევ ერთ პირს, ვის სახლშიც ბრალდებული მკვლელობის შემდეგ იმალებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100