სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს საქმე მართლაც უცნაურია, კაცი ზურგიდან დაჭრეს და თვითონვე დაიჭირეს" - ცოლს, რომელმაც ქმარი დაჭრა და ოჯახური ძალადობისათვის უჩივლა, თავადაც ბრალი წაუყენეს

გამოძიება ბრალდებულს, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში უკვე ჩატარდა.

ქალის ადვოკატის, უშანგი გელიაშვილის განმარტებით, მას სასამართლოსგან პირობითი მსჯავრის მოლოდინი აქვს.

„ძნელი სათქმელია, რას იტყვის სასამართლო, მაგრამ მე, როგორც ადვოკატს, პირობითი მსჯავრის მოლოდინი მაქვს. ქალბატონის მეუღლე, ამჟამად, დაპატიმრებულია.ცოლ- ქმარს ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასამართლო ბავშვის ინტერესებს გაითვალისწინებს. მით უფრო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია“,- განაცხადა გელიაშვილმა.

მესამე თვეა, პატიმრობაში იმყოფება ქალის მეუღლეც, რომელსაც მან ოჯახური ძალადობისათვის უჩივლა. მამაკაცის ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.

„ეს საქმე მართლაც უცნაურია, კაცი ზურგიდან დაჭრეს და თვითონვე დაიჭირეს. ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას. მეუღლისთვის ბრალის წაყენება ლოგიკური იყო, რადგან ის თავს კი არ იცავდა, ზურგიდან ესხმოდა თავს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“,- განაცხადა ჩაველაშვილმა.

მამაკაცის მიმართ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

მცირეწლოვანი გოგონა, რომელიც ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, 6 წლის იყო, ამჟამად დედასთან იმყოფება. შეგახსენებთ, შემთხვევა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, 1 ივნისს მოხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100